ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუპერ-სამშაბათისთვის მზადების ფონზე, ბუტეჯეჯმა მარათონი დატოვა


პიტ ბუტეჯეჯმა საპრეზიდენტო კამპანია შეწყვიტა. კვირას, მხარდამჭერებისადმი გაკეთებულ მიმართვაში, ინდიანის შტატის ქ. საუთ-ბენდის ყოფილმა მერმა თქვა, რომ ეს "რთული გადაწყვეტილება" იყო, მაგრამ პარტიის ერთიანობის ინტერესებიდან გამომდინარე - აუცილებელი.

ბუტეჯეჯს ოფიციალური მხარდაჭერა ჯერჯერობით არცერთი კანდიდატის მიმართ არ გამოუხატავს. თუმცა, მან პირობა დადო, რომ "ყველაფერს გააკეთებს საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში" იმისთვის, რომ თეთრი სახლი მომავალი წლის იანვარში დემოკრატმა პრეზიდენტმა დაიკავოს.

პიტ ბუტეჯეჯი ამერიკის ისტორიაში უკვე შევიდა, როგორც პირველი, ღიად ჰომოსექსუალი საპრეზიდენტო კანდიდატი. აიოვის შტატში გამართულ პირველ შიდაპარტიულ არჩევნებზე, ის ბერნი სანდერსთან ერთად, დამაჯერებლად ლიდერობდა, თუმცა სამხრეთ კაროლინაში გამართულ ბოლო პრაიმერზე მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა. სამხრეთ კაროლინაში დამაჯერებელი გამარჯვება ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოიპოვა.

დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატები ახლა ე.წ. სუპერ-სამშაბათის შიდაპარტიული არჩევნებისთვის ემზადებიან, რომელიც ერთდროულად 14 შტატში გაიმართება. ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ორ დღეში, თუ დემოკრატთა ნომინაციის მფლობელის არა, ფინალისტების ვინაობა მაინც გახდება ცნობილი.

ჯო ბაიდენმა ბუტეჯეჯის კანდიდატურას "ისტორიული, გზის გამკვალავი კამპანია" უწოდა. ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა მაიკ ბლუმბერგმა კი თქვა, რომ მისმა მონაწილეობამ დემოკრატიული პარტია "გააძლიერა და ჩვენი ერი უკეთესი გახადა".

ბერნი სანდერსმაც აღნიშნა, რომ ბუტეჯეჯის კამპანია ისტორიული მნიშვნელობის იყო. საქებარი სიტყვები არ დაიშურეს არც მასაჩუსეტსის შტატის სენატორმა ელიზაბეტ უორენმა და მინესოტის სენატორმა ემი კლობუჩარმა. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ბუტეჯეჯი ქვეყნის სამსახურში კიდევ დიდი ხნის მანძილზე დარჩება. სუპერ-სამშაბათი მათთვისაც გადამწყვეტი გამოცდა იქნება.

გამოკითხვების მიხედვით, 14-დან 7 შტატში ჯო ბაიდენი ლიდერობს. 6 შტატში ხმების უპირატესობა ბერნი სანდერსს აქვს. ემი კლობუჩარი მხოლოდ საკუთარ შტატში დაწინაურდა. სამშაბათის არჩევნებზე, მათ გვერდით პირველად გამოჩნდება მაიკ ბლუმბერგის სახელი. ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა პირველი 4 შიდაპარტიული არჩევნები და დებატების უმეტესი ნაწილი გამოტოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG