ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში არჩევნები იმართება


1 მარტს, ირანელი ამომრჩევლები საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. არჩევნები პირველია 2022 წელს მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ჩახშობის შემდეგ. საპროტესტო გამოსვლების დროს, 500 დაიღუპა და 22000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

კენჭისყრამდე ირანელი ლიდერები საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ, აქტივისტები კი ამომრჩეველს არჩევნების ბოიკოტის სთხოვენ, რადგან, მათი თქმით, ხელისუფლების კრიტიკოსებს ფაქტობრივად აეკრძალათ არჩევნებში მონაწილეობა. ირანის ხელისუფლებამ კანდიდატების მასობრივი დისკვალიფიკაცია მოახდინა.

დამკვირვებლები არჩევნებზე ისტორიულად დაბალ აქტივობას პროგნოზირებენ. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბევრი ადამიანი ხმას არ მისცემს. დაბალი აქტივობა, ხელისუფლების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების გზაა.

„სისტემის კრიტიკოსები ამბობენ - შეხედეთ, რა აზრი აქვს თუნდაც ამ პროცესში ჩართვას, რომელიც არ გამოიწვევს რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს და არ გვთავაზობს შეხედულებების მრავალფეროვნებას?”, - ამბობს ნაისან რაფატი, კრიზისების საერთაშორისო ჯგუფიდან.

არჩევნებში ირანის 290-ადგილიანი პარლამენტისა და მისი 88-ადგილიანი ექსპერტთა ასამბლეის წევრები აირჩევა. ეს უკანასკნელი სამთავრობო ორგანოა, რომელიც, სავარაუდოდ, ქვეყნის მომავალ უზენაეს ლიდერს აირჩევს, რადგან ამჟამინდელი უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი 85 წლის იუბილეს უახლოვდება.

„უზენაესი ლიდერის პოზიცია - სახელიც ამას ამბობს - ღრმა გავლენას ახდენს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. ის არის საბოლოო არბიტრი, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებს პრეზიდენტი და პარლამენტი და ეროვნული უშიშროების საბჭო”, - ამბობს რაფატი.

იმის გამო, რომ რეფორმისტი კანდიდატები დაბლოკეს, მისი თქმით, ირანის შემდეგი უზენაესი ლიდერი, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს მთავრობის კონსერვატიულ და მკაცრ პოზიციას.

მაგრამ ბევრი ირანელისთვის, 2022 წლის საპროტესტო გამოსვლების მოთხოვნები, რომელიც მოჰყვა პატიმრობაში მყოფი მაჰსა ამინის სიკვდილს, პასუხგაუცემელი რჩება. ამას გარდა, ფართო უკმაყოფილებას იწვევს ირანის ეკონომიკური კრიზისი.

„2023 წელს ირანელების... 80% ფიქრობდა, რომ სამუშაოს მოსაძებნად კარგი დრო არაა", - თქვა ბენედიქტ ვიგერსმა, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაციის,“გელაპის” მკვლევარმა. "კითხვაზე, თუ როგორ აფასებს ცხოვრების დონეს, მათი ამჟამინდელი შემოსავლის გათვალისწინებით, ირანელების 61% პასუხობს, რომ მათ ამჟამად უჭირთ ან ძალიან უჭირთ ამჟამინდელი შემოსავლის პოვნა”, - ამბობს ვიგერსი "ამერიკის ხმასთან" საუბარში.

მისი თქმით, ბოლო წლებში ირანში დაახლოებით 40%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა და სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ამბობს, რომ სურთ საზღვარგარეთ წასვლა, უკეთესი მომავლისთვის.

დამკვირვებლების ნაწილი ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებზე არ არის მოსალოდნელი რაიმე ცვლილება, საპროტესტო ტალღა შესაძლოა განმეორდეს.

XS
SM
MD
LG