ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ ევროპის რეგიონი სოციალურმა მღელვარებამ მოიცვა


სამხრეთ ევროპის რეგიონი სოციალურმა მღელვარებამ მოიცვა
სამხრეთ ევროპის რეგიონი სოციალურმა მღელვარებამ მოიცვა

ესპანეთისა და საბერძნეთის ქუჩებში ხალხი საპროტესტო დემონსტრაციებს მართავს. ისინი მაღალ უმუშევრობასა და სოციალური დაცვის შეკვეცას აპროტესტებენ. ამას გარდა, დამონსტრანტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მთავრობები ეკონომიკურ კრიზისს სათანადოდ ვერ უმკლავდებიან. საპროტესტო დემონსტრაციებს ბოლო არ უჩანს და ევროპელებს შორის ხშირად გაისმის კითხვები იმასთან დაკავშირებით თუ რა ზეგავლენას მოახდენს ევროპის სამხრეთში მიმდინარე მოვლენები კონტინენტის სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ერთობაზე, იუწყება ამერიკის ხმის კორესპონდენტი ლორენ ფრეიერი მადრიდიდან.

საბერძნეთისა და ესპანეთის დედაქალაქების მთავარ გამზირზე ხალხმრავლობა სუფევს. ახალგაზრდებს ქალაქის ცენტრში კარვები აქვთ გაშლილი. ისინი მაღალ უმუშევრობას აპროტესტებენ და მთავრობისგან ეკონომიკური კრიზისის მოგვარებას ითხოვენ.

დევიდ გომესი ერთ-ერთი უმუშევარი მადრიდელი გახლავთ.

„ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ სამუშაოს შოვნა ძალიან რთულია რადგან სამუშაო ადგილების ნაკლებობა შეინიშნება. ამას ემატება ისიც, რომ ხელფასების დონე ჩვენ არ გვაკმაყოფილებს,“ აღნიშნავს დევიდ გომესი.

გომესს მიაჩნია, რომ იგი მთელი ევროპის მასშტაბით წამოწყებული მოძრაობის წევრი გახლავთ. მართალია იგი საბერძნეთში არ არის ნამყოფი, დევიდი იქ გამოსულ დემონსტრანტებს „ძმებს“ უწოდებს. მისი აზრით, თუ დემონსტრანტები გაერთიანდებიან, პოლიტიკოსები მათ ადვილად აღარ უგულვებელყოფენ. ესპანელი ამომრჩევლების რისხვა პოლიტიკური თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება მომავალი წლის დასაწყისში დანიშნულ საყოველთაო არჩევნებში.

„მათი მხრიდან ჩვენი უგუვებელყოფა აღარ გამოვა, რადგან ჩვენი მოძრაობა სულ უფრო და უფრო იზრდება,“ აღნიშნავს დევიდ გომესი.

საპროტესტო დემონსტრაციები ათენსა და მადრიდში ერთმანეთს ძალიან ჰგავს. თუმცა ესპანელი პოლიტიკოსები გამუდმებით ხაზს უსვამენ სხვაობებს. საბერძნეთი, ირლანდიისა და პორტუგალიის მსგავსად, ევროკავშირისგან საკუთარი ეკონომიკის გადასარჩენად ფულად დახმარებას ღებულობს. ესპანეთს ამ გზით წასვლა არ სურს.

ესპანეთის ფინანსთა მინისტრი ელენა სალგადო აღნიშნავს, რომ ფინანსურ ბაზრებს კარგად ესმით სხვაობა ჯანსაღ და დაავადებულ ეკონომიკას შორის.

სალგადოს აზრით, ბაზრები ესპანეთს საბერძნეთისგან „მშვენივრად ანსხვავებენ.“ მინისტრის თქმით, ესპანეთის მთავრობა საჭირო რეფორმებს ატარებს და ევროპას ესპანეთთან დაკავშირებით სადარდებელი არაფერი აქვს.

მაგრამ მადრიდელი უმუშევარი დევიდ გომესი, რომელიც უკვე ორი წლის მანძილზე სამუშაოს ეძებს, წარმოადგენს ნამდვილ დადასტურებას იმისა, რომ ესპანეთის ეკონომიკა შეიძლება შემდეგი მსხვერპლი აღმოჩნდეს.

„ჩვენ არ ვართ პირველი ქვეყანა, რომელიც მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ შეიძლება შემდეგი ვიყოთ. წესით ეს მათ უნდა ადარდებდეთ,“ აღნიშნავს დევიდ გომესი.

სამხრეთ ევროპის გაკოტრების საშიშროებამ ევროპის კონტინენტზე ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის დაპირისპირება გაამწვავა.

გერმანელთა ნაწილს სულაც არ მოსწონს ის, რომ გერნამია ვალდებულია გაუწიოს ეკონომიკური დახმარება სამხრეთ ევროპის ქვეყნებს. გერმანელებს შორის ამ ქვეყნების ეკონომიკის შესახებ გამეფებულია შეხედულება, რომ მათ კორუფციის მაღალი დონე და არაეფექტურობა ახასიათებთ. იმავდროულად ბერძნების გარკვეულ ნაწილს აღიზიანებს ის, რომ ეკონომიკური დახმარების გამოყოფის წინაპირობას საგანგებო ზომების გატარება წარმოადგენს.

მიმდინარე კვირის მანძილზე ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა გადაწყვიტეს გადადონ გადაწყვეტილება საბერძნეთისთვის კიდევ ერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის სესხის გამოყოფასთან დაკავშირებით. სესხის გამოყოფის მთავარ წინაპირობად ბრიუსელმა დაასახელა ის, რომ საბერძნეთის მთავრობამ უფრო მეტი საგანგებო ეკონომიკური ზომა უნდა მიიღოს.

XS
SM
MD
LG