ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი ვაქცინის მესამე დოზის დამტკიცებას დღეს განიხილავს


შესუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის შეერთებული შტატების სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) კოვიდ-19-ის ვაქცინის მესამე დოზის ადმინისტრირების რეკომენდაცია გასცა. საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი მიიღებს. სპეციალისტები დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.

ახალი რეგულაცია ეხება "ფაიზერ-ბიონტექის" და "მოდერნას" კოვიდ-19-ის ვაქცინებს. ორივე კომპანიაში თვლიან, რომ ვაქცინით ადამიანის ორგანიზმისთვის მინიჭებული იმუნიტეტი დროთა განმავლობაში სუსტდება.

FDA დამატებითი დოზის, ე.წ. ბუსტერის ადმინისტრირების რეკომენდაციას ჯერჯერობით მხოლოდ რისკ-ჯგუფებში მყოფი ამერიკელებისთვის იძლევა. საუბარია იმუნოკომპრომეტირებულ ადამიანებზე, რომელთაც შესაძლოა ვაქცინით კოვიდ-19-ისგან დაცვის გაძლიერება ესაჭირდებოდეთ. შესუსტებული იმუნიტეტი მილიონობით ადამიანს აქვს ქრონიკული დაავადებების, ორგანოების ტრანსპლანტაციის, ან მკურნალობის მეთოდების გამო.

ისრაელმა უკვე დაიწყო ვაქცინის მესამე დოზის ადმინისტრირება. კორონავირუსის დელტა ვარიანტის სწრაფი გავრცელების ფონზე, მსგავსი გადაწყვეტილება ამა თუ იმ სახით ასევე მიიღო გერმანიამ, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა.

ამერიკელ მეცნიერებში ჯერ კიდევ არ არსებობს კონსენსუსი მესამე დოზის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ამასთან, ვაქცინების მსოფლიოში არათანაბარი გადანაწილების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასულ კვირაში განვითარებულ სახელმწიფოებს მორატორიუმისკენ მოუწოდა, რათა მათ ჯერ არ დაეწყოთ კოვიდ-19-ის ვაქცინის მესამე დოზის ადმინისტრირება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG