ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეს იყო ქართული დემოკრატიის გულში დანის ჩარტყმა- ვაშინტონში ექსპერტები მელიას დაკავებას აფასებენ


ნიკა მელიას დაპატიმრებას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმით აღებას ვაშინგტონში, პოლიტიკოსების შემდეგ, სფეროს ექსპერტებიც გამოეხმაურნენ.

„საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი სტივენ ბლენკი, თვლის, რომ მელიას დაკავებით და ძალადობრივი ქმედებებით, საქართველოს დემოკრატიას დიდი ზიანი მიადგა.

„ეს იყო ქართული დემოკრატიის გულში დანის ჩარტყმა. ეს ნამდვილადაა იმის ნიშანი, რამდენად ცუდადაა საქმე საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ივანიშვილი ამტკიცებს, რომ პოლიტიკიდან წავიდა, ნათელია, რომ მისი პარტია, კვლავ, უარს ამბობს, დაიცვას ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპები. ჩვენ ვიცით, რომ მას კავშირები აქვს მოსკოვში და ასეთები სხვებიც არიან პარტიის ხელმძღვანელობაში. მათი ქმედება არის მცდელობა იმისა, რომ გაანადგურონ ქართული დემოკრატიის ნებისმიერი შანსი და შეუძლებელი გახადონ საქართველოს ნატოში გაერთიანება. ისინი შეუძლებელს ხდიან იმასაც, რომ საქართველომ მოაგვაროს თავისი პრობლემები რუსეთთან, იმისთვის, რომ რუსეთმა წინსვლა განაგრძოს“, -ამბობს ბლენკი.

„ვფიქრობ, რომ  2007 წლის ნოემბრის შემდეგ, საქართველო ყველაზე მძიმე პოლიტიკურ კრიზისს გადის".

მკვლევარი, რომელიც წლებია, უკვე საქართველოს, რუსეთისა და რეგიონში მიმდინარე თემების შესახებ მუშაობს, ამბობს, რომ ამ პოლიტიკურ დაპირსპირებაში ერთადერთი გამარჯვებული არსებობს და ეს მოსკოვია. „არ გამიკვირდება, ეს ყველაფერი მათი ორგანიზებული რომ იყოს“, ამბობს ის.

ბლენკი თვლის, რომ სიტუაციას საქართველოსთვის ისიც ამწვავებს, რომ ამერიკას სამხრეთ კავკასიისადმი კონკრეტული, ჩამოყალიბებული პოლიტიკა არ აქვს.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა ბოლო სამმა ადმინისტრაციამ, უბრალოდ, მიატოვა კავკასია. ამ წუთას არანაირი პოლიტიკა კავკასიისთვის არ არსებობს და ახლა არის მცდელობა, რომ ეს ფაქტი [ხელისუფლებამ] გამოიყენოს საკუთარი ქმედებებისთვის. ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც ამ ხალხს შეაჩერებს ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრისგან“.

ბლენკი შიშობს, რომ თუ საქართველოში მოვლენები კვლავ არადემოკრატიული გზით განვითარდება, ამერიკა და ევროკავშირი ქვეყანას „ყურადღებას არ მიაქცევენ“, რომ „საქართველო, უბრალოდ, მარტო დარჩება. არ იარსებებს რაიმე გამოკვეთილი პოლიტიკა ამერიკის, ან ევროკავშირის მხრიდან საქართველოს წინ წასაწევად“.

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლად ბლენკს ამერიკისა და ევროკავშირის მხრიდან „ძლიერი ჩართულობის პოლიტიკა“ მიაჩნია, თუმცა, ვერ ხედავს, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა ბოლო სამმა ადმინისტრაციამ, უბრალოდ, მიატოვა  კავკასია. ამ წუთას არანაირი პოლიტიკა კავკასიისთვის არ არსებობს და ახლა არის მცდელობა, რომ ეს ფაქტი [ხელისუფლებამ] გამოიყენოს საკუთარი ქმედებებისთვის. ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც ამ ხალხს შეაჩერებს ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრისგან“. 

ბლენკის მსგავსად, საქართველოს მწვავე გამოწვევების წინაშე მყოფს ხედავს „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ მიმომხილველი, ლუის ნავაროც. ნავარო, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა და იქიდან აკვირდებოდა პოლიტიკურ მოვლენებს თვლის, რომ ახლა ქვეყანა, მისი თანამედროვე ისტორიის მანძილზე ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდშია.

„ვფიქრობ, რომ 2007 წლის ნოემბრის შემდეგ, საქართველო ყველაზე მძიმე პოლიტიკურ კრიზისს გადის. პრემიერ გახარიას გადადგომამ და მისი მხრიდან იმის თქმამ, რომ პოლიტსაბჭოზე სამართალდამცავი ორგანოების საკითხი განიხილებოდა და მას ამის შესახებ შეკითხვები ჰქონდა, როგორც ჩანს, სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიზირების საკითხის შესახებ, საკმაო კრიტიკა გამოიწვია, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ქვეყნის შიგნით. [თბილისში განვითარებული] მოვლენებიც, ამის კულმინაცია მგონია“, ამბობს ნავარო.

მისი აზრით, ამ ბრძოლაში გამარჯვებული არ არსებობს და „ყველა, ვინც დაინტერესებულია, რომ ნახოს როგორ გაწევრიანდება საქართველო ევროკავშირში, გაწევრიანდება ნატოში, დაიცავს თავის სუვერენიტეტს, ყველა, ვინც ამ თემებითაა დაინტერესებული, დღეს დამარცხდა“.

„გარე სამყაროსთვის ეს ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს, სასამართლო სისტემას ოპოზიციის ლიდერების დასასჯელად იყენებენ".

დემონსტრანტები, რომლებიც ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ქუჩაში გამოვიდნენ და პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყეს, ყველაზე ხშირად იყენებენ ლოზუნგს: „Never back to USSR”, არასდროს დავბრუნდებით უკან, საბჭოთა კავშირში.

ნავარო, დემონსტრანტების მსგავსად ფიქრობს, რომ ტოტალიტარული რეჟიმისკენ სვლის საფრთხე, საქართველოში ახლა ნამდვილად არსებობს.

„თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა გაერთიანებულია ერთი ადამიანის ინტერესების ირგვლივ, ვისი ფულიც, იქიდან გამომდინარე რაც „პანამის ფურცლების“ გამოძიებიდან ვიცით, რუსეთზეა ორიენტირებული, ეს საფრთხე ყოველთვის არსებობს. რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს... მაგრამ მყარი კლეპტოკრატიის იდეა, უფრო კლეპტოკრატული ტიპის მთავრობისკენ სვლა, ერთი ადამიანის სურვილებისკენ სვლა, როგორც ეს ლუკაშენკოს შემთხვევაში ხდება ბელარუსში, ასეთი ტიპის საფრთხე, რეალურად არსებობს“, ამბობს ნავარო.

ნიკა მელიას დაკავების და საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელ ქმედებებში საფრთხის შემცველ ნიშნებს ხედავს კენეტ იალოვიცი. ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში შიშობს, რომ ახლანდელი ქმედებები, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე გავლენას იქონიებს.

„გარე სამყაროსთვის ეს ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს, სასამართლო სისტემას ოპოზიციის ლიდერების დასასჯელად იყენებენ. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია როგორ პოლიტიკას გაატარებენ ქვეყნის შიგნით, მაგრამ ეს, შესაძლოა იყოს ერთ-ერთი გზაგასაყარი. თუ საქართველოს სურს, რომ იყოს ევროატლანტიკური საზოგადოების წევრი ქვეყნების ნაწილი, რომლებიც, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართ ერთგულები არიან, მაშინ ეს არ არის წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი“, ამბობს იალოვიცი.

ყოფილი ელჩი ერთი თვის წინ, ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. 6 იანვარს, კაპიტოლიუმში შეჭრა და დონალდ ტრამპის მომხრეების აგრესიული ქმედება, ამერიკაში დღემდე განხილვისა და მსჯელობის საგანია. სფეროს ექსპერტები კვლავ აანალიზებენ მომხდარს და პრობლემის მოგვარების გზებზე მსჯელობენ.

იალოვიცი ამბობს, რომ კაპიტოლიუმში შევარდნამ ნათლად დაანახა ყველას, რომ ისეთი ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, „მუდამ ფხიზლად უნდა იყოს“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ძალადობრივი შესვლა, ოპოზიციის ლიდერის დაკავება და თბილისში მიმავალი გზების გადაკეტვა არ არის კარგი ნაბიჯი. მე მინდა მოვუწოდო მთავრობის ლიდერებს და მათ უკან მდგარ ძალას, რომ ძალიან ფრთხილად იყვნენ იმასთან რასაც აკეთებენ, იმიტომ, რომ თუ მართლა სურთ რომ იყონ დასავლეთის საზოგადოების წევრი, მაშინ ეს ძალიან რეტროგრადული ნაბიჯია, რომელიც უნდა გამოსწორდეს“, - ამბობს იალოვიცი.

იალოვიცსაც და ნავაროსაც სჯერათ, რომ მოლაპარაკებებისა და დიალოგისთვის დრო და რესურსი სულ არსებობს. “გამოსავალი ყოველთვის არსებობს. მაგრამ მთავარი კითხვაა, მმართველ ძალებს როგორი ნება აქვთ და რამდენად იქნება ხალხის ნება, რომ იმოქმედონ.“, ამბობს ნავარო.

დასავლეთში, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე მთელი დღისა და ღამის განმავლობაში კეთდებოდა კრიტიკული განცხადებები. თემას გამოეხმაურნენ ამერიკელი კონგრესმენი, პოლიტიკოსები, სფეროს მკვლევრები და ექსპერტები. განცხადებები ვიხილეთ ევროპარლამენტარებისა და სხვადასხვა ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებისგან. ყველა მათგანი თვლის, რომ ის, რაც თბილისში მოხდა, იყო დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი და ამ ყველაფერს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსკენ სავალ გზაზე გავლენა ექნება.

საქართველოს მთავრობა კი თვლის, რომ მნიშვნელოვანი იყო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სხვა წევრებისგან მოვისმინეთ მადლობებიც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციელების მისამართით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG