ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ანალიტიკოსები და ქართული დემოკრატიის გასაჭირი


შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის, სევდიანი, შემაშფოთებელი და გარდამტეხი მომენტი, " - ეს სიტყვები ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი ქვეყნიდან, საქართველოს დემოკრატიული პროგრესის გულშემატკივრებისგან ისმოდა. 23 თებერვალს გამთენიისას, სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებით, უდიდესი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას ფართო და უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. პრემიერ-მინისტრი და მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ქვეყანაში წესრიგი და კანონის უზენაესობა დამყარდა. ოპოზიცია პროტესტს აგრძელებს, დასავლურ სახელმწიფოებში დიპლომატების, პოლიტიკოსების თუ ანალიტიკოსების უმეტესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებს შორის კი ორი რამაა საერთო: შეშფოთება პოლარიზებისა და სასამართლოს პოლიტიზების შესახებ და განვითარებული მოვლენების დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად შეფასება, რომელმაც შესაძლოა ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია შეაფერხოს.

„ნებისმიერი გონიერი დამკვირვებელი, ვინც ამ მოვლენებს უყურებს, განსაკუთრებით კი იმას, როგორ მოხდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სათავო ოფისში შესვლა და მისი ლიდერის დაკავება, შეშფოთებულია“, - ამბობს ლუკ კოფი, „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარი, რომელიც ნატოში საქართველოს გაწევრიანების ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერია ვაშინგტონში. მის მსგავსად ქვეყნის ბევრი სხვა გულშემატკივარია შეშფოთებული. მათ შორის დონალდ ჯენსენიც, „ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის“ რუსეთისა და სტრატეგიული სტაბილურობის მიმართულების ხელმძღვანელი.

ეს დღე ამ დრომდე ყველაზე უარესი იყო. მაგრამ ის ხაზს უსვამს ჩემთვის, რომ „ქართული ოცნება“ არის ხისტი და არის ძალიან შეშფოთებული საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების თაობაზე, ასევე ოპოზიციასთან კომპრომისზე წასვლისა და იმის შესახებ, რომ არ დათმოს არც ერთი სანტიმეტრი.
- პოლ სტრონსკი

„ეს შემაშფოთებელია ყველასთვის, ვისაც საქართველო გვიყვარს და გვინდა, რომ მან განაგრძოს დემოკრატიისა და დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე სვლა. მაგრამ მომხდარი, რა თქმა უნდა, ვნებს მის იმიჯს. როგორ ჩანს ეს ვაშინგტონიდან? ჩანს ისე, რომ საქართველო კვლავ არასტაბილურია, რომ გარედან კვლავ ხდება ჩარევა, რომ საქართველო არაა სრულად მზად დასავლეთისთვის“, - ამბობს ჯენსენი.

ჯენსენი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საგარეო პოლიტიკასა და დემოკრატიული განვითარების პროცესს ათწლეულებია იკვლევს, ამბობს, რომ ჩამოყალიბებულია აღქმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს დემოკრატიული პროგრესი შეფერხდა, უკანაც კი იხევს და ეს ბოლოდროინდელი ტენდენციაა:

„ეს გამოიყურება, როგორც ბოლო ინციდენტი, იმ ინციდენტებს, იმ პრობლემებისა და სირთულეების წყებას შორის, რომლებიც რეალურად უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მოყოლებულ პერიოდს. მთელ ამ პერიოდში ისე ჩანდა, რომ საქართველო უკან იხევს დემოკრატიის გზაზე. ეს შეიძლება იყოს ან არ იყოს ასე, მაგრამ ასეთია აღქმა. და როდესაც ეს ხდება, ადამიანები ვაშინგტონში და სხვაგან, იკითხავენ, რატომ უნდა გვაღელვებდეს ის, თუ რა ხდება იქ? ეს ახლაც ძალიან თავისუფლად შეიძლება მოხდეს“, - ამბობს ჯენსენი.

პოლ სტრონსკი, კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების წამყვანი მკვლევარი იზიარებს შეხედულებას, რომ ეს მკაფიოდ უარყოფითი მოვლენა, უფრო ხანგრძლივი საფუძვლების მქონე პრობლემების გამოვლინებაა:

საქართველო ამერიკის საკმაოდ მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარია საიმისოდ, რომ თავი ქვიშაში ჩავრგოთ და თავი მოვიკატუნოთ, თითქოს არ არის მიმდინარე პრობლემა. საქართველოში არის პრობლემა, ამაში საკმარისი ბრალი მიუძღვის ყველა მხარეს. მაგრამ პრობლემა ნამდვილად არსებობს და ამერიკას ეს უნდა აშფოთებდეს,
- ლუკ კოფი

„ვფიქრობ, საქართველოს დემოკრატიის იმიჯისთვის ეს ზიანი დიდი ხანია იხარშება. ეს არაა ის, რაც დღეს მოხდა. ზიანი საქართველოს დიდი ხნის წინ მიადგა - ძლიერ პოლარიზებული დემოკრატია პოლიტიკური ფრაქციებით, რომლებიც ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვიან. ის დომინირებულია გაზვიადებული მნიშვნელობისა და ძალიან ძლევამოსილი პერსონალიებით. ესაა არსებითად ის, რაც ახლა დავინახეთ, ესაა ბოლო მოვლენა ამ ზოგად, ქართული პოლიტიკური კრიზისის დაღმავალ სპირალში“, - ამბობს სტრონსკი, მაგრამ იქვე დასძენს, რომ 23 თებერვლის დილა ნამდვილად გამარჩეულად დამაზიანებელი იყო.

„ეს დღე ამ დრომდე ყველაზე უარესი იყო. მაგრამ ის ხაზს უსვამს ჩემთვის, რომ „ქართული ოცნება“ არის ხისტი და არის ძალიან შეშფოთებული საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების თაობაზე, ასევე ოპოზიციასთან კომპრომისზე წასვლისა და იმის შესახებ, რომ არ დათმოს არც ერთი სანტიმეტრი. ვხედავთ, რომ ეს დაპირისპირება ორ მხარეს შორის გრძელდება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მაგრამ ვიტყოდი, რომ ის იქამდეც დაიწყო - ორ მხარეს შორის უნდობლობა, რაც საერთო ენის გამონახვას, შუაში შეხვედრას უფრო რთულს ხდის. დღევანდელი მოვლენები კი კიდევ უფრო ამცირებს, აქარწყლებს რაიმე ნდობას“, - განმარტავს პოლ სტრონსკი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

„ეს ძალიან მახინჯი დღე იყო ქართული დემოკრატიისთვის და სამწუხაროდ ასეთი დღეები აქამდეც გვინახავს. როდესაც, ოდესღაც ძალიან იმედისმომცემი დემოკრატიული ძალა ცდილობს ძალაუფლების კონსოლიდირებას. ადრეც გვინახავს ეს ხანგრძლივი მახასიათებელი ქართული პოლიტიკისა. ვფიქრობ, ეს ნამდვილად გარდამტეხი მომენტია და საქართველოს მომავალი გაურკვეველია“.

ჯენსენი, სტრონსკი და სხვები სწორედ იმ რისკებზე საუბრობენ, რომელთაც საქართველოში განვითარებული მოვლენები მის დემოკრატიულ იმიჯს უქმნის. იმიჯს ქვეყნისა, რომელიც ნატოს პარტნიორია და სურს დაამტკიცოს, რომ ალიანსისა და ევროკავშირის წევრობას იმსახურებს.

„სამწუხარო ისაა, რომ მართალია საქართველო მეტწილად მაინც დემოკრატიაა, მაგრამ თქვენ უნდა დაარწმუნოთ ადამიანები ბრიუსელსა და ვაშინგტონში, რომ ამ ქვეყანაზე ძალისხმევის დახარჯვა ღირს. კარგი ამბავი ისაა, რომ ბევრი ჯერ კიდევ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ის ნამდვილად ღირს ამ ძალისხმევად. ისინი ძალიან ყურადღებით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას. სურთ და მზად არიან დაგეხმარონ, მაგრამ ასევე, ეს ბევრისთვისაც შეშფოთების მომენტია“, - განმარტავს დონალდ ჯენსენი.

ლუკ კოფი კი „ჰერიტიჯის ფონდიდან“ ამბობს, რომ მიუხედავად პრობლემებისა, მთავარი შეცდომების აღიარება და მათი დროულად გამოსწორებაა იმისთვის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები არ დაზიანდეს.

„მე არ ვარ მზად ვთქვა, რომ საქართველო ევროატლანტიკურ გზას აღარ ადგას, ამის არ მჯერა. ვფიქრობ, ყველა დემოკრატიას აქვს აღმასვლა და დაღმასვლა, ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა 6 იანვარს ამერიკაში, ჩვენ გამუდმებით ვსწავლობთ შეცდომებზე. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ეს შეცდომები ხდება, ვაღიაროთ და ვცადოთ გამოვასწოროთ ისინი. ამის ნახვას ვისურვებდი. საქართველოში განსხვავებული პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შორის უნდა იყოს გულწრფელი დიალოგი იმისათვის, რომ ამ ჩიხიდან გამოსვლა გახდეს შესაძლებელი“, - განმარტავს მკვლევარი.

კოფი ამერიკის შესაძლო როლზე საუბრობს და ამბობს, რომ მართალია ამერიკის საელჩოს მიერ არაერთი განცხადება გაკეთდა, მაგრამ უფრო აქტიური ჩართულობაა საჭირო. მისი აზრით, სახელმწიფო მდივანი ქვეყანას უნდა ეწვიოს.

„ვფიქრობ, სამხრეთ კავკასიაში ამერიკის ლიდერობის დროა და ვისურვებდი მენახა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თვითმფრინავში ჩაჯდეს და წავიდეს თბილისში, გამოიყენოს ის გავლენა, რაც ამერიკის სახელმწიფო მდივანს აქვს იმისთვის, რომ დაეხმაროს ჩვენს მოკავშირეებს, პარტნიორებს, მეგობრებს საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარეს ერთმანეთთან გულწრფელი დიალოგისთვის. ამერიკელები ვერ გადაჭრიან საქართველოს ნაცვლად მის პრობლემებს, მაგრამ შეგვიძლია ჩვენს მეგობარ საქართველოს დავეხმაროთ სიტუაციის გაუმჯობესებაში“, - ამბობს კოფი.

კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის განახლებასა თუ ფინანსურ დახმარებაზე ქვეყანა ნამდვილად უნდა წუხდეს. ეს ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა თანხებია. საქართველოს ეს თანხა არ აქვს გარანტირებული. ამერიკელ ხალხს სურს პარტნიორების დასახმარებლად  საერთაშორისო არენაზე უფრო მეტი ჩართულობა, მაგრამ არა დაუსრულებელი, ულიმიტო ჩეკის გამოწერა. მგონია, რომ უფრო მეტი კითხვა დაისმება და შეიძლება გადაიდგას კიდეც ამ დახმარების კუთხით ნაბიჯები,
- პოლ სტრონსკი

თუმცა ანალიტიკოსთა უმეტესობას მიაჩნია, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი „უიღბლო დროს“ მიმდინარეობს: ბაიდენის საგარეო გუნდი ბოლომდე არაა დაკომპლექტებული და პარტნიორებთან თუ მეტოქეებთან უამრავი საკითხია გადასაჭრელი:

„ეს ხდება ისეთ დროს, როდესაც ვაშინგტონში ახალი ადმინისტრაციაა და ის თავის პრიორიტეტებს ალაგებს, ცდილობს გადაწყვიტოს ურთიერთობები მოკავშირეებთან, ნატოს მომავალი, განიხილოს როგორ გაუმკლავდეს რუსეთს. რუსეთის მეზობელი ქვეყნები ძალიან მნიშვნელოვანია. ის კი, რაც ხდება, უგზავნის ძალიან ცუდ გზავნილს ამ ადამიანებს ვაშინგტონში. მათ, ვისაც სურს საქართველოს წარმატება, მაგრამ ვინც ასევე შეშფოთებულია ზოგიერთი იმ მოვლენით, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ვიხილეთ“, - ამბობს დონალდ ჯენსენი.

პოლ სტრონსკიც ფიქრობს, რომ ეს ძალიან „რთული და უიღბლო დროა“ საქართველოსთვის ამ პროცესის გასავლელად. მისი თქმით, ამერიკის ახალი პრეზიდენტი საქართველოს დიდი ხნის მეგობარია და მისი გუნდი დადებითადაა განწყობილი საქართველოსთან სათანამშრომლოდ. თუმცა, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელსაც ამერიკისგან ყურადღების განახლება სჭირდება, ეს ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დაწყების არასასურველი გზაა. მკვლევარი ასევე მიიჩნევს, რომ შესაძლოა უფრო მაღალი რანგის ჩართულობა უფრო ეფექტური ყოფილიყო, „ნათელი, ძალიან მკაცრი და მტკიცე რჩევა საქართველოს მთავრობისთვის“, მაგრამ ხაზგასმით განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ეს ნაკლებ სავარაუდოა:

„ობამას ადმინისტრაციისას სწორედ ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი იყო ის, ვინც ასეთ გზავნილებს და ამ ტიპის განცხადებებს აკეთებდა საქართველოს, უკრაინის თუ იმ სხვა ქვეყნების მიმართ, რომლებიც უკან იხევდნენ დემოკრატიის კუთხით. ახლა კი არაა ნათელი ვინ შეასრულებს ამ როლს ახალ ადმინისტრაციაში. ამერიკის საელჩომ სცადა ხმამაღალი განცხადებების გაკეთება ამ თემაზე. შესაძლოა ელჩზე 1-2 საფეხურით უფრო მაღალი დონის ჩართულობაა საჭირო. მაგრამ ახალ მთავრობაში ჯერ კიდევ არ არის დანიშნული სახელმწიფო მდივნის ყველა მოადგილე, არაა ყველა პოზიცია შევსებული“, - ამბობს სტრონსკი.

რაც შეეხება კიდევ უფრო მკაცრ ნაბიჯებს ამერიკის მხრიდან, ის სანქციების თაობაზე გადაწყვეტილებას ახლო მომავალში ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს უდიდესი და უარყოფითი სიმბოლური მნიშვნელობის განაცხადი იქნებოდა. თუმცა განმარტავს, რომ სხვა სახის ფინანსურ მხარდაჭერასა და დახმარებას საქართველო მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს. მათ შორის საქართველოს მხარდამჭერ აქტსაც, რომლის განახლების „არაავტომატურობაზეც“ წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ადამ კინზინგერმაც ისაუბრა.

„კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის განახლებასა თუ ფინანსურ დახმარებაზე, ვფიქრობ, ქვეყანა ნამდვილად უნდა წუხდეს. ეს ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა თანხებია. საქართველოს ეს თანხა არ აქვს გარანტირებული. ამერიკელ ხალხს სურს პარტნიორების დასახმარებლად საერთაშორისო არენაზე უფრო მეტი ჩართულობა, მაგრამ არა დაუსრულებელი, ულიმიტო ჩეკის გამოწერა. მგონია, რომ უფრო მეტი კითხვა დაისმება და შეიძლება გადაიდგას კიდეც ამ დახმარების კუთხით ნაბიჯები. წლების განმავლობაში საქართველოს უდიდესი თანხები აქვს მიღებული ამერიკისგან და ჩვენ გვნიდა დავრწმუნდეთ, რომ ეს დახმარება შესაბამისად იხარჯება. სადაც ჩანს, რომ ეს ასე არ ხდება, არც იმის გარანტია არსებობს, რომ დახმარება გაგრძელდება“, - ამბობს პოლ სტრონსკი.

გასულ ზაფხულს, ამერიკის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტმა 2021 წლის ბიუჯეტში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის გამოყოფილი დახმარების 15 %-ის გაცემა უკვე დაუკავშირა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების პირობასა და გარანტიებს.

„ამერიკა საქართველოს ძალიან ძლიერი პარტნიორია. მაგრამ ეს ძალიან სამწუხარო დღე იყო საქართველოსთვის, როდესაც ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაიხია უკან დემოკრატიულ ტრაექტორიაში და მას სჭირდება ამერიკისა და ევროკავშირის დახმარება. სჭირდება მტკიცე გაფრთხილებები, წინამძღოლობა და ძალისხმევა ამ ღრმა კრიზისის დე-ესკალაციისთვის", - ამბობს სტრონსკი და განმარტავს:

ორივე მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დე-ესკალაციისკენ. მაგრამ მართლაც მიმაჩნია, რომ მთავრობის მოვალეობაა, რომ მიმართოს ოპოზიციას და სცადოს სიტუაციის დე-ესკალაცია. მაგრამ როდესაც ისინი ამას გააკეთებენ, ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ მიიღოს ეს მოწვევა კომპრომისისა და შერიგებისკენ. თუმცა არ მგონია, რომ რომელიმე მხარე ახლა ამისთვის მზა პოზიციაშია,
- ლუკ კოფი.

"ეს ჩემთვის მიუთითებს იმაზე, რომ მიუხედავად იმ პროგრესისა, რომელიც საქართველოს რეფორმების ფრონტზე ჰქონდა, მან ჯერ კიდევ ვერ მოახერხა დემოკრატიის ინსტიტუტების დონეზე გამყარება. ის რჩება ძალიან აალებად, ქუჩის პროტესტის დონეზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია დემოკრატიისა, მაგრამ ვხედავთ ბორძიკს ერთი პოლიტიკური კრიზისიდან შემდეგ კრიზისამდე“.

ქვეყნის დემოკრატიული პროგრესი რომ უახლოეს დღეებში განვითარებულ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული, ამაზე ანალიტიკოსებიც თანხმდებიან. ამბობენ, რომ მხარეებმა აუცილებლად უნდა მოახერხონ შეთანხმება. მათი უმრავლესობა მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს, თუმცა სიტუაციიდან გამოსავლის ძებნის პასუხისმგებლობას ორივე მხარეს აკისრებს. პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარეს მყოფ ლიდერებს ექსპერტები ქვეყნის ინტერესების წინ დაყენებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ ახლა საქართველოს კრიზისიდან გამოსასვლელად ყველაზე მეტად სწორედ მშვიდობიანი მოლაპარაკებები სჭირდება.

ამერიკელი დიპლომატი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ამჟამადი „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი, მეთიუ ბრაიზა კი განმარტავს, რომ აშკარაა, მთავრობამ კონფრონტაციული გზა აირჩია:

„როგორც ჩანს, მთავრობამ გადაწყვიტა ოპოზიციასთან დაპირისპირება და ოპოზიციამაც გადაწყვიტა, რომ მზადაა მთავრობასთან დასაპირისპირებლად. ამან შეიძლება ფიზიკურ შეტაკებებამდე და მსხვერპლამდეც კი მიგვიყვანოს. ეს საშიშია და ამის მიღმაც, ეს ქართული დემოკრატიისთვის შავი დღე იყო. ახალმა პრემიერ-მინისტრმა პოსტზე დამტკიცების პირველივე დღეს უდიდესი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება გადაწყვიტა“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში და დასძენს, რომ მაშინაც კი, თუკი უმრავლესობის აზრით, ბრალი ხელისუფლებას მიუძღვის, ოპოზიციამ პირველი ნაბიჯების გადადგმისგან თავი არ უნდა შეიკავოს, თუკი ეს მათ სტრატეგიულ მიზანს მიაღწევინებს.

ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს ეს სიტუაცია დე-ესკალაციისთვის. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროკავშირი ამბობს, რომ ძალადობა მიუღებელია, არამედ იმიტომ, რომ ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ხელისუფლება ზღვარს გადასცა, ზედმეტად შორს წავიდა. ის არ არის მდგრად პოზიციაში. ვიმედოვნებ, რომ ოპოზიცია შეძლებს იპოვოს გზა გააკონტროლოს საკუთარი ემოციები, რომლებიც გასაგებია, მაგრამ უნდა იფიქრონ რაციონალურად და პასუხისმგებლობით, ამის მერე კი მიიზიდონ ვაშინგტონის ყურადღება,“ - ამბობს ბრაიზა.

პირველი ნაბიჯის ნახვას მთავრობის მხრიდან ისურვებდა ლუკ კოფი, რომელიც ოპოზიციას ასევე პასუხისმგებლიანი რეაგირებისკენ მოუწოდებს:

ჩემთვის ნათელია, რომ მთავრობას არ სურს ამჟამად რაიმე ტიპის კომპრომისი ან მოლაპარაკება, ან არსებითი დიალოგი ოპოზიციასთან, მაგრამ არსებობს ალბათ იგივე არგუმენტი ოპოზიციის მისამართითაც, რომლის წევრებმაც პარლამენტის ბოიკოტირება გადაწყვიტეს. ორივე მხარე პასუხისმგებელია იმ ჩიხზე, რომლის პირისპირაც ახლა ვართ“, - ამბობს ლუკ კოფი, თუმცა იქვე დასძენს, რომ უმთავრესი ოპოზიციური პარტიის ოფისის შტურმი და ცრემლსადენი გაზის გამოყენება „ძალიან მძიმე“ სანახავი იყო და სავარაუდოდ იგივე ძალები არ იქნებოდა მობილიზებული „რიგითი ქართველის დასაკავებლად, რომელმაც ელექტრონული სამაჯური მოიხსნა“. და მაშინაც კი, თუკი ნაბიჯები კანონის ფარგლებში გადაიდგა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს მართებული იყო და რომ უკეთესი გამოსავალი არ არსებობდა.

ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს ეს სიტუაცია დე-ესკალაციისთვის. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროკავშირი ამბობს, რომ ძალადობა მიუღებელია, არამედ იმიტომ, რომ ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ხელისუფლება ზღვარს გადასცა, ზედმეტად შორს წავიდა. ის არ არის მდგრად პოზიციაში. ვიმედოვნებ, რომ ოპოზიცია შეძლებს იპოვოს გზა გააკონტროლოს საკუთარი ემოციები, უნდა იფიქრონ რაციონალურად და პასუხისმგებლობით, ამის მერე კი მიიზიდონ ვაშინგტონის ყურადღება,
- მეთიუ ბრაიზა

„ვფიქრობ, ორივე მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დე-ესკალაციისკენ. მაგრამ მართლაც მიმაჩნია, რომ მთავრობის პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, გადადგას პირველი ნაბიჯი შერიგებისკენ. იმიტომ, რომ მათ აქვთ ძალაუფლება, კონტროლი და წვდომა ხელისუფლებისა და სახელმწიფოს ყველა შესაძლებლობაზე. ეს მათი მოვალეობაა, რომ მიმართონ ოპოზიციას და სცადონ სიტუაციის დე-ესკალაცია. მაგრამ როდესაც ისინი ამას გააკეთებენ, ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ მიიღოს ეს მოწვევა კომპრომისისა და შერიგებისკენ. თუმცა არ მგონია, რომ რომელიმე მხარე ახლა ამისთვის მზა პოზიციაშია“, - ფიქრობს კოფი.

სწორედ ამიტომ მას ამერიკის უფრო მეტი ჩართულობის იმედი აქვს მიუხედავად იმისა, რომ საგარეო პოლიტიკის გუნდი ადმინისტრაციაში ჯერ სრულად არც კი არის დაკომპლექტებული. მისი აზრით, ამას საქართველოსა და ამერიკის განსაკუთრებული ურთიერთობა ნამდვილად იმსახურებს:

„საქართველო ამერიკის საკმაოდ მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარია საიმისოდ, რომ თავი ქვიშაში ჩავრგოთ და თავი მოვიკატუნოთ, თითქოს არ არის მიმდინარე პრობლემა. საქართველოში არის პრობლემა, ამაში საკმარისი ბრალი მიუძღვის ყველა მხარეს. მაგრამ პრობლემა ნამდვილად არსებობს და ამერიკას ეს უნდა აშფოთებდეს", - ამბობს ლუკ კოფი.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG