ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის პასუხი ვაშინგტონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ფაქტზე


ზოგადი ტენდენციაა მოვლენების რუსეთზე გადაბრალების - აცხადებს მოსკოვი ამერიკის დაზვერვის დოკუმენტების გაჟონვასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე. კრემლის პრესსპიკერმა კომენტარი ორშაბათს, 10 აპრილს გააკეთა.

ჟურნალისტის კითხვაზე - რას იტყვის მოსკოვი იმ ბრალდებებზე საპასუხოდ, რომ დოკუმენტების გაჟონვაში შესაძლოა რუსეთის ხელი ერიოს, დმიტრი პესკოვმა თქვა: "ამაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. თქვენც და ჩვენც ვიცით, რომ სინამდვილეში არსებობს ტენდენცია, ყველაფერი რუსეთს დაბრალდეს. ეს ზოგადად, დაავადებაა" - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

პესკოვმა გაჟონვას "საკმაოდ საინტერესო" ფაქტი უწოდა და არ გამორიცხა, რომ შეერთებული შტატები სადაზვერვო ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზეც აგროვებდა. მომხდართან დაკავშირებით კომენტარზე უარი თქვა რუსეთის უცხოეთის დაზვერვის სამსახურმა.

შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სამსახურები ათეულობით საიდუმლო დოკუმენტის გაჟონვით მიყენებული ზარალის გამოსწორებაზე მუშაობს. დოკუმენტები სოციალური მედიის გვერდებზე პირველად მარტში გამოჩნდა და თავდაპირველი ცნობებით, ასაჯაროებდა უკრაინის არმიისთვის მგრძნობიარე ინფორმაციას. უკრაინის გარდა, დოკუმენტები შეიცავდა ცნობებს ისრაელის, სამხრეთ კორეის და ამერიკის სხვა პარტნიორების თუ მოკავშირეების შესახებ.

საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, რომელიც დაახლოებით 50 დოკუმენტს თავად გაეცნო, მათში ზოგი "საიდუმლო" იყო, ზოგს კი გრიფი "განსაკუთრებით საიდუმლო" ედო. "როიტერს" მათი სანდოობის დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმების საშუალება არ ჰქონია.

ამერიკის მთავრობის ოფიციალური პირები სააგენტოს ეუბნებიან, რომ დოკუმენტების ნაწილში ინფორმაცია გაყალბებულია. მაგალითად, შეცვლილია ის ცნობა, რომელიც რუსეთის არმიის მხრიდან ომში დაღუპულთა თაობაზე იუწყება და მათში მსხვერპლის რაოდენობა შემცირებულია. საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ფაქტს შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი იძიებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG