ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორონავირუსი ლაბორატორიიდანაა გაპარული - რესპუბლიკელ კონგრესმენთა ანგარიში


მტკიცებულებათა უმეტესი ნაწილის მიხედვით, ვირუსი, რომელმაც კოვიდ-19-ის პანდემია გამოიწვია, ჩინეთის კვლევითი ლაბორატორიიდან გაიპარა. ასეთი დასკვნაა გამოტანილი ამერიკის რესპუბლიკელი კონგრესმენების ანგარიშში, რომელიც 2 აგვისტოს გამოქვეყნდა. შეერთებული შტატების დაზვერვის სააგენტოებს მსგავსი რამ ჯერ არ დაუდასტურებიათ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში (WIV) მეცნიერები კორონავირუსის მოდიფიცირებაზე და მისით ადამიანის ინფიცირებაზე მუშაობდნენ. ამგვარი მანიპულაცია შესაძლოა ფარულად მიმდინარეობდა. კვლევით ინსტიტუტს ამერიკის და ჩინეთის მთავრობები აფინანსებენ.

ანგარიში ეკუთვნის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის რესპუბლიკელ კონგრესმენებს, მაიკ მაკკოლის ხელმძღვანელობით. ისინი კოვიდ-19-ის წარმოშობასთან დაკავშირებით ორპარტიულ გამოძიებას ითხოვენ. პანდემიამ წელიწადნახევრის მანძილზე მთელ მსოფლიოში 4.4 მილიონამდე ადამიანი მოკლა.

პეკინი დღემდე უარყოფს ვუჰანის ლაბორატორიიდან გენეტიკურად მოდიფიცირებული კორონავირუსის გაპარვის და ამ ინფორმაციის საზოგადოებისთვის დამალვის ბრალდებებს. კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევები სწორედ იმ ქალაქში მდებარე ბაზრობაზე დაფიქსირდა, სადაც აღნიშნული ლაბორატორია მდებარეობს.

ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ვირუსი ბუნებრივი, ევოლუციური წარმოშობისაა და ის, ისევე როგორც მისი წინამორბედი სხვა ვირუსები, რომელთა შესწავლის მიზნითაც გაიხსნა თავის დროზე ვუჰანის ლაბორატორია, ადამიანზე ცხოველიდან გადავიდა. თუმცა, ბოლო დროს, კორონავირუსის ლაბორატორიული წარმოშობის თეორიის მომხრეთა ნაწილიც იზრდება.

"ახლა ჩვენ ვფიქრობთ, რომ დადგა დრო, საერთოდ უარყოფილ იქნას იქნას ბაზრობის [ვირუსის] წყაროდ მიჩნევა" - ამბობს ანგარიში. "ჩვენ ასევე ვთვლით, რომ მტკიცებულებათა უმეტესი ნაწილი ასაბუთებს იმას, რომ ვირუსი WIV-იდან გაიპარა და ეს სადღაც 2019 წლის სექტემბრამდე მოხდა" - წერენ რესპუბლიკელი კონგრესმენები.

ანგარიში ციტირებს ე.წ. ახალ ინფორმაციას, რომლის შესახებაც აქამდე ბოლომდე ცნობილი არ იყო. ის ლაბორატორიის უსაფრთხოების შიდაგანაწესს შეეხება. საუბარია 2019 წლის ივლისში მოთხოვნილ 1.5 მილიონ დოლარზე, სახიფათო ნარჩენების გადამუშავების სისტემისთვის, რომელიც ორ წელზე ნაკლები ვადის იყო.

2021 წლის აპრილში, შეერთებული შტატების დაზვერვის ერთ-ერთმა წამყვანმა სააგენტომ თქვა, რომ მათი მონაცემები ემთხვევა სამეცნიერო კონსენსუსს კორონავირუსის ევოლუციური წარმოშობის თაობაზე. თუმცა, მზარდი ეჭვების ფონზე, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მაისში დაზვერვის სააგენტოებს უბრძანა გამოეძიებინათ პანდემიის საწყისები და ანგარიში 90 დღის მანძილზე წარმოედგინათ. საქმეში ჩახედული წყაროები სააგენტო "როიტერს" ეუბნებიან, რომ ამერიკის დაზვერვას ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერ რაიმე დასკვნა არ გამოუტანია.

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის ერთ-ერთი სამთავრობო ლაბორატორიაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჰიპოთეზა კორონავირუსის ლაბორატორიული წარმოშობის შესახებ დასაშვებია და შემდგომ გამოძიებას მოითხოვს. თუმცა, საიდუმლო ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალური არ არის და მან მედიაში 2021 წლის 7 ივნისს გაჟონა.

ამის შესახებ სტატია პირველმა "უოლ-სტრიტ ჯორნალმა" გამოაქვეყნა. გამოცემის თანახმად, კვლევა გასული წლის მაისში მომზადდა, კალიფორნიის ლოურენს ლივმორის ეროვნულ ლაბორატორიაში. შემდეგ ანგარიში გადაეგზავნა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს. ეს ყოველივე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო თვეებში ხდებოდა.

"უოლ-სტრიტ ჯორნალის" ცნობით, ლოურენს ლივმორის ლაბორატორიის შეფასება ახალი კორონავირუსის სარს-კოვ-2 გენომის ანალიზს ეყრდნობა. თავად ეროვნული ლაბორატორია კომენტარზე უარს აცხადებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მარტში გამოცემული ანგარიშის მიხედვით, კოვიდ-19-ის გამომწვევი „ვირუსის წყარო ვერ დადგინდა“. ამასთან დაკავშირებით შეშფოთება შეერთებულმა შტატებმა 13 სხვა ქვეყანასთან ერთად გამოთქვა.

ჯანმოს გამომძიებელთა ჯგუფმა განაცხადა, რომ ვუჰანში ვიზიტის დროს მათ ქონდათ სირთულეები, როცა საქმე თავდაპირველ მონაცემებზე წვდომას შეეხებოდა. გაეროს ექსპერტთა ჯგუფს პანდემიის დაწყებიდან თვეების მანძილზე ჩინეთში არ უშვებდნენ. როცა საბოლოოდ ისინი ადგილზე ჩავიდნენ, ჯგუფი აიძულეს კიდევ რამდენიმე დღე დაეცადათ, სანამ საბოლოო თანხმობას მიიღებდნენ ვუჰანში შესვლისთვის.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG