ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"დუბლინი უსაფრთხოა" - ამბობს ირლანდიის პრემიერ-მინისტრი 34 ადამიანის დაკავების შემდეგ


ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, ლეო ვარადკარმა პარასკევს განაცხადა, რომ დუბლინის ცენტრში დაბრუნება უსაფრთხოა. გასულ ღამეს, დუბლინის ქუჩებში არეულობა იყო მას შემდეგ, რაც ქუჩაში უცნობმა მამაკაცმა სამი მცირეწლოვანი ბავშვი დანით დაჭრა. ინციდენტის შედეგად, პოლიციამ 34 ადამიანი დააკავა.

არეულობაში მონაწილეებმა დაამტვრიეს მაღაზიის ვიტრინები, დაწვეს პოლიციის მანქანები, ავტობუსები და ტრამვაი, ასევე მოხდა შეტაკება ოფიცრებთან.

თუმცა, რთული ღამის შემდეგ, მყიდველები და ტურისტები ე.წ. შავ პარასკევს მაინც გამოვიდნენ ქალაქში სავაჭროდ. მათ უსაფრთხოებას პოლიციელები იცავდნენ.

”მათ, ვინც ამაში მონაწილეობდა, შეურაცხყვეს დუბლინი, შეურაცხყვეს ირლანდია, შეურაცხყვეს მათი ოჯახები და საკუთარი თავი”, - თქვა ვარადკარმა პრესკონფერენციაზე.

"ქალაქში შესვლა ახლა უსაფრთხოა. წუხელ მომხდარი არეულობები, საბედნიეროდ, მხოლოდ მის შედარებით მცირე ნაწილში მოხდა და რამდენიმე საათში შეწყდა",- განმარტა პრემიერმა.

დაჭრილებიდან ერთ-ერთის, ხუთი წლის გოგონას მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. სერიოზული დაზიანებების გამო, მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ინციდენტი სკოლის მახლობლად, ო'კონელის ქუჩაზე, მთავარ გამზირთან მოხდა.

პოლიცია ჯერ კომენტარს არ აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო ეს მამაკაცი, რა მოტივი ჰქონდა და იყო თუ არა ეს ტერორიზმი. თუმცა, ირლანდიურ პრესაში უკვე გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომ მამაკაცი უცხოელი იყო.

XS
SM
MD
LG