ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბიზნესის კეთება საქართველოში


შესწორება:

9 ივნისს თბილისის საპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითიც დააკმაყოფილა „ფილიპ მორის საქართველოსა“ და სს „ფილიპ მორის ეს.ეი“-ს სარჩელი და კომპანიები 92 მილიონამდე ლარის გადახდისგან გაათავისუფლა.

სტატიაში მოყვანილი, თომას მელიას და კურტ უოკერის, ციტატები, გამოთქმულია 8 ივნისს, "ჰერიტიჯის ფონდში" გამართულ კონფერენციაზე.

„საქართველოს ბიზნეს გარემოზე საუბრისას აუცილებელია ვახსენოთ ის საერთაშორისო კომპანიები და უცხოური ინვესტიციები, რომლებსაც საქართველოში პრობლემები შეექმნათ,“ ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე თომას მელია კომპანია „ფილიპ მორისის“ სასამართლო საქმეს.

მელია, რომელიც ამჟამად ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ უმცროსის საპრეზიდენტო ცენტრში მუშაობს, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მსგავსი საქმეები საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ართულებს, რადგან „უცხოელ ინვესტორებს ბარიერები ექმნებათ.“

მთავრობა მთლიანად არ სცემს პატივს სასამართლოს დამოუკიდებლობას
"ჰერიტიჯის ჰონდი"

„ფილიპ მორის საქართველოს“, „ჯორჯიან მანგანეცის“ და რუსთავი 2-ის სასამართლო საქმეებზე მელიამ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს ირაკლი მატკავას ვაშინგტონში, "ჰერიტიჯის ფონდში" გამართულ კონფერენციაზე ჰკითხა, სადაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და ამერიკელი ექსპერტები საქართველო-ამერიკის 25 წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბრობდნენ:

"პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რომელიც ჩემი ცნობით, თქვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, დამოკიდებულია სწორ, შეუზღუდავ გარემოზე, სადაც ეს ინვესტიციები დაცული იქნება, სადაც არის სისტემა და პროცესი, რომელშიც სასამართლო დავები გამჭვირვალედ გადაწყდება და იქნება სამართლიანი სასამართლო ან სხვა საარბიტრაჟო მექანიზმი, რომელსაც ადამიანები ენდობიან და დავა გადაწყდება კანონების მიხედვით.“

მელიას კრიტიკაზე პასუხად, მატკავამ განაცხადა, რომ საქართველო რეფორმების გზა აგრძელებს:

„საქართველო არაფერს მალავს ხალიჩის ქვეშ. ჩვენ ვაცნობიერებთ უფრო ღრმა რეფორმების საჭიროებას და ეს აუცილებლად ასეც იქნება. რაც შეეხება ჩამოთვლილ საქმეებს, ნებისმიერ მათგანს შეუძლია მიმართოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს.”

"ჰერიტიჯის ფონდის" ყოველწლიური ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრები შეერთებულ შტატებში ხშირად ციტირებენ, საქართველო 76 ქულით მეცამეტე ადგილზეა. ამ ჩამონათვალში საქართველო, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად, "მეტწილად თავისუფალი" ქვეყნების ოცეულში შედის.

გვესმის ამერიკელი ინვესტორების წუხილი, რომ საქართველოში უსამართლო მოპყრობას აწყდებიან. ეს საკითხები იმსახურებს ყურადღებას
კურტ უოკერი, მაკკეინის ინსტიტუტი

ანგარიშის თანახმად, საქართველოში საკუთრების უფლებები გაუმჯობესდა და მთავრობამ კონტრაქტების დადება გააადვილა, თუმცა პრობლემად რჩება სასამართლოს დამოუკიდებლობა: "მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი სასამართლო კონსტიტუციითაა გარანტირებული, უკანასკნელ წლებში მართლმსაჯულების სიტემაში მნიშვნელოვანი პროგრესი არ მიღწეულა და მთავრობა მთლიანად არ სცემს პატივს სასამართლოს დამოუკიდებლობას," ვკითხულობთ "ჰერიტიჯის ფონდის" 2017 წლის დასკვნაში.

„ჩვენ შეერთებულ შტატებსა და ევროპაში გვაქვს შეშფოთების საფუძველი იმასთან დაკავშრებით, რასაც საქართვლოში ვხედავთ, როგორიცაა ყოფილი პრემიერ-მინისტრის როლი კულისებში დემოკრატიულ ქვეყანაში, როგორიცაა მედიაზე წნეხი და სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური გავლენები. ასევე გვესმის ამერიკელი ინვესტორების წუხილი, რომ საქართველოში უსამართლო მოპყრობას აწყდებიან. ეს საკითხები იმსახურებს ყურადღებას,“ ამბობს მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი კურტ უოლკერი ბიზნესგარემოზე საუბრისას.

„ფილიპ მორის საქართველო“ VS „თბილისის თამბაქო“

2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია „ფილიპ მორისს” სს „თბილისის თამბაქოს” სასარგებლოდ 93 მილიონ ლარამდე ანაზღაურება დაეკისრა.

“თბილისის თამბაქო“ „ფილიპ მორის საქართველოს“ სიგარეტის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზებისთვის ედავებოდა, რის გამოც, “თბილისის თამბაქო“-ს მტკიცებით, მათი გაყიდვები შემცირდა და კომპანიას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებით, კომპანია „ფილიპ მორისის” მიერ ბაზარზე კონკურენტების გაძევების მიზნით დადგინდა დემპინგური ფასები, რის გამოც მასსს „თბილისის თამბაქოს” მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებს შორის სასამართლო დავას აკვირდებოდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო.“ ორგანიზაციის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილება მიღებულია სათანადო დასაბუთების გარეშე.

„სასამართლომ საქმეს არ დაურთო და გადაწყვეტილებაში არ გაითვალისწინა კომპანია „ფილიპ მორისის” მიერ წარდგენილი კონკურენციის სააგენტოს დასკვნა, რომლითაც არ დადგინდა თამბაქოს ბაზარზე „კონკურენციის შესახებ” კანონის დარღვევა… სასამართლომ კანონის დარღვევად შეაფასა დემპინგური ფასდადება საქონელზე, იმ პირობებში როდესაცდემპინგის მარეგულირებელი კანონმდებლობა საქართველოში არ არსებობს,” ვკითხულობთ ანგარიშში.

დასკვნის ავტორების თქმით,კომპანია „ფილიპ მორისს” რომც დაერღვია საქართველოს კანონმდებლობა,10 თებერვლის გადაწყვეტილებით,„თბილისის თამბაქოს” მიეკუთვნა იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე რეალური ზიანი შეიძლებოდა ყოფილიყო.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დასკვნიდან:

რას წარმოადგენს „ფილიპ მორისი”

“Philip Morris International” მსოფლიოში თამბაქოს მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში მაღალი რეპუტაციით სარგებლობს. ის აწარმოებს ბრენდებს MARLBORO, PARLIAMENT, L&M, CHESTERFIELD და BOND STREET. ფილიპ მორისი საქართველოში 1996 წლიდან ოპერირებს. შპს „ფილი მორისი საქართველო” არის “Philip Morris International”-ის შვილობილი კომპანია და აქვს ოფისები თბილისსა და ბათუმში. კომპანიას უშუალოდ, ასევე დისტრიბუტორებისა და პროდუქციის გაყიდვების მეშვეობით ასობით ადამიანი ჰყავს დასაქმებული. „ფილიპ მორისი” სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია. უკანასკნელი 10 წლის მანძილზე „ფილიპ მორისის” პროდუქციის გაყიდვით 900 მილიონი ლარი შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში.

რას წარმოადგენს „თბილისის თამბაქო”

სააქციო საზოგადოება „თბილისის თამბაქო”, 1998 წლიდან წარმოადგენს თამბაქოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ადგილობრივ მწარმოებელს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის ცნობილი ბრენდი „პირველი” შედის ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი რაოდენობით გაყიდვად სიგარეტის ბრენდთა სამეულში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სს „თბილისის თამბაქო” სავარაუდოდ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან ასოცირებული კომპანიაა, რომლის სახელსაც არაერთი გახმაურებული სასამართლო დავა უკავშირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG