ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნების წინა დღეს შსს-მ "დესტრუქციული განზრახვების" შესწავლა დაიწყო


არჩევნები-2016

31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები მეათე მოწვევის პარლამენტის წევრებს აირჩევენ. ასარჩევთა შორის მრავალფეროვნებაა. საპარლამენტო მანდატისთვის 50 საარჩევნო სუბიექტი იბრძვის. მათ შორისაა 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი.

პარლამენტის წევრთა რაოდენობა იგივეა, რაც წინა შემთხვევებში, თუმცა პროპორციული პარტიული სიით გასულ დეპუტატებსა და მაჟორიტარებს შორის, ამჯერად, განსხვავებული თანაფარდობაა. საქართველოს მოქალაქეები 30 მაჟორიტარს აირჩევენ, 120 დეპუტატი კი პარტიული სიით მოხვდება პარლამენტში.

არჩევნები წელს განსხვავებულ ვითარებაში ჩაივლის, ისეთში, როგორის გამოცდილებაც ამ დრომდე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს არ ჰქონია. პანდემია და მისგან გამოწვეული საფრთხეები დემოკრატიის უზრუნველყოფისთვის ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის ერთგვარ ოპონენტად იქცა. საქართველოს ხელისუფლება დადგა გამოწვევის წინაშე: საშიში ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, გადაედო თუ არა არჩევნები, რომლის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ობიექტურად არსებობდა.

პირველ რიგში ამ ინტერესის საფუძველს ქმნის დემოკრატიული ბალანსის არსებობის ტრადიციული გაგება, როდესაც ქვეყანაში ხელისუფლებების მშვიდობიანი ცვლილება ნორმალური პოლიტიკური ატმოსფეროს ჩამოყალიბებას განაპირობებს. რვა წლის წინ საქართველოში ამგვარი, ხელისუფლების მშვიდობიანი, არჩევნების გზით ცვლილება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე პირველად დაფიქსირდა. ამიტომაც, ამჯერად, „ქართული ოცნების“ რვაწლიანი მმართველობის თავზე, განსაკუთრებული ინტერესი იგრძნობა როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელთა, მეგობარი და გულშემატკივარი ქვეყნების მხრიდან, ისე ქვეყნის შიგნით, პოლიტიკით დაინტერესებულ მოქალაქეთა შორის. ინტერესის საკითხი კი ესაა: რა ნაბიჯს გადადგამს საქართველო? რამდენად გაიზარდა ის, როგორც დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი ქვეყანა და რამდენად შეძლებს მშვიდობინი და ცივილიზებული, თავისუფალ ნებაზე დამყარებული არჩევანის გაკეთებას?

2012 წლის არჩევნების შედეგები საქართველოში
2012 წლის არჩევნების შედეგები საქართველოში

კოვიდ-პანდემიის გამოწვევა დემოკრატიის უზრუნველყოფისთვის უამრავ სირთულეს ქმნიდა და ქმნის, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ამ საშიშროების მიუხედავად, არჩევნების გადადებაზე უარი თქვა. ხელისუფლებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ საარჩევნო პროცესი კოვიდ-რეგულაციების მკაცრი და უპირობო დაცვით ჩატარდება.

ხელისუფლების ოპონენტები და მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილიც ხელისუფლების გადაწყვეტილებას, დაგეგმილ დროს ჩაატაროს არჩევნები იმით ხსნის, თითქოსდა ხელისუფლებას სურს, ეგრეთ წოდებული, „ლოქ-დაუნის“ შესაძებლობა არჩევნების შემდგომ გამოიყენოს. ეს კი შესაძლოა სწორედ იმ დროს დაემთხვეს, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საარჩევნოდ მოპოვებული ხმების დაცვა ან სხვადასხვა ოლქში და უბანზე არჩევნების მეორე ტურის დანიშნვა. თუმცა ამ ეტაპზე ეს მოსაზრება შეთქმულების თეორიის ფარგლებს არ სცილდება და შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ხელისუფლებას მოვლენათა განვითარების სწორედ ამგვარი სცენარი აქვს ჩაფიქრებული.

არჩევნების წინა დღეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ოპონენტები დესტრუქციული ქმედებების დაგეგმვაში დაადანაშაულეს. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბოლნისი, დმანისი, მარნეული, ზუგდიდი და გლდანი ის ოლქებია, სადაც მისივე თქმით, „კრიმინალური ოპოზიცია“ ელექტროშოკებით იქნება შეიარაღებული.

კობახიძემ ბრიფინგზე კონკრეტული ადამიანები დაასახელა, ვისგანაც ამგვარი ქმედებაა მოსალოდნელი: „დღეს უკვე ვისაუბრე, რომ კრიმინალური ოპოზიცია გეგმავს საარჩევნო უბნებზე დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას. ამ მიზნისთვის მათ ივნისის თვიდან, სხვადასხვა რეგიონებში, ჩამოაყალიბეს ყოფილი ძალოვნების (ყოფილ შსს-ის თანამშრომელთა, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა) ჯგუფები. ჯგუფები დაყოფილია შემდეგი პრინციპით: ოცეულები, ათეულები და მათი ხელმძღვანელები ე.წ. "სარდლები". რა თქმა უნდა, ამ ჯგუფების უკან დგანან ადამიანები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს, დააფინანსეს, დაგეგმეს და პროვოკაციების მოსამზადებლად უკვე განახორციელეს კონკრეტული ქმედებები. ახალი და კიდევ უფრო დაზუსტებული ინფორმაციის თანახმად, ეს ადამიანები არიან ვანო მერაბიშვილი, დიმიტრი შაშკინი, დევი ჭანკოტაძე, ტარიელ აბუაშვილი, ვარლამ (ვალერი) ლორთქიფანიძე, შენგელი (ვიტალი) ბექაური, არჩილ ომიაძე, ბესო ნადირაძე.“

ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ფოტოებიც წარმოადგინა, სადაც დესტრუქციული ჯგუფის 300 წევრის შესახებაა ინფორმაცია განთავსებული. „ჩვენ მივმართეთ ამის თაობაზე სამართალდამცავ ორგანოებს“,- დასძენს კობახიძე.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა დევი ჭანკოტაძემ ირაკლი კობახიძეს შესთავაზა არჩევნების დღის მასთან ერთად გატარება იმის დასამტკიცებლად, რომ ოპოზიციის მიმართ წაყენებული ბრალდება სიცრუეს წარმოადგენს. ნიკა მელიამ კი განაცხადა: „ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში კი ნამდვილად ხარ“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლის კობახიძის განცხადების შემდგომ თქვა, რომ შსს-მ შესაძლო დესტრუქციული განზრახვების შესწავლა დაიწყო.

31 ოქტომბერს საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიღება და ამომრჩევლებს საკუთარი ნების დაფიქსირება 12 საათის განმავლობაში შეეძლებათ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG