ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი მესამე დოზით აცრას იწყებს, ისრაელმა ეს უკვე დაიწყო


შემოდგომიდან დიდი ბრიტანეთი 32 მილიონ ბრიტანელს კოვიდ-19-ის ვაქცინის გამაძლიერებელ დოზას, ე.წ. „ბუსტერს“ შესთავაზებს.

გამოცემა „ტელეგრაფის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამაძლიერებელი ვაქცინის დამატებითი დოზის მიღება 2 000-ზე მეტ აფთიაქში იქნება შესაძლებელი. გეგმის მიხედვით, 32 მილიონი ვაქცინა დეკემბრის დასაწყისამდე უნდა გაკეთდეს.

ბრიტანეთის მთავრობამ ამ გადაწყვეტილების მისაღებად მზადება ივნისიდან დაიწყო. ივნისში, ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივმა კომიტეტმა გეგმის შემუშავების რეკომენდაცია გასცა, რომლის მიხედვით, გამაძლიერებელი დოზით სხვადასხვა ჯგუფის ადამიანები უნდა აცრილიყვნენ. მათ შორის არიან 70 წელს უფროს ასაკის ადამიანები, თავშესაფრებსა და სხვადასხვა მზრუნველობის სერვისში მომუშავე პერსონალი, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანები.

ამ დროისთვის, ბრიტანეთის მოსახლეობის სულ მცირე 90%-ს, ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა უკვე მიღებული აქვს. მაგრამ, მთავრობის მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ 18-30 წლის ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი 60%-მდე მცირდება.

ვიდრე ზამთარი დადგება და დახურულ შენობებში ადამიანები უფრო მეტი დროის გატარებას დაიწყებენ, სოციალური დაცვის დეპარტამენტმა, ახალგაზრდებში ვაქცინაციის წახალისებისთვის სტრატეგია შეიმუშავა. დეპარტამენტი აცხადებს, რომ ვაქცინირებული ახალგაზრდები კერძების გამოძახების სერვისით, რესტორნებში, სხვადასხვა აქტივობებში ფასდაკლებებით ისარგებლებენ.

„ვაქცინები არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენს საყვარელ ადამიანებს, თქვენ ირგვლივ მყოფ ხალხსაც იცავს“ - აცხადებს ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი, საჯიდ ჯავიდი.

მოსახლეობისთვის „ბუსტერის“ გამაძლიერებელი დოზის მიწოდება უკვე დაიწყო ისრაელმა. ისრაელი ვაქცინის მესამე დოზას 60 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობას სთავაზობს. „ფაზიერ-ბიონტექის“ ვაქცინის მესამე დოზა ხელმისაწვდომია ამ ასაკობრივი ჯგუფის ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც მეორე დოზა ხუთ თვეზე მეტი ხნის გაკეთებული აქვს.

გადაწყვეტილების შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა გასული სამშაბათს გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებით, ისრაელი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კოვიდ-19-ის ვაქცინის მესამე დოზა დაამტკიცა.

ბენეტის თქმით, ექსპერტთა გუნდი შეთანხმდა, რომ მესამე დოზა აუცილებელი იყო. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ღრმა კვლევა და ანალიზი.

„ერთადერთი გზა, რითიც კოვიდის დამარცხებაა შესაძლებელი, ამის ერთად გაკეთებაა. „ერთად“ ნიშნავს ინფორმაციის, მეთოდების, ტექნოლოგიების, სამოქმედო ნაბიჯების გაზიარებას“ - აცხადებს ბენეტი და ამბობს, რომ ისრაელი გადაწყვეტილების მიღების მიზეზებს და კვლევის შედეგებს დანარჩენ მსოფლიოსაც გაუზიარებს.

ამ დრომდე, არც აშშ-ს და არც ევროკავშირს, მესამე დოზის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. მიმდინარე თვის დასაწყისში კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ არ არსებობს მესამე დოზის საჭიროების შესახებ რაიმე მტკიცებულება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG