ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი ისრაელ-"ჰამასს" კვლავ შუამავლის როლის შესრულებას სთავაზობს


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ანკარამ განაახლა თავის შეთავაზება, იშუამავლოს პალესტინელებსა და ისრაელს შორის დაძაბულობის შესამსუბუქებლად.

ანკარის განცხადებით, დაძაბულობის კონფლიქტში გადაზრდის თავიდან ასაცილებლად, ორი სატელეფონო საუბრისას, პრეზიდენტმა ერდოღანმა, გაეროს გენერალურ მდივანთან და რუსეთის პრეზიდენტთან შუამავლობის საკითხი და შესაძლო ნაბიჯები განიხილა.

ღაზის სექტორიდან, ისრაელზე „ჰამასის“ მებრძოლების მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ, თურქეთმა მზადყოფნა გამოთქვა, ვითარების დეესკალაციის მიზნით, შუამავლის როლი ეკისრა. სამშაბათს, პრეზიდენტმა ერდოღანმა ამ შეთავაზების შესახებ თავიდან გამოაცხადა.

„მე მაქვს მოლაპარაკებები რეგიონულ ლიდერებთან, ასევე, სხვა ქვეყნების ლიდერებთან. ვცდილობ გავარკვიო, როგორ შეგვიძლია შუამდგომლობა და ამ ომის შეჩერება“, - განაცხადა ერდოღანმა ანკარაში, ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

"გულწრფელად რომ გითხრათ, მე მაქვს სერიოზული შეშფოთება. არ მგონია, რომ ეს [კონფლიქტი] ერთ-ორ კვირაში შეწყდება. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას მშვიდობისთვის", - თქვა ერდოღანმა.

წარსულში, თურქეთი მხარს უჭერდა პალესტინელებს და „ჰამასის“ წევრებს მასპინძლობდა კიდეც. მრავაწლიანი მტრობის შემდეგ კი, ბოლო პერიოდში, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმამდე, ანკარა, თელ-ავივთან კავშირების გამოსწორებაზე მუშაობდა. ერდოღანმა თქვა, რომ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის განსახილველად, ისრაელი პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ოქტომბერში ან ნოემბერში, შესაძლოა თურქეთს ეწვიოს.

ამ ფონზე, ანკარა, მიმდინარე კონფლიქტში, დიპლომატიური გადაწყვეტის აუცილებლობას უსვამს ხაზს და მხარეებს თავშეკავებით მოქმედებისკენ მოუწოდებს.

ამასთან, პრეზიდენტმა ერდოღანმა, „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ბლოკადა გააკრიტიკა.

„მათ ღაზას შეუწყვიტეს წყალი და ელექტროენერგია. სად არის ადამიანის უფლებები? ეს ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციას“, - თქვა მან.

მანამდე, ერდოღანმა, მიმდინარე ვითარება განიხილა თავის ისრაელელ კოლეგასთან, ისააკ ჰერცოგთან ერთადაც. ასევე, ლიბანის, ყატარის, ეგვიპტის ლიდერებთან და პალესტინელთა ლიდერთან, მაჰმუდ აბასთან.

XS
SM
MD
LG