ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხორვატია საზღვრებს კეტავს


ხორვატები მიგრანტებს საკუთარ ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალებას აძლევენ. თუმცა, ყველა დევნილის დატოვებას ქვეყანაში ვერ შეძლებენ.

ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ზორან მილანოვიჩი აცხადებს, რომ ის ათასობით დევნილის რეგისტრაციას წყვეტს. ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანა 11 ათასზე მეტმა მიგრანტმა გადაკვეთა. სერბეთთან საზღვრის რვა გადასასვლელიდან, შვიდი ხორვატიამ ხუთშაბათს საღამოს ჩაკეტა.

საზღვრის გადაკეტვის მიზეზი ის გახდა, რომ დევნილები უნგრეთმა აღარ მიიღო და ისინი იძულებული გახდნენ უკან, ხორვატიაში დაბრუნებულიყვნენ. პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ამბობს, რომ თუკი ევროკავშირის წევრი ქვეყნები საემიგრაციო კრიზისის გამო შემუშავებულ კვოტურ სისტემაზე უარს იტყვიან, დანარჩენ წევრ ქვეყნებს მათი გადაწყვეტილების გაუქმება შეეძლებათ.

დღეს სატელევიზიო ინტერვიუში ხორვატიის პრემიერმა განაცხადა, რომ ხორვატია პატარა სახელმწიფოა და შესაბამისად, ისინი მიგრანტებს საკუთარ ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალებას აძლევენ. თუმცა, ყველა დევნილის დატოვებას ქვეყანაში ვერ შეძლებენ. პრემიერის თქმით, ხორვატია მზად არის მათ საკვები და წყალი მისცეს, ასევე აღმოუჩინოს სამედიცინო დახმარება, მაგრამ მიგრანტებმა გზა უნდა გააგრძელონ და ხორვატიაში არ დარჩნენ. პრემიერი პირობას დებს, რომ საზღვარზე ჯარს არ ჩააყენებს. ამ ქმედებას ის „ერთდროულად არაკონსტიტუციურს და შეუძლებელს“ უწოდებს.

XS
SM
MD
LG