ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯიის შტატში არჩევნების მეორე ტური, სენატში ძალთა თანაფარდობას განსაზღვრავს


ჯორჯიის შტატში სამშაბათს გამართული არჩევნების მეორე ტური, რომელშიც დემოკრატი სენატორი რაფაელ ვერნოკი და ამერიკული ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი, რესპუბლიკელი ჰერშელ ვოლკერი მეტოქეობენ, გადაწყვეტს თუ მოახერხებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პარტია, სენატში საკუთარი მინიმალური უმრავლესობა გაზარდოს.

იმ დროს, როდესაც დონალდ ტრამპს სურს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენთან დასაპირისპირებლად რესპუბლიკური პარტიიდან ნომინაცია მოიპოვოს, ეს რბოლა იმ გავლენის ბოლო გამოცდაც იქნება, რომელიც ტრამპს შუალედურ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლებზე აქვს.

ვოლკერის წინასაარჩევნო კამპანია სხვადასხვა ბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა, მათ შორის იყო ყოფილი მეგობარი ქალის განცხადებები, რომ მას აბორტებისკენ უბიძგა, თუმცა თვითონ ვოლკერი ამ პროცედურის უკანონოდ გამოცხადებისკენ იბრძოდა. ვოლკერმა ამ განცხადებებს სიცრუე უწოდა.

8 ნოემბერს, არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების 50 პროცენტის მოპოვება ვერ შეძლო და მეორე ტურის საჭიროებამ ეს არჩევნები 2022 წლის შუალედური არჩევნების სეზონზე, ყველაზე ძვირადღირებულ არჩევნებად აქცია. დღეისთვის უკვე 400 მილიონზე მეტი დოლარია დახარჯული. კამპანიის საფინანსო ჩანაწერები აჩვენებს, რომ ფონდების მოზიდვის კუთხით, ვერნოკს აშკარა უპირატესობა აქვს.

ვერნოკის გამარჯვებას შეეძლება დემოკრატებს 100 ადგილიან სენატში 51 ხმიანი უმრავლესობა მისცეს და სასამართლო და ადმინისტრაციულ თანამდებობებზე ბაიდენის კანდიდატების დაწინაურება ცოტა უფრო ადვილი გახადოს.

ვერნოკი ატლანტის ისტორიული ეკლესიის პასტორია, სადაც ადრე მარტინ ლუთერ კინგი ქადაგებდა. ჯორჯიის შტატის ორივე კანდიდატი შავკანიანია.

XS
SM
MD
LG