ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაზაფხულის რევოლუციებიდან არაბულ კეთილდღეობამდე


გაზაფხულის რევოლუციებიდან არაბულ კეთილდღეობამდე

ეგვიპტის, ტუნისის და ლიბიის ყველაზე პოპულარული რევოლუციების მთავარი დაპირება რეპრესიული მმართველობიდან დემოკრატიაზე გადასვლა იყო. ასევე რევოლუციების დანაპირები იყო კეთილდღეობის დამყარება, რაც მეტწილად საერთაშორისო ბაზრებზე და ინვესტორებზეა დამოკიდებული. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ალ პესინი ლონდონიდან არკვევდა.

რისკების ანალიტიკოსი ენტონი სკინეტი მეფელკროფტის კომპანიას წარმოადგენს.

„ეს დამოკიდებული იქნება თუ რამდენად დიდი ჯიბე აქვთ მათ და რამდენად შეეძლებათ ამ ბაზრებისთვის დახმარების გაწევა, რომელიც ლიბიაში, ტუნისსა და ეგვიპტეში განვითარებული მოვლნების შემდეგ ძალიან დაზარალდა. ამდენად, რასაკვირველია, ეს დამოკიდებული იქნება ამ ბაზრების გაჯანსაღების საერთო შესაძლებლობასთან."

პროფესორი იან ბეგი ლონდონის ეკონომიკის სკოლას წარმოადგენს. ის ამბობს, რომ ევროპაში არსებული ეკონომიკური პრობლემები არაბული გაზაფხულის ქვეყნებზე სხვადასხვაგვარად იმოქმედებს.

„მე ვფიქრობ, საჭიროა რომ არაბული სამყაროს ცალკეულ ქვეყნებს ინდივიდუალურად უნდა შევხედოთ, რადგანაც ისინი თავიანთი მახასიათებლებით ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. ლიბია ნავთობით მდიდარი ქვეყანაა და ვიდრე თავის ნავთობის წარმოებას განაახლებს, სარგებელს იზოლაციიდან გამოსვლიდანაც ნახავს. შედარებით რთული ვითარებაა ეგვიპტეში, რომელიც ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა და საექსპორტო პოტენციალიც შეზღუდული აქვს,“ - ამბობს იან ბეგი.

ლიბიელი ბიზნესმენი სალემ ალ-მაიარი ფიქრობს, რომ ლიბიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოთხოვნის არსებობაც, რადგანაც ლიბია ახლა ნავთობზე დამოკიდებული ეკონომიკის დივერსიფიკაციას ცდილობს.

„ბოლო 40 წლის მანძილზე ნავთობი ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენდა და ახლა სწორედ დროა, რომ ვიფიქროთ ეკონომიკის დივერსიფიკაციის და ლიბერალიზების შესახებ. მაგალითად ტურიზმი. ჩვენ ლიბიაში ხუთი ადგილი გვაქვს, რომელიც „იუნესკოს“ კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ეს მშვენიერი ქვეყანაა, სადაც არის ზღვა, არქეოლოგიური ნიმუშები და თითოეული მათგანი უდაბნო საჰარამდე 20-25 კილომეტრით არის დაშორებული“.

რაც შეეხება ტუნისს, მისი მდებარეობიდან გამომდინარე, ტურიზმს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აქ ტურისტების ძირითად ნაწილს ტრადიცულად ევროპელები შეადგენენ. თუმცა, ტურიზმის ხვედრითი წილი რევოლუციის შემდეგ მკვეთრად დაეცა და ახლა თავიდან იკრებს ძალას.

როგორც იან ბეგი ამბობს, 2001 წელი ევროპელებისთვისაც მძიმე იყო, მაგრამ 2012 წელს მოსლოდნელია, რომ ბევრი ევროპული ქვეყანა კრიზისს თავს დააღწევს. ამდენად მოსალოდნელია, რომ არაბული ქვეყნებისთვის ევროპა ისევ ძლიერ პოტენციურ ბაზრად რჩება. ენტონი სკინეტიც აცხადებს, რომ ევროპელი ინვესტორებისთვის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები კვლავ მიმზიდველი და საინტერესო გახდება. თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ახალმა არაბულმა მთავრობებმა უნდა შეძლონ თავიანთი დანაპირების შესრულება და ეკონომიკური ინოვაციების განხორციელება.

XS
SM
MD
LG