ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ: ყველაზე მეტი ინფიცირება ბოლო 6 თვეში


შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ით ინფიცირება კვლავ იზრდება. ოთხშაბათს 100 000-ზე მეტი ინფიცირების ახალი შემთხვევა აღირიცხა, რაც ბოლო 6 თვის ყველაზე მაღალ მონაცემს წარმოადგენს. ინფიცირება ძირითადად კორონავირუსის დელტა ვარიანტის გამო მატულობს, რომელიც უფრო იმ ადგილებში ვრცელდება, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები დაბალია.

ბოლო 7 დღის მანძილზე ინფიცირების საშუალო მაჩვენებელმა 94 819 შეადგინა. ეს ხუთჯერ მეტია, ვიდრე ერთი თვის წინანდელი მონაცემი. ეპიდემიოლოგების აზრით, ამერიკაში ინფექციის ზრდის ან კლების ტენდენციის ყველაზე სწორი მაჩვენებელი სწორედ კვირის საშუალო მაჩვენებელია, ვინაიდან ზოგიერთი შტატი ანგარიშს მხოლოდ კვირაში ორჯერ ან ერთხელ წარადგენს.

დელტა ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო, ინფიცირება მომავალ კვირებში შესაძლოა გაორმაგდეს და 200 000-ს მიაღწიოს - თქვა ოთხშაბათს ექიმმა ენტონი ფაუჩიმ, რომელიც თეთრი სახლის მთავარი მრჩეველია მედიცინის მიმართულებაში. "სხვა [ვარიანტი] თუ გამოჩნდა, ასეთივე, ან კიდევ უფრო მაღალი გავრცელების ან კიდევ უფრო მწვავე, მაშინ შესაძლოა, მართლა განსაცდელში აღმოვჩნდეთ" - თქვა ფაუჩიმ. მისი თქმით, "ცდება ის ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ აუცრელობა მხოლოდ პირადად მას ეხება. ეს არასწორია. ეს ყველა დანარჩენსაც ეხება".

ვაქცინაციის მაჩვენებლები ამერიკაში შტატების მიხედვით მკვეთრად განსხვავებულია. ვერმონტში 76 პროცენტია კოვიდ-19-ზე ერთი დოზით აცრილი, მაშინ როცა მისისიპის შტატში სულ - 40%. იმუნიზაცია კვლავ რჩება პოლიტიკური მიკერძოების საკითხად, გამოკითხვები აჩვენებს, რომ რესპუბლიკელების აცრის შანსი ნაკლებია, ვიდრე დემოკრატების.

სიკვდილობა ბოლო კვირაში ამერიკაში 33%-ზე ავიდა და დღეში საშუალოდ 377 ადამიანი შეადგინა. დაავადების მწვავე შემთხვევების თითქმის 97% კი აუცრელ ადამიანებზე მოდის.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქვეყნის სამხრეთ შტატებში, სადაც ვაქცინაცია მოიკოჭლებს. "როიტერის" ანალიზის მიხედვით, ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ბოლო 7 დღის მანძილზე ფლორიდის, ტეხასის და ლუიზიანის შტატებში ფიქსირდებოდა.

50 შტატისგან შემდგარ ქვეყანაში, ინფიცირების ახალი შემთხვევების თითქმის მესამედი სულ ორ შტატზე მოდის, ესაა ფლორიდა და ტეხასი. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამ შტატების რესპუბლიკელ ლიდერებს კიდევ ერთხელ მოუწოდა დაიცვან პანდემიის თაობაზე გამოცემული ჯანდაცვის ფედერალური რეკომენდაციები. ფლორიდის და ლუიზიანის საავადმყოფოებში კოვიდ-19-ის დიაგნოზით ჰოსპიტალიზაცია ეს კვირაა რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს.

ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატებში შედარებით უკეთესი ვითარებაა. ქალაქ ნიუ-იორკში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 9 მილიონია, 60 პროცენტი უკვე ერთი დოზით მაინცაა აცრილი. თუმცა, ვაქცინაცია არათანაბარია და შედარებით ღარიბ, ან ფერადკანიანი უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში იმუნიზაციის უფრო დაბალი მაჩვენებლებია.

სექტემბრის დასაწყისში საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ "ფაიზერ-ბიონტექის" კოვიდ-19-ის ვაქცინა შესაძლოა სრულად დაამტკიცოს. აქამდე მას მხოლოდ საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია ჰქონდა მინიჭებული. სრული დამტკიცების შემთხვევაში, მოელიან, რომ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდება ვაქცინის ნდობა და მეტი აიცრება. "ფაიზერთან" დაკავშირებით ინფორმაციას "ნიუ-იორკ თაიმსი" ავრცელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG