ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო არაბული ინვესტიციების მოლოდინში


ბაჰრეინის სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანია Gulf Air თბილისში ფრენას ზაფხულიდან დაიწყებს

სავალუტო კრიზისის ფონზე, რომელმაც საქართველოში ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი შენელება გამოიწვია, მთავრობამ მზერა ამჯერად ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) მიაპყრო. ქართული მხარის მოწვევით, თბილისში პირველი ოფიციალური ვიზიტით, GCC-ის საბჭოს გენერალურ მდივანი, ბაჰრეინელი აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანი იმყოფება.

არაბული სავაჭრო ბლოკი, რომელიც 1981 წელს დაარსდა: საუდის არაბეთს, არაბეთის გაერთიანებულ საეიმიროებს, კუვეითს, ბაჰრეინს, ყატარსა და ომანს აერთიანებს. ეს არის 50 მილიონიანი ბაზარი, 3 ტრილიონზე მეტი - მთლიანი შიდა პროდუქტით (GDP), რომლის საბოლოო მიზანი ყურის კონფედერაციად ქცევაა.

ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო (GCC)
ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო (GCC)

ექსპერტების აზრით, ყურის საბჭოს (GCC) უკვე აქვს ერთიანი რეგიონის ნიშნები: ეს არის ერთიანი საბაჟო კავშირი, ერთიანი ენერგეტიკული სისტემა, საერთო ბაზარი, რომლის ერთიან ბაზარში ტრანსფორმირების რთული პროცესი უკვე მიდის. მესამე წელია დაწყებულია პოლიტიკური კონსულტაციები საერთო ვალუტის შემოღების თაობაზეც.

ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალური მდივანი თბილისში უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს. აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზიანმა კერძოდ ბრძანა:

"საქართველოს გააჩნია ძალიან მდიდარი სავაჭრო ურთიერთობების ისტორია და გახლავთ გზაგასაყარი სხვადასხვა ცივილიზაციებს შორის. ჩვენ ველით ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსა და საქართველოს შორის მყარი კავშირების აგებას“
აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზიანი, GCC-ს გენერალური მდივანი

„კერძო ბიზნესისა და ბიზნესს წრეების ნდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. კერძოდ ის, რომ მათი ინვესტიციები უნდა იყოს დაცული. მნიშვნელოვანია, რომ თქვენს ქვეყანაში ეს პრობლემა არ არსებობს.

საქართველოს გააჩნია ძალიან მდიდარი სავაჭრო ურთიერთობების ისტორია და გახლავთ გზაგასაყარი სხვადასხვა ცივილიზაციებს შორის. ჩვენ ველით ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსა და საქართველოს შორის მყარი კავშირების აგებას.“

2016 წელს, GCC-ს სავაჭრო ბლოკში შემავალ ქვეყნებსა და საქართველოს შორის, დადებითი იმპულების დანახვა, მხოლოდ ტურიზმის მიმართულებით შეიძლება. შარშან, საუდის არაბეთიდან საქართველოში - 42 ათასზე მეტი ტურისტი შემოვიდა, ომანიდან - თითქმის 24 000 და საემიროებიდან - 20 ათასამდე.

Air Arabia-ს ლაინერი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში
Air Arabia-ს ლაინერი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში

ტურისტების ზრდას ხელი შეუწყო საავიაციო ფრენების სიხშირის გაზრდამ Fly Dubai-ს, ყატარის ავიახაზებისა და Air Arabia-ს მხრიდან. საქართველოს აეროპორტებიდან მგზავრთა ნაკადის ზრდის მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მიმართულება სწორედ, არაბეთის გაერთიანებული საემიროებია. 2017 წლის ზაფხულიდან კი თბილისის მიმართულებით ფრენას ასევე დაიწყებს Gulf Air-ი, ბაჰრეინის სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანია.

რაც შეეხება ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებს. 2016 წელს, ყურის საბჭოს ექვსივე ქვეყნიდან საქართველოში, 139 მილიონი დოლარის ოდენობის იმპორტი გამხორციელდა და აქედან 138 მილიონი მხოლოდ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებზე მოდის. საქართველოდან ექსპორტზე GCC -ის ქვეყნებში - 57 მილიონი დოლარის საქონელი შევიდა. მათ შორის, 32 მილიონის - საემიროებში და 24 მილიონის - საუდეთში.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა კი იმაზე მიუთითებს, რომ GCC-ს სავაჭრო ბლოკის კერძო ბიზნესისთვის საქართველო საინვესტიციოდ მიმზიდველი ისევ არ არის. 2016 წელს, ინვესტიცია, ერთადერთი საუდის არაბეთიდან შემოვიდა და ისიც, მხოლოდ, 11 მილიონი დოლარის ოდენობით.

აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზიანი და პრემიერი კვირიკაშვილი
აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზიანი და პრემიერი კვირიკაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ალ ზაიანთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და GCC-ის ქვეყნებს შორის გამოუყენებელი პოტენციალი არსებობს.

GCC-ის საბჭოსთან ურთიერთობის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას წარმოადგენს ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ეს ურთიერთობები დაწყებულია, მაგრამ არსებობს ბევრად უფრო მეტი პოტენციალი"
მიხეილ ჯანელიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი

„ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან ურთიერთობის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას წარმოადგენს ეკონომიკური თანამშრომლობა. ვისაუბრეთ ამ შესაძლებლობების შესახებ. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ეს ურთიერთობები დაწყებულია, მაგრამ არსებობს ბევრად უფრო მეტი პოტენციალი, ამისათვის კი საჭიროა მეტი ინტერაქცია.“

ყურის თანამშრომლობის საბჭოში (GCC) შემავალი ექვსი არაბული ქვეყნიდან საქართველოში საელჩო მხოლოდ ყატარს აქვს, რომელიც თბილისში 2015 წლის ზაფხულიდან მუშაობს. საქართველოს კი საელჩოები გახსნილი აქვს კუვეითში, ყატარსა და საუდის არაბეთში.

XS
SM
MD
LG