ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულის აეროპორტში ვითარება რთულდება, ევაკუაცია შეწყვეტილია


"აეროპორტის ჭიშკარი ახლა დაკეტილია და იქ ადამიანებისთვის შესვლა შეუძლებელია" - განაცხადა დღეს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერიკსენ სოერიდმა. "ნეტავ შეგვძლებოდა იქ უფრო მეტი ხნით დარჩენა და ყველას გადარჩენა" - უთხრა ჟურნალისტებს გენერალმა უეინ ეირმა, კანადის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა.

ამ განცხადებების მსგავსად, დასავლეთის ბევრი ოფიციალური პირი ადასტურებს, რომ ავღანეთიდან სამოქალაქო პირთა გაყვანა შეწყდა. შეერთებულმა შტატებმა, რომელიც ქაბულის აეროპორტს არმიის 5 000-ზე მეტი შემადგენლობით აკონტროლებს, შესასვლელი ჭიშკრები ჩაკეტა.

სიტუაცია ქაბულის აეროპორტში მას შემდეგ შეიცვალა, რაც ხალხმრავალ შესასვლელთან სულ ცოტა, 2 აფეთქება მოხდა. ფრენები, რომლებიც შესაძლოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს იქ მყოფი უცხოეთის დიპლომატიური კორპურსებისთვის, თუ ათასობით ავღანელისთვის, ჯერჯერობით შეჩერებულია.

ამ მომენტისთვის "როიტერის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების გამო შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში გარდაიცვალა 12 საზღვაო ქვეითი და დაჭრილია ათობით სამოქალაქო პირი. სავარაუდოდ, მსხვერპლი გაცილებით მეტია, რადგან შემთხვევის ადგილიდან ავღანელი ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს ბევრი მიცვალებული და დაშავებული.

პენტაგონის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში მსხვერპლის რაოდენობა გარკვევით არ სახელდება. "როიტერის" ინფორმაციით, მომხდარში სულ ცოტა, 3 ამერიკელი საზღვაო ქვეითი დაიჭრა.

თალიბების ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაღუპულია 13 ავღანელი და მათ შორის ბავშვებიც არიან. ერთ-ერთი ქირურგიული საავადმყოფო, რომელსაც ქაბულში იტალიური საქველმოქმედო ორგანიზაცია მართავს, ამბობს, რომ მარტო მათთან 60 დაჭრილი მიიყვანეს.

აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ მომხდარის უკან დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" დგას. თვითმხილველების მონათხრობის მიხედვით, ეს თვითმკვლელი ტერორისტების მიერ მოწყობილი აფეთქება იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG