ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში განვითარებულ მოვლენებს მრავალმხრივი რეაქცია მოჰყვა


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება „ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და ძალადობას.“ დეპარტამენტი ასევე „უმკაცრესი სიტყვებით გმობს დემონსტრაციების დროს ადამიანების მოკვლასა და დღემდე, სულ ცოტა, ათასი ირანელის დაპატიმრებას.“

ამერიკის დიპლომატიური უწყება ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს „საკმარისი უფლებამოსილება აქვს იმისთვის, რომ პასუხი აგებინოს ადამიანებს, რომლებმაც დემონსტრაციების მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობა გამოიყენეს, რომლებიც ცენზურის გავრცელებას უწყობენ ხელს და ირანელ ხალხს ქურდავენ.“

დეპარტამენტმა რეჟიმის მსხვერპლის მისამართით თქვა, რომ „ისინი დავიწყებას არ მიეცემიან.“

ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ირანის მთავრობას მიმართა და თქვა, რომ „ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ადამიანებს მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარების საშუალება მიეცეთ.“ ორგანიზაცია ასევე სთხოვს თეირანს, დაიცვას დემონსტრაციების ასობით დაპატიმრებული მონაწილის უფლება და გამოიძიოს ყველა შემთხვევა, როცა „უსაფრთხოების სამსახურმა შეუიარაღებელი მომიტინგეების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.“ ამ დრომდე არსებული მონაცემებით, საპროტესტო აქციებზე, სულ ცოტა, 21 ადამიანია დაღუპული.

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი აბდულრეზა რაჰმან ფაზლი ამბობს, რომ მათ "ხელთ არსებულ უტყუარ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით,“ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილეობა დაახლოებით 42 ათასმა ადამიანმა მიიღო.

ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რუსეთმაც გააკეთა განცხადება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა შეერთებულ შტატებს სთხოვა ირანის „შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG