ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფრიდომ ჰაუსი"-2013 წლის ანგარიშს აქვეყნებს


ვაშინგტონში ბაზირებულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ფრიდომ ჰაუსმა“ მსოფლიოში პოლიტიკური უფლებების დაცვისა და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ არსებული მდგომარეობა შეისწავლა და 2013 წლის მონაცემები გამოაქვეყნა. ანგარიშში 195 ქვეყანა და 14 ტერიტორია, და იქ არსებული პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებები ფასდება.
სირიაში მიმდინარე დარღვევების და შეტაკებების გამო ეს ქვეყანა ათ ყველაზე ნაკლებად თავისუფალი ქვეყნების რანგში მოხვდა. ფრიდომ ჰაუსის ანგარიშის გამოქვეყნებისას ვიცე პრეზიდენტმა არჩ პადინგტონმა კერძოდ თქვა:

"პოლიტიკურ ელიტას ყოველთვის არ სჭირდება ძალადობის გამოყენება. თუ [შარშან] ისინი ჩვეულებრივ ადამიანებს არ ებრძოდნენ, ამის მიუხედავად პოლიტიკის კონტროლი და პოლიტიკური ოპოზიციის მარგინალიზაციის უნარი მაინც შესწევდათ."

ევრაზიის რეგიონი ერთერთი ყველაზე ნაკლებად თავისუფალი რეგიონია, იქ ყოველი ოთხიდან სამი ადამიანი არათავისუფალ გარემოში ცხოვრობს. ფრიდომ ჰაუსის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ამ რეგიონში უმცირესობების, მათ შორის ჰომოსექსუალების, რეპრესიები ხშირია. რუსეთსა და უკრაინაში კი შეტევა მედიაზე გაიზარდა.

ანგარიშის თანახმად, 2013 წლის მანძილზე ევრაზიაში საქართველო მცირედი შემთხვევებიდან ნათელი წერტილი იყო. მისი რეიტინგი გაუმჯობესდა ღია და ნაკლებად პოლარიზებული საარჩევნო კამპანიის წყალობით, ასევე თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ხარჯზე. ფრიდომ ჰაუსის ყოველწლიური ანგარიშის ავტორები წერენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არსებობს შეშფოთება ყოფილი ოფიციალური პირების შერჩევითი სამართლებრივი დევნის შესახებ, ძირითადად, არსებული მდგომარეობა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ნიშნებს ავლენს.
XS
SM
MD
LG