ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზაკერბერგს კონგრესის კომიტეტებში დღეს და ხვალ მოუსმენენ


ზაკერბერგი ორშაბათს კონგრესში მივიდა

“ფეისბუქის” დამაარსებელს და ხელმძღვანელს მარკ ზაკერბერგს საჯარო ბოდიშის მოხდის შემდეგ, კონგრესის 3 სხვადასხვა კომიტეტის წევრები ხვდებიან. ის დღეს სენატში იურიდიული და სავაჭრო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უნდა გამოცხადდეს. ოთხშაბათს კი წარმომადგენელთა პალატის კანონმდებლების წინაშე წარსდგება და მათ კითხვებს უპასუხებს.

მარკ ზაკერბერგის კომპანიას მილიონობით მომხმარებლის მონაცემების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი. სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ჩაკ გრასლის თქმით, სოციალური ქსელის “მომხმარებლები იმსახურებენ იმას, რომ იცოდნენ, თუ რამდენადაა დაცული მათი ინფორმაცია და როგორ ხდება ამ მონაცემების გაზიარება”.

“ფეისბუქის” ხელმძღვანელის არაოფიციალური შეხვედრები კანონმდებლებთან ორშაბათიდან დაიწყო. “ჩვენ საკუთარ პასუხისმგებლობას არასაკმარისი მასშტაბურობით აღვიქვამდით და ეს დიდი შეცდომა იყო. ეს ჩემი შეცდომა იყო, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი” - განაცხადა მარკ ზაკერბერგმა.

კონგრესში ზაკერბერგი მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრიტანულმა კომპანიამ “კემბრიჯ ანალიტიკა”, 2016 წელს “ფეისბუქის” გამოყენებით, ქსელის მილიონობით მომხმარებლის კერძო ინფორმაცია მათი ნებართვის გარეშე მოიპოვა. "კემბრიჯ ანალიტიკა", ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენის მიზნით, ტრამპის საარჩევნო კამპანიამ დაიქირავა.

“კემბრიჯ ანალიტიკა” აცხადებს, რომ მათ 30 მილიონი ადამიანის მონაცემები ჰქონდათ. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მომხმარებელთა რაოდენობა გაცილებით მეტი შეიძლება იყოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG