ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"დოჟდმა" ნიდერლანდებში მაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა


რუსეთში აკრძალულ, რუსულენოვან დამოუკიდებელ ტელეკომპანია „დოჟდს“, ნიდერლანდებში მაუწყებლობის ლიცენზია მიანიჭეს. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანიის მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ ძიატკომ „ტელეგრამის“ საშუალებით გაავრცელა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

ნიდერლანდების მედიის ადმინისტრაციის განცხადება, რომელიც ლიცენზიის გაცემას ადასტურებს, 22 დეკემბრით თარიღდება.

„მედიის ორგანო ანიჭებს უფლებას TVR Studios BV-ს, როგორც კომერციულ მედია დაწესებულებას, უზრუნველყოს კომერციული სატელევიზიო მაუწყებლობის სერვისი პროგრამული არხის მეშვეობით, სახელწოდებით TV Rain“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ტელეკომპანია „დოჟდს“, რუსეთში განსაკუთრებული პრობლემები, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე შეექმნა. რუსეთის ხელისუფლებამ, მისი მაუწყებლობა მარტში გაწყვიტა, ტელეკომპანიის მიერ, უკრაინის წინააღმდეგმიმდინარე ომის გაშუქების გამო. ომის პარალერულად, მოსკოვმა ადგილობრივ მედიასაშუალებებზე, მკაცრი ენზურა დააწესა და კანონმდებლობის დონეზე აკრძალა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის, „ომად“ მოხსენიება, რასაც თავად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.

გასულ თვეში, ტელეკომპანია „დოჟდს“ მაუწყებლობის ლიცენზია ლატვიამ შეუჩერა. ლატვიის ეროვნული ელექტრონული მედიის საბჭოს ხელმძღვანელმა, ივარს აბოლინისმა 6 დეკემბერს განაცხადა, რომ საბჭომ გადაწყვეტილება „ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის საფრთხესთან დაკავშირებით მიიღო.“

მანამდე, პირველ დეკემბერს, ტელეკომპანიის წამყვანმა ალექსეი კორსტელიოვმა, მაყურებელს მოუწოდა რუსეთში გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის დროს, კანონდარღვევების და ომის დანაშაულების შესახებ ეცნობებინათ. ამავე მოწოდებაში, მან თქვა: „იმედი გვაქვს, ჩვენ ასევე დავეხმარეთ ბევრ სამხედრო მოსამსახურეს, კერძოდ ფრონდის ხაზზე, ტექნიკითა და აუცილებელი აღჭურვილობით.“

მომხდართან დაკავშირებით, ლატვიის უშიშროების სამსახურმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ „აგრესორი რუსეთისთვის, არავითარი მხარდაჭერა გამართლებული არ არის.“ პრესრელიზში ასევე ნათქვამი იყო, რომ ნებისმიერი, ვინც რუსეთის ძალებს ეხმარება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ექვემდებარება.

2 დეკემბერს, „დოჟდი“ რუკის გამოყენებისთვის, რომელზეც მოსკოვის მიერ ანექსირებული ყირიმი, რუსულის ნაწილად იყო წარმოჩენილი, 10 000 ევროთი დაჯარიმდა. ამასთან, რუსულ შეიარაღებულ ძალებს, რომელიც უკრაინაში შეიჭრა, მათ „ჩვენი არმია“ უწოდეს.

60-ზე მეტმა მედიასაშუალებამ, მათ შორის ლატვიაში მოქმედმა რუსულენოვანმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა და მედიასაშუალებებმა, „დოჟდს“ მხარდაჭერა გამოუცხადეს.

დოჟდმა, ლატვიის გადაწყვეტილება „უსამართლობად და აბსურდად“ შეაფასა და მაუწყებლობა „იუთუბზე“ გააგრძელა.

XS
SM
MD
LG