ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპას კორუფცია წლიურად 120 მილიარდი ევრო უჯდება


სესილია მალმსტრომი, 3 თებერვალი, 2014
ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს პირველი მოხსენება, რომელიც კორუფციას ეძღვნება მთელი გაერთიანების მასშტაბით, ასკვნის, რომ კორუფცია გავლენას ახდენს ყოველდღიური ცხოვრების ბევრ ასპექტზე, რაც შეიძლება იწყებოდეს სამთავრობო კონტრაქტების განაწილებით და მთავრდებოდეს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებით.

ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ევროპის საშინაო საქმეების კომისარმა სესილია მალმსტრომმა, მთავარი დასკვნების წარმოდგენისას განაცხადა, რომ კორუფციისგან მიყენებული წლიური ზარალი შესაძლოა 120 მილიარდ ევროს, ანუ დაახლოებით 161 მილიარდ დოლარს შეადგენდეს. მან თქვა, რომ ევროკავშირის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას ეს ზიანს აყენებს.

მალმსტრომი ამბობს:
“მოხსენება გარკვევით მიანიშნებს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კორუფცია სხვადასხვა დონეზეა, მაგრამ ეს ყველა წევრზე ახდენს გავლენას. კორუფციისგან თავისუფალი ქვეყნები არ არსებობენ.”

მოხსენება ეყრდნობა ევროკავშირის მოქალაქეების და კომპანიების მიერ კორუფციის აღქმას. ბლოკის წევრ ქვეყნებს მოხსენებაში გარკვეული ადგილები არ აქვთ მინიჭებული, თუმცა ნათქვამია, რომ ფართოდ გავრცელებული კორუფციის აღქმა ყველაზე მაღალია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია და ჩეხეთის რესპუბლიკა.

ყოველი თორმეტი ევროპელიდან ერთმა მაინც თქვა, რომ გასული 12 თვის განმავლობაში გამოსცადა ან შეესწრო კორუფციას. ევროკავშირის კომპანიების 40 პროცენტი, კორუფციას ბიზნესის წარმოებისთვის პრობლემურად მიიჩნევს.

მოხსენება რჩევებს აძლევს ქვეყნებს, თუ როგორ შეებრძოლონ კორუფციას და სთავაზობს საქმის კარგად წარმოების მაგალითებს, თუმცა არ მოუწოდებს სანქციების შემოღებისკენ ან იურიდიული რეფორმებისკენ, მაგრამ მალმსტრომს სჯერა, რომ წევრ ქვეყნებს შორის ეს დისკუსიას და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გამოიწვევს.

მალმსტრომი ამბობს:
“რა თქმა უნდა, კორუფციის აღმოფხვრას უფრო მეტი სჭირდება, ვიდრე ეს მოხსენება. თუმცა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზების ძებნისას, ეს შეიძლება დამხმარე ხელსაწყოდ გამოდგეს.ჩვენ არ შეგვიძლია თავს აუჩქარებლად მოძრაობის ნება მივცეთ... უმოქმედობა უბრალოდ ძალიან ძვირი გვიჯდება.”

კორუფციაზე დამკვირვებელი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კომისიის მოხსენებას “მნიშვნელოვან პირველ ნაბიჯს” უწოდებს, თუმცა ამ ორგანიზაციის ევროკავშირის ოფისის ხელმძღვანელი კარლ დოლანი ამბობს, რომ მოხსენება უფრო შორსაც შეიძლებოდა წასულიყო.

“საინტერესოა, რომ ამ მოხსენებაში არ არის თავი ევროკავშირის ინსტიტუტებში არსებულ კორუფციაზე... როცა ვაკვირდებით ისეთ მოვლენებს, როგორიცაა თანამშრომლების ხშირი ცვლა, ლობიზმი, საჯარო შესყიდვები, ეს ყველაფერი თავად ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის არის ძალიან დამახასიათებელი.”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” ევროკავშირის ინსტიტუტების შიგნით არსებულ კორუფციაზე საკუთარ მოხსენებას აპრილში გამოაქვეყნებს.
XS
SM
MD
LG