ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექვსი კითხვა კონგრესის საიმპიჩმენტო პროცესის შესახებ


წარმომადგენელთა პალატა რას უყრის კენჭს?

რეზოლუცია განსაზღვრავს პროცესს, რომლითაც უნდა ჩატარდეს გამოძიება ტრამპის სავარაუდო არასწორ ქმედებაზე, რაც უკრაინის ლიდერთან სატელეფონო საუბრის დროს მოხდა. ის საჯარო მოსმენების და მოწმეების სავალდებულო გამოცხადების წესებს დეტალურად ადგენს და ამბობს, რომ წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა იურიდიული კომიტეტისთვის ანგარიში უნდა მოამზადოს, რომელიც მას გამოიყენებს იმის გადასაწყვეტად, გაუწიოს თუ არა რეკომენდაცია ერთ ან მეტ საიმპიჩმენტო მუხლს. ამასთან ერთად, რეზოლუცია პრეზიდენტის იურიდიულ ჯგუფს დაცვის არგუმენტების წარმოდგენის და მოწმეების ჯვარედინი დაკითხვის საშუალებით უზრუნველყოფს.

წარმომადგენელთა პალატა კენჭისყრას ახლა რატომ ატარებს?

კვირების განმავლობაში, პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ყურადღებას არ აქცევდა რესპუბლიკელთა მოთხოვნებს, ჩაეტარებინათ ფორმალური კენჭისყრა საკითხზე: დაწყებულიყო თუ არა საიმპიჩმენტო გამოძიება. ამის ნაცვლად, 24 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ექვსი კომიტეტი დაიწყებდა გამოძიებებს ანონიმური მომჩივანის განცხადებაზე, რომელიც ტრამპის სავარაუდო არამართებულ ქმედებას შეეხებოდა. რესპუბლიკელებმა განაცხადეს, რომ კონგრესში კენჭისყრის არარსებობამ, იმპიჩმენტის პროცესი არალეგიტიმური გახადა. არც საკონსტიტუციო და არც კონგრესის წესები, საიმპიჩმენტო გამოძიების დასაწყებად კენჭისყრას არ ითხოვს.

ეს კენჭისყრა პოლიტიკურად რას ნიშნავს?

კენჭისყრა დაადგენს, თუ 435 წევრიან კონგრესში საიმპიჩმენტო გამოძიებას რამდენად ძლიერი მხარდაჭერა აქვს. ხმების უმრავლესობა ამ ღონისძიების გასვლის გარანტიას იძლევა. მოსალოდნელია, რომ ამას მხარს თითქმის 234 დემოკრატი დაუჭერს და შესაძლოა რამდენიმე რესპუბლიკელი მხარდამჭერიც აღმოჩნდეს. ის, თუ რეზოლუციას რამდენი რესპუბლიკელი მხარდამჭერი გამოუჩნდება, პრეზიდენტისთვის იქნება იმის საკვანძო მაჩვენებელი, თუ მისი პარტიის წევრები საიმპიჩმენტო გამოძიებას როგორ ხედავენ.

საიმპიჩმენტო გამოძიების საკითხზე არსებულ დაპირისპირებაზე ეს კენისყრა როგორ აისახება?

საიმპიჩმენტო გამოძიების პროცედურების ფორმალიზებამ, შესაძლოა თეთრ სახლს გამომძიებლებთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გაგრძელება ან სავალდებულო უწყებების დაუმორჩილებლობა გაურთულოს. კენჭისყრის გამოცხადებისას პელოსიმ თქვა: “ამ ნაბიჯს იმისთვის ვდგამთ, რომ გაქრეს ყოველგვარი ეჭვი იმასთან მიმართებაში, შეუძლია თუ არა ტრამპის ადმინისტრაციას საბუთები არ წარმოადგინოს, მოწმეთა ჩვენებები არ დაუშვას, უგულებელყოს წესების მიხედვით გაცემული უწყებები ან წარმომადგენელთა პალატის ხელშეშლა გააგრძელოს.”

რესპუბლიკელები რას ამბობენ?

თეთრმა სახლმა შეთავაზებული წესები უარყო, როგორც არასამართლიანი. თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სტეფანი გრიშამმა თქვა: “თეთრ სახლს მონაწილეობა სრულიად აკრძალული აქვს, სანამ თავმჯდომარე შიფი, იურიდიული კომიტეტისთვის წარსადგენი მიკერძოებული ანგარიშის შესაქმნელად, ცალმხრივი მოსმენების ორ რაუნდს არ ჩაატარებს.” კონგრესის უმცირესობის ლიდერის თანაშემწე სტივ სკალისმა, რესპუბლიკელ კანონმდებლებს ელექტრონული ფოსტით ურჩია, რეზოლუციისთვის “არა” ეთქვათ. მან თქვა, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ფორმალიზებულმა წესებმა და პროცედურებმა შესაძლოა, “მიკერძოებით მოპოვებული სამხილების, იმპიჩმენტის საფუძვლად” გამოყენება გამოიწვიოს.

როგორია იმპიჩმენტის პროცესის თანმიმდევრობა?

დემოკრატების ლიდერები ამბობენ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრის, ახალ წლამდე ჩატარებას ემხრობიან, შესაძლოა ნოემბრის ბოლოსთვისაც. თუ კონგრესი იმპიჩმენტის მუხლებს დაამტკიცებს, სენატი საქმის გარჩევას, სავარაუდოდ მომავალ წელს, ჩაატარებს, რომლითაც გაირკვევა პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენონ თუ არა. კონგრესმა 21 ნოემბრამდე ხარჯვითი ნაწილის კანონპროექტები უნდა დაამტკიცოს, რომლითაც მთავრობამ მომავალ წელს უნდა იმუშაოს, ეს კი საკანონმდებლო კალენდარს განსაკუთრებით ართულებს.

XS
SM
MD
LG