ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის ეკონომიკის წლიური შემაჯამებელი მიმოხილვა


Euro coins

ევროპის ერთიანი ფულადი ერთეულის ევროს შემოღების მთავარი მიზანი ევროპის ქვეყნების ერთ მძლავრ ფულად კავშირში ინტეგრაციას ითვალისწინებდა. მაგრამ ევროზონის სტაბილურობა შემადგენელ ქვეყნებში შექმნილ ეკონომიკურ პირობებზეა დამოკიდებული და, როგორც მოვლენებმა დაგვანახა, ამ რეალობის უგულვებელყოფა 2010 წლის მიწურულს მიზანშეწონილი როდია. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი სელა ჰენესი ლონდონიდან იუწყება, ფინანსურმა კრიზისმა შეარყია ის კავშირები, რომელიც ევროპას აერთიანებს, და ევროკავშირის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ირლანდიაში ამ ბოლო დროს მოხშირებული საპროტესტო დემონსტრაციები 2010 წელს ევროპის კონტინენტზე შექმნილ მდგომარეობას კარგად ასახავს.

სუვერენული დავალიანება, სამთავრობო დანახარჯების შემცირება და სოციალური დესტაბილიზაცია ევროკავშირში ჩვეულ მოვლენებად იქცა.

2010 წელი ევროპის ერთიანი ფულადი ერთეულისთვის გამოწვევებით აღსავსე აღმოჩნდა.

საბერძნეთი პირველი ცხელი წერტილი გახდა. უზარმაზარი დავალიანების გამო საფონდო ბირჟებზე გაჩნდა ეჭვი, რომ საბერძნეთის მთავრობა დავალიანებას ვერ გაისტუმრებს.

ევროპელმა ლიდერებმა საბერძნეთის ეკონომიკის გადასარჩენად 100 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყვეს. ამას გარდა მსგავსი შესაძლო კრიზისების დასაძლევად მათ საგანგებო ფონდიც შექმნეს.

ექვსი თვის შემდეგ როცა ფინანსური კრიზისი ირლანდიაში წარმოიშვა სარეზერვო ფულადი სახსრები მზად იყო.

იეინ ბეგი ლონდონის ეკონომიკური სკოლის მკვლევარია. ბეგი აღნიშნავს, რომ ირლანდიის გამოცდილებამ ყველას დაანახა, რომ ევრო კრიზისს გაუძლებს.

„სწორედ ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ იქცევა ევროპა. ჯერ რაღაც საგანგებო მდგომარეობა უნდა წარმოიქმნას და შემდეგ ამ მდგომარეობის გამოსწორების მეთოდის შემუშავებას შედეგად ინტეგრაციის უფრო მაღალი დონე მოჰყვება, რომელიც იმავდროულად ცალკეული წევრი-სახელმწიფოების უფლებებსაც იცავს,“ აღნიშნა ბეგმა.

მაგრამ მზარდი ეროვნული დავალიანება უფრო მძლავრი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსაც ემუქრება. საფრანგეთში სამთავრობო დანახარჯების შემცირებამ პროფკავშირების გაფიცვები და საყოველთაო სახალხო გამოსვლები გამოიწვია.

ევროპული ქვეყნების ლიდერებს საკუთარი მოქალაქეების მოთხოვნების დაბალანსება ევროკავშირის პრიორიტეტებთან ძალიან გაუჭირდათ.

ევროკავშირის ეკონომიკურმა ძრავამ გერმანიამ ბევრი იყოყმანა სანამ გერმანელი გადასახადების გადამხდელების სახსრები ევროპის სხვა ქვეყნების ეკონომიკის გადასარჩენად გამოყო.

ბეგი აღნიშნავს, რომ ეროვნული ინტერესები კვლავინდებურად მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ორი მსოფლიო ომის შემდეგ ევროკავშირის დამაარსებლებს მშვიდობიანი და პოლიტიკურად და ეკონომიკურად გაერთიანებული ევროპის ხედვა ამოძრავებდათ.

ევროპული რეფორმის ცენტრის წამყვანი ეკონომისტი საიმონ ტილფორდი აღნიშნავს, რომ ფინანსურმა კრიზისმა ხსენებული ხედვა გააქარწყლა.

„სამწუხაროდ ფინანსურმა კრიზისმა აუცილებელ სოლიდარობას ძირი გამოუთხარა. იმ ქვეყნების მოსახლეობამ, რომლებსაც სხვა წევრი სახელწმიფოებისთვის სასესხო გარანტიების გამოყოფა მოსთხოვეს, მსგავსი მოთხოვნების მიმართ აშკარა უკმაყოფილება გამოხატა. გამოდის ისე, რომ ჩვენ მათ თავაშვებულობისთვის ვაჯილდოვებთ. შედეგად მთავრობებს ძალიან უჭირთ იმის ახსნა, რომ ამგვარი ინტეგრაცია კავშირის გადარჩენისთვის აუცილებელია,“ დასძენს ტილფორდი.

მომავალ წელს ეს გარემოება შეიძლება უფრო დიდ პრობლემად მოგვევლინოს.

პორტუგალიას, იტალიასა და ესპანეთს მალე შეიძლება საგანგებო მასტიმულირებელი პაკეტები დასჭირდეთ.

ხოლო ევროპელ ლიდერებს ძალიან გაუჭირდებათ საკუთარი ამომრჩევლების დარწმუნება, რომ ხსენებულ ქვეყნებს სასწრაფო ფინანსური დახმარება ესაჭიროებათ.

XS
SM
MD
LG