ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის დემოკრატიზაციის გეგმა


რეფორმების პაკეტი საკითხების ფართო სპექტრთან ერთად ქურთი უმცირესობის უფლებებზეა კონცენტრირებული

თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, დემოკრატიზაციის საკუთარი გეგმის გამოქვეყნება ისტორიულ მომენტად გამოაცხადა. საკითხების ფართო სპექტრთან ერთად, რეფორმების პაკეტი ძირითადად ქურთი უმცირესობის უფლებებზეა კონცენტრირებული.

გეგმაში გათვალისწინებულია ქურთული ენის მიმართ ათწლეულების განმავლობაში არსებული შეზღუდვების შემსუბუქება, ანბანში ქურთული ასობგერების გამოყენებაზე აკრძალვის მოხსნა და კერძო სკოლებში თურქულთან ერთად, ქურთული ენის სწავლების ნებართვა. პრემიერმა ასევე თქვა, რომ განიხილავს იმ მოთხოვნის შეცვლის საკითხს, რომელიც გულისხმობს პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო, საარჩევნო ხმების 10 პროცენტიან მინიმუმს პარლამენტში მოსახვედრად. ამ მოთხოვნის ცვლილება პრო-ქურთული უფლებების დამცველთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

პოლიტოლოგი და თურქულ გაზეთ "თარაფის" პოლიტიკური მიმომხილველი ჯენგიზ აქტარი ამბობს, რომ ასეთი რეფორმები მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი აზრით, მთლიანი პაკეტი შეიძლება არ დაეხმაროს ქურთისტანის მუშათა პარტიასთან სამშვიდობო პროცესის წინსვლას.

„ამაში ჩადებულია სიმბოლური დადებითი ძვრები, მაგრამ არ ითვალისწინებს ქურთული კონფლიქტის გადაწყვეტას.“

გასულ თვეს ქურთისტანის მუშათა პარტიამ საკუთარ გადაწყვეტილებაში: შეეწყვიტა თურქეთიდან მებრძოლების გამოყვანა, ანკარის მიერ რეფორმების მიუღებლობა დაადანაშაულა. მებრძოლების გამოყვანა, მთავრობის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო პროცესის ნაწილი იყო. ქურთისტანის მუშათა პარტია უმცირესობისთვის მეტი უფლებების მოსაპოვებლად, სამ ათეულ წელზე მეტია ებრძვის თურქეთის სახელმწიფოს. ამ უფლებებში შედის ადგილობრივი ავტონომია და სახელმწიფო სკოლებში მშობლიური ენის სწავლება.

პარლამენტის დეპუტატი ართურუ ქიურქჩუ წარმოადგენს პრო-ქურთულ მშვიდობის და დემოკრატიის პარტიას. ის ამბობს: არაა აუცილებელი, რომ რეფორმების პაკეტის ნაკლოვანებებმა იარაღთან დაბრუნება გამოიწვიოს, მაგრამ ამას თავისი შედეგები მოჰყვება.

„პაკეტს თუ შეხედავთ, დაინახავთ, რომ არცერთი პოლიტიკური მოთხოვნა არაა გათვალისწინებული, მაგრამ აზრი არა აქვს შეიარაღებული დაპირისპირების განახლებას. ასე, რომ მოლაპარაკების პროცესი გაგრძელდება, თუმცა ამ ახალი პაკეტისგან დიდი დახმარების გარეშე. ქურთული პოლიტიკური მოძრაობა აპირებს მასობრივი ბრძოლის დაწყებას, რათა მიაღწიოს საკუთარი მოთხოვნების დაუყოვნებლივ აღიარებას.“

მშვიდობის და დემოკრატიის პარტიამ მკაცრად გააკრიტიკა დემოკრატიზაციის პაკეტი, რომელიც არ ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას ანტიტერორისტულ კანონში, რის მეშვეობითაც, როგორც თვითონ აცხადებენ, ათასობით მათი წევრი გამოკეტეს ციხეში. ნიუ იორკში მდებარე Human Rights Watch-ის თურქეთის საკითხების ექსპერტი ემა სინკლერ ვები იწონებს ზოგიერთ რეფორმას, მაგრამ მიაჩნია, რომ ანტიტერორისტული კანონის უცვლელად დატოვება სერიოზული ნაკლია.

„ჩვენ ვერ ვხედავთ იმის მცდელობას, რომ გამოსწორდეს ყველაზე კრიტიკული ნაკლოვანებები სისხლის სამართალში როცა ტერორიზმის ბრალდებით ადამიანებს ხანგრძლივ პატიმრობას უსჯიან, იმ დროს, როცა ტერორიზმათ უთვლიან ისეთ ქმედებას, როგორიცაა თავისუფალი გამოხატვა და პოლიტიკურ გაერთიანებებში მონაწილეობა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 40,000 ადამიანი გაასამართლეს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის გამო. მათ, როგორც მინიმუმ, ნახევარს მსჯავრი დასდეს.“

ევროკავშირმაც, რომლის წევრობასაც ანკარა ესწრაფვის, მოუწოდა სასწრაფოდ შეცვალოს ანტიტერორისტული კანონები. განსაკუთრებით, როცა მსჯავრდებულთა შორის ამდენი ჟურნალისტია. ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ჯგუფების თანახმად, თურქეთი მსოფლიოში ყველაზე უარესი ქვეყანაა ჟურნალისტების ციხეში გამოკეტვის კუთხით. მომავალ თვეს ბრიუსელში გამოქვეყნდება თურქეთის ევროკავშირის წევრობისკენ პროგრესის ყოველწლიური მოხსენება, რომლის შინაარსიც გადამწყვეტი იქნება იმის დასადგენად, განახლდეს თუ არა გაწევრიანების პროცესი, რომელიც სამი წლის განმავლობაში გაყინული იყო. დამკვირვებლების აზრით, ბრიუსელისთვის პრესის თავისუფლება განსაკუთრებული ყურადღების საგანია.

პრემიერმა ერდოღანმა იმავდროულად ზოგიერთი დათმობა ქრისტიანი უმცირესობისთვისაც გამოაცხადა. ეს საკითხიც საყურადღებოა ბრიუსელისთვის. პოლიტოლოგ აქტარის თანახმად, 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პაკეტი გულდასმით არის გაწონასწორებული ამომრჩევლების გათვალისწინებით.

„ყველაფერი, რაც აქ არის ჩართული ძალზედ ფრთხილად იქნა გაანალიზებული, რათა ნაციონალისტი ამომრჩევლის გაღიზიანება არ გამოეწვია. პრემიერის აზრით ნაციონალისტურად განწყობილი ამომრჩეველი მისი ერთადერთი დასაყრდენია.“

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დემოკრატიზაციის გეგმაში, ქალებისთვის საჯარო შენობებში რელიგიური თავსაბურავის ტარების აკრძალვის გაუქმების ფაქტი მიანიშნებს, რომ პრემიერმა დააკმაყოფილა მისი რელიგიური მხარდამჭერების მნიშვნელოვანი მოთხოვნა. ბატონი ერდოღანის პოლიტიკური ბალანსირების წარმატება ან მარცხი გადამწყვეტი იქნება როგორც ქურთისტანის მუშათა პარტიასთან მიმდინარე სამშვიდობო პროცესისთვის, ასევე ანკარის ევროკავშირში გაწევრიანების იმედებისთვის.
XS
SM
MD
LG