ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთსა და ევროკავშირს შორის ახალი ეტაპი დაიწყო


მომავალში შეიძლება ევროკავშირმა თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესოს

ევროკავშირმა და ანკარამ დიდი ხნის დროით გადადებული ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის თანახმად თურქეთი ევროკავშირის ქვეყნის მთავრობებს უფლებას აძლევს ქვეყნებიდან გამოაძევონ არალეგალი ემიგრანტები, რომლებიც იქ თურქეთიდან მოხვდნენ. თავის მხრივ ბრუსელი, ვალდებულებას ღებულობს მოლაპარაკებები დაიწყოს თურქეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ. პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა 28-წევრიან ბლოკთან მიღწეულ შეთანხმებას საეტაპო მნიშვნელობის დოკუმენტი უწოდა, თუმცა ამ ურთიერთობაში სადავო საკითხები მაინც არსებობს. ამერიკის ხმის კორესპონდენტი დორიან ჯონსი სტამბოლიდან მოგვითხრობს.

შეთანხმება, რომელსაც ხელი ორშაბათს მოეწერა, ბოლო მცდელობას წარმოადგენს რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საუბრები განახლდეს.

თურქული გაზეთის „ტარაფის“ და ინტერნეტ-გამოცემა „ალ-მონიტორის“ დიპლომატიურ საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსი სემი იდიზი ამბობს, რომ ეს შეთანხმება თურქეთისთვის სასარგებლო შედეგს გამოიღებს და შეიძლება ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით მოსახლეობის მხრიდან არნახული მხარდაჭერა წარმოშვას.

სემი იდიზი: ვიზის გამარტივების პროცესი, ძირითადად ბიზნესმენებს ეხებათ, განსაკუთრებით მათ, ვინც ევროპის ქვეყნებში სხვადასხვა მიზეზის გამო ბევრს მოგზაურობს. ამის გამო შეიძლება ხალხის განწყობა შეიცვალოს. თურქეთის მოქალაქეების შეხედულებები ევროკავშირთან დაკავშირებით ყოველთვის ცვალებადია.

ბრუსელი ანკარას ორი წლის განმავლობაში აძალებდა ამ შეთანხმების გაფორმებას.
ევროპარლამენტის თურქეთის საკითხის კომიტეტის თავმჯდომარე რიჩარდ ჰოუვიტი ამბობს, რომ ვიდრე ანკარას ბრუსელში ხელშეკრულების გაფორმების გამო აპლოდისმენტებით ხვდებიან, ბოლომდე მაინც არ არის გარკვეული, თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწვეტილება ამოქმედდება თუ არა სამი წლის შემდეგ.

რიჩარდ ჰოუვიტი: ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ყველაფერი პრობლემატურია და რთული განსახორციელებელი, თუმცა სავიზო საკითხი ყველაზე მგრძნობიარე თემაა. ვინაიდან თავად საემიგრაციო საკითხი არის პოლიტიკურად პრობლემატური. და მისი განხორციელება არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე მართლაც რთული იქნება.

ბრუსელში კარნეგის ცენტრში მიწვეული ექსპერტი, სინან ულგენი ამბობს, რომ ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობა ამ ბოლო ხელშეკრულების მიუხედავად მაინც არ დამთბარა.

სინან ულგენი: ჯერჯერობით ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის მიმართ დიდ ენთუზიაზმს ვერ ხედავს. ამ კონტექსტში ეს პირობითია. თუმცა საბოლოო ჯამში, თურქეთიდან ევროპის მიმართ იმპულსი არ იგრძნობა.

მიმომხილველები ამბობენ, რომ ანკარა სულ უფრო კარგავს ილუზიას ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით გაკეთებული განაცხადის ნელი პროგრესის გამო. ასევე, ცნობილია, ზაფხულში თურქეთში ანტი-სამთავრობო გამოსვლების დარბევას ბრუსელის მხრიდან როგორი მძაფრი კრიტიკა მოჰყვა.

ამ თვის დასაწყისში, ევროკავშირსა და თურქეთს შორის დაძაბულობა თურქეთის მინისტრებსა და ევროკავშირის საპარლამენტო დელეგაციას შორის შეხვედრის დროს გაღიზიანებულ დამოკიდებულებაშიც აისახა. ჰოუვიტი, რომელიც ევროპარლამენტის დელეგაციის წევრი იყო, ამბობს, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდება თუკი ანკარას განაცხადს ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით პროგრესი ექნება.

რიჩარდ ჰოუვიტი: ეს არ არის თურქეთსა და ევროკავშირის პარლამენტებს შორის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი, თუმცა უნდა გამოსწორდეს. ერთ-ერთი ჩემი მოწოდება იყო რომ დიპლომატიურ ენას დავბრუნებოდით, რადგან თურქეთის წამყვანი პოლიტიკური ფიგურების მხრიდან ეს ყოველთვის არ იგრძნობოდა. შეხვედრების დროს რამდენიმეჯერ უხეშ მიმართვებს ჰქონდა ადგილი.

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ მომავალ წელს თურქეთის ხელისუფლებას წინ საკმაოდ მნიშვნელოვანი საარჩევნო წელი ელოდება. ამდენად ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავება და უვიზო მიმოსვლის შემოღების პერსპექტივა მას ამომრჩევლების ხმების მოზიდვაში დაეხმარება.
XS
SM
MD
LG