ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ჩინეთი ამერიკის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეის გამოყენებას შეეცდება 


მას შემდეგ, რაც ამერიკისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის ონლაინ სამიტი გაიმართა, ანალიტიკოსები მსჯელობენ, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს პროცესები ვაშინგტონსა და პეკინს შორის.

ვაშინგტონის მიზანია, კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღება მოხდეს. ამ მხრივ ამერიკელი დიპლომატები უკვე წლებია მუშაობენ. მოლაპარაკებები განსაკუთრებით ბოლო თვეებში გააქტიურდა.

ამერიკელი ანალიტიკოსების ნაწილს კი მიაჩნია, რომ ამ ვითარებაში პეკინმა შესაძლოა ჩრდილოეთ კორეა ბერკეტად გამოიყენოს და ხელი შეუშალოს ვაშინგტონს საკუთარი მიზნის მიღწევაში. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს არ არის ერთადერთი საკითხი, სადაც პეკინი საკუთარი მიზნებისთვის ჩრდილოეთ კორეის გამოყენებას შეეცდება.

„დიდი ძლების კონკურენციის ფონზე, ჩინეთი ჩრდილოეთ კორეას უფრო და უფრო მეტად ხედავს, როგორც ბერკეტს ვაშინგტონის წინააღმდეგ, ვიდრე ოდესმე“ - ამბობს "სტიმონსის ცენტრის" ჩინეთის პროგრამის დირექტორი იუნ სუნი.

სუნი ფიქრობს, რომ თუ მაგალითად ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების დაწესებას გადაწყვეტს, ჩინეთი ამის წინააღმდეგ წავა თუ ვაშინგტონი პეკინის სხვა რომელიმე მნიშვნელოვან ინიციატივას არ დაუჭერს მხარს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ევანს რივერი ამბობს, რომ ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის მიზანია, ამერიკელმა სამხედროებმა რეგიონი დატოვონ და მათ საზღვრებთან ამერიკის შეიარაღება შეამცირონ. ამაზეა საუბარი პენტაგონის მოხსენებაშიც, რომელიც თვის დასაწყისში გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის სამხრეთ კორეაში 28 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

ჩინეთსა და ვაშინგტონს შორის წლებია ურთიერთობები უარესდება. ამერიკის სახლემწიფო დეპარტამენტმა მთავარ საგარეო გამოწვევად ჩინეთი დაასახელა. ენტონი ბლინკენმა და ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა პირველი ოფიციალური ვიზიტები კი ჩინეთის საზღვრებთან გამართეს. მაშინ სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი სამხრეთ კორეასა და იაპონიას სტუმრობდნენ. ვიზიტის ფარგლებში ჩინეთიდან და ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საფრთხეები იყო განხილული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG