ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის სამიტზე ბრიუსელისა და ვარშავის დაპირისპირებას ელიან


ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ხუთშაბათს სამიტს გამართავენ, რომლის მთავარი განსახილველი საკითხი, სავარაუდოდ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება, რომელმაც ევროკავშირის კანონმდებლობის უზენაესობა, პოლონეთის კონსტიტუციის პირისპირ, უარყო.

სამშაბათს, ბრიუსელი და პოლონეთი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ბრიუსელი ვარშავას სანქციებით ემუქრება. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ ბრიუსელმა შესაძლოა პოლონეთს ევროკავშირში ხმის მიცემის უფლება და ფინანსური დახმარება შეუწყვიტოს. მისი თქმით, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ეს ნაბიჯი, გაერთიანების ცენტრალურ პრინციპს არყევს.

„მე ღრმად შეშფოთებული ვარ“. - განაცხადა ფონ დერ ლეიენმა ევროპარლამენტის წინაშე. „ეს გადაწვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროკავშირის ფუნდამენტს“, - თქვა მან.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საპასუხოდ თქვა, რომ ბლოკის ეს ნაბიჯი „შანტაჟია“.

„მიუღებელია საუბარი სასჯელზე“- თქვა მათეუშ მორავეცკიმ. „თუ სუვერენული ევროპული სახელმწიფო გინდა, რატომ არ სვამ შეკითხვას ამაზე და იღებ თანხმობას? არცერთი სუვერენული სახელმწიფო ამას არ დათანხმდება“, - თქვა მან.

პოლონეთმა გაერთიანებისგან 2004 წლის შემდეგ, როცა ის წევრი გახდა, 227 მილიარდი დოლარი მიიღო, უკან კი 72 მილიარდი გასცა, ევროკავშირის ბიუჯეტში.

ვარშავის ნაბიჯმა, რომლითაც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა პოლონეთის კონსტიტუციური ტრიბუნალის დაშლაზე, ევროკავშირის გაღიზიანება გამოიწვია. ბრიუსელში ტრიბუნალს მმართველი "კანონის და სამართლიანობის პარტიის" პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ რეფორმები, რომელსაც ვარშავა ატარებს სასამართლო სისტემაში, მის დამოუკიდებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

პოლონეთი კი აცხადებს, რომ მსგავსი ნაბიჯი გადადგა ასევე გერმანიამაც, რომელმაც უარყო მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწვეტილება, ევროპული ცენტრალური ბანკის ნაბიჯების გარშემო. ბრიუსელი ამ შემთხვევაშიც, ბერლინის წინააღმდეგ, სასამართლო პროცესს მიმართავს.

აღნიშნული საკითხები, ექსპერტების თქმით, ამძაფრებს საუბარს სუვერენიტეტზე და იმაზე, თუ რამდენი ძალაუფლება უნდა ჰქონდეს ევროკავშირს, მისი წევრების წინაშე. დებატები კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა 2016 წლის რეფერენდუმით, გაერთიანება დატოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG