ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი აკრიტიკებს ამერიკაში მოგზაურობის აკრძალვას


დაცარიელებული საბაჟო კონტროლის მწკრივები ნიუ-იორკის კენედის აეროპორტში
დაცარიელებული საბაჟო კონტროლის მწკრივები ნიუ-იორკის კენედის აეროპორტში

ამერიკის პრეზიდენტის მიერ კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით გადადგმულმა მოულოდნელმა ნაბიჯმა, ევროპის კავშირის ლიდერების გაღიზიანება გამოიწვია. დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს, საღამოს 9 საათზე განაცხადა, რომ ევროპიდან ამერიკაში მოგზაურობას დრამატულად ზღუდავს.

ევროპის კავშირმა დღეს გააკრიტიკა ვაშინგტონში მიღებული გადაწყვეტილება. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ ევროპის კავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი.

ევროპის ლიდერები ამბობენ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ოთხშაბათს, საღამოს 9 საათზე, ერისადმი მიმართვა მათთან შეუთანხმებლად, "ორმხრივი" მოლაპარაკების და "კონსულტაციის გარეშე" გააკეთა. ისინი ხაზს უსვამენ, რომ კორონავირუსის პანდემია "გლობალური კრიზისია, რომელიც რომელიმე კონტინენტით არ შემოიფარგლება" და მის დაძლევას სჭირდება "არა ცალმხრივი ქმედება, არამედ ურთიერთთანამშრომლობა".

ტრამპის განცხადება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ოთხშაბათს საღამოს განაცხადა, რომ ევროპიდან მოგზაურობა 30 დღით წყდება და გამონაკლისი მხოლოდ ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო იქნება. თუმცა, მოგვიანებით, ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა დეტალები დააზუსტა და დამატებითი განმარტებები გააკეთა. როგორც ირკვევა, აკრძალვა არ შეეხება ამერიკის მოქალაქეებს, ლეგალურ რეზიდენტებს და მათ ახლო ნათესავებს.

ასევე: ახალი ზომები შეეხება მხოლოდ იმ უცხოელებს, ვინც ევროპის შენგენის ზონაში ამერიკაში ჩამოსვლამდე, 14 დღეზე ნაკლებ ვადაში იმყოფებოდა. შენგენის შეთანხმებაში 26 სახელმწიფო შედის, მათ შორისაა არამარტო ევროპის კავშირის ქვეყნები, როგორიცაა მაგალითად საფრანგეთი, იტალია, გერმანია, საბერძნეთი, ავსტრია, ან ბელგია, არამედ შვეიცარიაც, ნორვეგია და ირლანდია.

სიტუაცია ევროპის კონტინენტზე

ანალიტიკოსები უცნაურად მიიჩნევენ ბრიტანეთისთვის დაშვებულ გამონაკლისს, რადგან იქ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 460-ს აღწევს. მთლიანად ევროპაში, დაავადების 17 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა.

კოვიდ-19-ის გამო ევროპაში დღეისთვის 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას ევროპის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ადასტურებს. კორონავირუსი ახლა ევროკავშირის 27-ივე ქვეყანაში ფიქსირდება. ბლოკის ლიდერები აცხადებენ, რომ ვირუსით გავრცელებულ დაავადებას ერთიანი ფრონტით ებრძვიან და ტრამპის განცხადებაზეც საერთო პასუხი ექნებათ.

კვირის დასაწყისში ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა 7.5 მილიარდი ევროს მოცულობის "კორონაზე საპასუხო საინვესტიციო ფონდი" დააფუძნა, რომლის დაფინანსება მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ფონდის მიზანია არამარტო ევროპის ქვეყნებისთვის სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება, არამედ მცირე ბიზნესების და სამუშაო ბაზრების წახალისება, რომლებიც ვირუსის გავრცელების გამო ზარალდება.

ურსულა ფონ დერ ლეიენმა საბერძნეთში მოგზაურობა გადადო, რომლის მიზანი იმიგრაციის გამო, საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე შექმნილი პრობლემის განხილვა იყო. ევროპული კომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახლა პრიორიტეტი კორონავირუსთან ბრძოლა და მასზე ფოკუსირება უნდა იყოს.

იტალიის შემდეგ, ვირუსის გავრცელების გამო, დრამატულ ნაბიჯებს ევროპის ბევრი ქვეყანა დგამს. დანიაში - ორშაბათიდან, ირლანდიაში კი პარასკევიდან დაიხურება სკოლები, ბაღები და კოლეჯები. ორივე ქვეყანაში საჯარო მოხელეებს ურჩევენ, თუ ამის შესაძლებლობა აქვთ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში სახლიდან იმუშაონ.

ევროპაში სამხედრო წვრთნების ბედი

პანდემიის გამო, შეერთებული შტატების არმიამ გადაწყვიტა, რომ ევროპის კონტინენტზე დაგეგმილ მასობრივ წვრთნებში ამერიკელთა მონაწილეობა შეზღუდოს. ევროპაში მომდევნო 6 თვის მანძილზე მასშტაბური სამხედრო წვრთნა უნდა ჩატარებულიყო.

წვრთნაში "ევროპის დამცველი-2020", 20 000 ამერიკელ ჯარისკაცს უნდა მიეღო მონაწილეობა. ეს შეერთებული შტატების არმიის პერსონალის ყველაზე დიდი დისლოკაცია იქნებოდა ბოლო 25 წლის მანძილზე.

მაგრამ, არმიის ევროპის შტაბ-ბინაში აცხადებენ, რომ დღეს "უმაღლესი პრიორიტეტი ჩვენი ძალების და ასევე ჩვენი მოკავშირეების, თუ პარტნიორების ჯანმრთელობის დაცვაა". კორონავირუსის აფეთქების ფონზე, შეერთებული შტატების არმიაში გადაწყდა, რომ ამერიკელი მონაწილეების შემცირების გზით, საჭიროა წვრთნების მოდიფიკაცია და შესაბამისად "მოხდება წვრთნებთან დაკავშირებული აქტივობების მორგება" ახალ რეალობაზე. "მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა წვრთნების მიზნების უმაღლესი პრიორიტეტები დაკმაყოფილდეს" - ნათქვამია განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობი რჩება, თუ რამდენად შემცირდება ამერიკული არმიის იმ კონტინგენტის ნაწილი, რომელიც ევროპაში გაემგზავრება. წვთნაში 18 ქვეყნის დაახლოებით 37 000 ჯარისკაცი იღებს მონაწილეობას. მონაწილეთა შორის ყველა არ არის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის, ანუ ნატოს ბლოკის წევრი. როგორც ცნობილია, ჯარისკაცთა ნაწილი და ასევე საჭირო ტექნიკის გარკვეული რაოდენობა უკვე ადგილზეა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG