ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეგვიპტეში იმყოფება


ბილ ბერნსი მოლაპარაკებებს ეგვიპტის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ბიზნეს-ლიდერებთან მართავს

შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ეგვიპტეში იმყოფებიან. ისინი ქვეყნის დროებითი მთავრობის წევრებს ხვდებიან და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გარდამავალი პერიოდის ხელისუფლება სასურველია „წარმომადგენლობითი იყოს და დემოკრატიულად არჩეული სამოქალაქო პირებით“ დაკომპლექტდეს.

ორი კვირის წინ ისლამისტი მთავრობის გაძევების შემდეგ, ეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბილ ბერნსის პირველი ვიზიტია ქვეყანაში. ის ქაიროში დროებით პრეზიდენტ ადლი მანსურს და დროებით პრემიერ ჰაზემ ალ-ბებლავის შეხვდა. ბილ ბერნსი მოლაპარაკებებს ეგვიპტის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ბიზნეს-ლიდერებთანაც მართავს.

ეგვიპტეში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ორდღიანი ვიზიტის პარალელურად, მუსლიმთა საძმო ეგვიპტელებს მშვიდობიანი მიტინგების ჩატარებისკენ მოუწოდებს. ქაიროს ჩრდილოეთით მდებარე მეჩეთთან ათასობით ექსპრეზიდენტ მორსის მხარდამჭერია შეკრებილი.

აქტივისტები ეგვიპტეში ვიცე-პრეზიდენტად მუჰამედ ელ-ბარადეის დანიშნვას აპროტესტებენ. მათი თქმით, ისინი არ ცნობენ ხელისუფლებას, რომელიც ხალხს არ აურჩევია და კონსტიტუციის მიხედვით, ძალაუფლებას არალეგიტიმურად ფლობს.
XS
SM
MD
LG