ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთ-უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა


რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, უკრაინის საზღვართან 10 აპრილს დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა. აფეთქების შედეგად, დაზიანდა აეროპორტის ღობე. მიუხედავად იმისა, რომ აფეთქება გუშინ მოხდა, ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ, ბელგოროდის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით მხოლოდ დღეს გაავრცელა.

ბელგოროდის აეროპორტის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნას საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ადასტურებს კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „რია ნოვოსტიც“.

რუსეთის ბელგოროდის ოლქი უკრაინის ლუჰანსკის, ხარკოვის და სუმის ოლქებს ესაზღვრება. რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის ბელგოროდის ოლქში დისლოცირებულ საბრძოლო ავიაციას იყენებს.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ბელგოროდის აეროპორტიდან სამოქალაქო ფრენები, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეწყდა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბელგოროდსა და მის შემოგარენში რამდენიმე დრონი ჩამოვარდა. მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია კიევს, თუმცა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობაში ამბობენ, რომ ისინი იტოვებენ უფლებას ესროლონ სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG