ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ვაქცინის მესამე დოზის მიცემას განიხილავს - ექიმი ფაუჩი


ექიმი ენტონი ფაუჩი - თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი მედიცინის საკითხებში

ვაშინგტონი განიხილავს რეგულაციას, რომელიც სავარაუდოდ, რისკ-ჯგუფებში მყოფი ამერიკელებისთვის კოვიდ-19-ის ვაქცინის დამატებითი დოზის ადმინისტრაციას დაუშვებს. საუბარია იმუნოკომპრომეტირებულ ადამიანებზე, რომელთაც შესაძლოა, ვაქცინით დაცვის გაძლიერება რაც შეიძლება სწრაფად ესაჭირდებოდეთ. დელტა ვარიანტის გავრცელების ფონზე, მათთვის შექმნილი რისკები ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია.

აღნიშნული განცხადება ამერიკის წამყვანმა ინფექციონისტმა, ექიმმა ენტონი ფაუჩიმ ხუთშაბათს გააკეთა. ის თეთრი სახლის უფროსი მრჩეველია მედიცინის საკითხებში და რამდენიმე ათწლეულია შეერთებული შტატების ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნულ ინსტიტუტს ხელმძღვანელობს.

საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ამერიკა რიგით მეოთხე ქვეყანა გახდება, რომელიც კოვიდ-19-ის ვაქცინის მესამე დოზას, ე.წ. ბუსტერს დაამტკიცებს. ისრაელმა მესამე დოზის ადმინისტრირება უკვე დაიწყო. გადაწყვეტილება ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის ჯანდაცვამაც მიიღო.

ამას გარდა, შეერთებულ შტატებში განიხილავენ ამერიკული კომპანია "ფაიზერის" განაცხადს. ის გერმანულ "ბიონტექთან" ერთად შემუშავებული კოვიდ-19-ის ვაქცინის სრულ დამტკიცებას ითხოვს. აქამდე "ფაიზერის" ვაქცინას პანდემიის პირობებში მხოლოდ საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია ჰქონდა. ამ გადაწყვეტილებას სექტემბრის დასაწყისისთვის ელიან.

ამერიკაში დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, ინფიცირების მონაცემები სტაბილურად იზრდება. ახლადინფიცირების და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების ნახევარი 50-შტატიან ქვეყანაში სულ 7 შტატზე მოდის, სადაც ვაქცინაციის მონაცემები ყველაზე დაბალია.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა ფლორიდის, ტეხასის, არკანზასის, ლუიზიანის, ალაბამის და მისისიპის შტატებში - ამბობს თეთრი სახლის კოვიდ-19-ზე რეაგირების გუნდის კოორდინატორი ჯეფ ზიენტსი. მისი თქმით, აქედან მარტო ორ შტატზე მოდის მთელ ქვეყანაში აღრიცხული ახალი ინფექციის მესამედი და ჰოსპიტალიზაციის კიდევ უფრო მეტი წილი.

წინა კვირასთან შედარებით, ინფიცირების საშუალო დღიური მაჩვენებელი 43%-ით გაიზარდა. სიკვდილობის მაჩვენებელი კი 39%-ით. ამერიკაში პანდემიის დინამიკას ყველაზე ზუსტად კვირის მონაცემები ასახავს, ვინაიდან ზოგიერთი შტატი ანგარიშს მხოლოდ კვირაში ერთხელ, ან ორჯერ აქვეყნებს.

ვაშინგტონი ჯერჯერობით ძალაში ტოვებს ქვეყანაში უცხოელთა შემოსვლის შეზღუდვებს. თუმცა, საერთაშორისო მოგზაურობის გახსნის ერთ-ერთ წინაპირობად, თეთრი სახლი კოვიდ-19-ზე ვაქცინაციის მოთხოვნას განიხილავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG