ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფინანსური არასტაბილურობა ეგვიპტეში


ეგვიპტელები საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაციის ვიზიტს აპროტესტებენ

ეგვიპტელები შიშს გამოთქვამენ საგარეო ვალების გამო უცხო ქვეყნებზე დამოკიდებულების შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით

ეგვიპტე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დასუსტებული ეკონომიკისთვის შეღავათიანი კრედიტის გაცემის პირობების შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს. ეგვიპტელები შიშობენ, რომ ამ ვითარებამ შესაძლოა ქვეყანაზე უცხო ქვეყნების გავლენა გაზარდოს.

ქვეყნის ეკონომიკა ხანგრძლივი დესტაბილიზაციის შემდეგ ფეხზე წამოდგომას ცდილობს და დახმარებას თითქმის ყველგან ეძებს. ეგვიპტემ ახლახან განცხადება გააკეთა ყატართან დადებული 3-მილიარდიანი ხელშეკრულების შესახებ. ოფიციალური წყაროების ცნობით, ასევე შედგება გარიგება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელიც მას სავარაუდოდ 5-მილიარდიანი პაკეტით უზრუნველყოფს.

ინვესტიციები ამჟამად ეგვიპტეს ჰაერივით სჭირდება, მაგრამ თავად ეგვიპტელები გამსესხებლების მოტივაციასთან დაკავშირებით სიფრთხილეს იჩენენ. ისინი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინტერესებს არ ენდობიან და ყატარის შესახებაც ამბობენ, რომ მისი წინადადება არა იმდენად მეზობლური კეთილგანწყობით, არამედ რეგიონალური ამბიციებითაა ნაკარნახევი.

ეკონომისტი მაგდი სობჰი იუსუფი პოლიტიკურ და სტრატეგიულ სწავლებათა ალ-აჰრამის ცენტრის დირექტორია. მისი თქმით, სავსებით ნორმალურია, რომ კრედიტორს თანხის გაცემასთან დაკავშირებით ქვეყნის პოლიტიკური ან ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე საკუთარი პირობები გააჩნდეს. ეს დასავლეთს ისევე ეხება, როგორც ყატარს და სპარსეთის ყურის ნებისმიერ ქვეყანას - აღნიშნავს სპეციალისტი.

თავად ეგვიპტელი ეკონომისტები აცხადებენ, რომ ქვეყანას სავსებით შესწევს უნარი, საკუთარი ძალებით დადგეს ფეხზე და ამისთვის არცერთი ქვეყნის თუ საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერესებს არ მიეყიდოს. მათი აზრით, ამისათვის პირველ რიგში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო, რომელიც აუცილებელ და მნიშვნელოვან რეფორმებს ჯერ კიდევ აფერხებს.

იუსუფიც იზიარებს ამ აზრს და ამბობს, რომ პრობლემას მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში ვერ განიხილავს. „მთავრობას და ოპოზიციას შორის პოლიტიკური ჰარმონიაც აუცილებელია“ - აცხადებს ალ-აჰრამის ცენტრის დირექტორი.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ამ გზაზე რეფორმების დანერგვა და მკაცრი საბიუჯეტო შეკვეცების გატარება რჩება. შეკვეცების არაპოპულარული პროცესის თავის თავზე აღება როგორც ჩანს, არცერთ მხარეს სურს. ქვეყნის ბაზარი ისევ ქაოტური და მოუწესრიგებელია. ეგვიპტეში პერიოდულად საწვავის და საკვების მწვავე უკმარისობაა. ქვეყნის ისტორიაში პურის ყველაზე მაღალმა ფასებმა ახლახან ბიძგი მასობრივ გამოსვლებს მისცა.

ომნეჰა ჰელმი, ეგვიპტური ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ საუბარი არ არის მხოლოდ სუბსიდიებზე და მათ შემცირებაზე. მთავრობამ პრიორიტეტად ახალი სამუშაო ადგილების შექმნაც უნდა დასახოს და ეგვიპტის ეკონომიკის რეკონსტრუქციის პროცესი ამ საძირკველზე უნდა დაიწყოს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან კრედიტს რომ მივიღებთ, ან ნებისმიერი სხვა დონორისგან, ეს თანხა მხოლოდ ბიუჯეტის შევსებას არ უნდა მოხმარდეს. არამედ განვითარების პროგრამები უნდა დაფინანსდეს, რომლებიც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. ეს კი საბოლოო ჯამში ეგვიპტელების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს“ - აღნიშნავს ომნეჰა ჰელმი.

ექსპერტები ეგვიპტის მომავალთან დაკავშირებით ოპტიმიზმს ინარჩუნებენ. მათ იმედი აქვთ, რომ კოლაფსი არ მოხდება და ქვეყანა კრიტიკული მდგომარეობიდან შეიძლება უფრო გვიან, ვიდრე მოსალოდნელი იყო, მაგრამ მაინც თანდათან გამოვა.
XS
SM
MD
LG