ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეკანოიძის გეგმებს კიევში პოლიტიკური ნების უქონლობა აფერხებს


უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა და უკრაინაში პოლიციის რეფორმაზე ისაუბრა. მისი თქმით, წარმატებული რეფორმებისთვის სამი ელემენტია საჭირო - პოლიტიკური ნება, კარგი გუნდი და რეფორმების პროცესის თანმიმდევრულობა. მან საქართველოსა და უკრაინას შორის პარალელები გაავლო.

„რეფორმების გატარება ყოველთვის ძალიან მტკივნეული პროცესია - სამწუხაროდ. რეფორმებს ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ. მათ შოკური თერაპიის პრინციპით უნდა მივუდგეთ, რაც მე სწორ ნაბიჯად მიმაჩნია. საქართველოსთან პარალელებს რაც შეეხება, უკრაინა ძალიან დიდი ქვეყანაა. ჩემი ქართლი გამოცდილება კი უკრაინაში ვფიქრობ გამომადგება,“ აცხადებს უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი.

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაღუპული პოლიციელის ხსოვნას პატივს მიაგებს
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაღუპული პოლიციელის ხსოვნას პატივს მიაგებს

უკრაინის პარტნიორებს აინტერესებთ რა ვადებში შეიძლება განხორციელდეს უკრაინის პოლიციის სრულფასოვანი რეფორმა. ამაზე დეკანოიძე აცხადებს: „რომ გითხრათ, რომ ექვს თვეში უმაღლესი დონის ეროვნულ პოლიციას შევქვმნი არავინ დამიჯერებს. მაგრამ, რომ გითხრათ, რომ შევცვლით მიდგომას, პოლიციას გავუზრდით ხელფასს, მივაწოდებთ კარგ ფორმებს, დავასრულებთ მცირე ზომის კორუფციას ყველა დონეზე, [დამიჯერებთ, რომ] შესაძლებელია, რომ ორ წელში უკრაინას ჰყავდეს პოლიცია, რომელიც ორიენტირებული იქნება უსაფრთხოებაზე, დაცვასა და ხალხის მომსახურებაზე,“ ამბობს დეკანოიძე.

უკრაინაში თანამედროვე პოლიციის შექმნას დასავლეთში მიესალმებიან, თუმცა სკეპტიციზმის ნაკლებობა ამ მიმართულებით არ შეინიშნება. დეკანოიძის თქმით, რეფორმების ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელება და პოლიტიკური ნება, რომელიც კიევში არსებობს, პოლიციის რეფორმის წარმატებით დასრულებას ხელს შეუწყობს. ამ მოსაზრებას ვაშინგტონში ყველა არ ეთანხმება.

სააკაშვილი უფრო მნიშვნელოვანი და დადებითი პოლიტიკური ფიგურა იყო, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტი იუშჩენკო,“ აცხადებს ჰერბსტი. მისივე თქმით, „ოდესაში ის წარმატების მიღწევას გულითადად ცდილობს, მაგრამ მის ძალისხმევას კიევში ზოგიერთი მაღალჩინოსანი ხელს უშლის.
ჯონ ჰერბსტი

ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი და ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაიანასა და უზბეკეთში ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის რეფორმების განხორციელების კუთხით დიდი განსხვავებაა. „საქართველოში საპატრულო პოლიცია ერთბაშად შეიცვალა, უკრაინაში კი ეს გაცილებით ნელი პროცესია. კიდევ ერთი განსხვავება ისაა, რომ 2003 წელს საქართველოში რეფორმების გატარება სწრაფად დაიწყო. პრეზიდენტი პოროშენკო და პრემიერ მინისტრი იაცენიუკი რეფორმების მიმართ ასეთი ერთგული არ არიან,“ განაცხადა ჰერბსტმა ამერიკის ხმასთან საუბარში.

დეკანოიძის მიერ დაწყებულ რეფორმებზე ჰერბსტი დადებითად საუბრობს და ამბობს, რომ უკრაინის ეროვნული პოლიციის ახალი უფროსი კარგი ლიდერია, რაც ბევრ პრობლემას თავისთავად ამცირებს. თუმცა, ის შიშობს, რომ უკრაინაში რეფორმების ტემპს - საქართველოსგან განსხვავებით - მთავრობა აფერხებს. ამის მაგალითად მან საბაჟო სისტემის რეფორმა მოიყვანა და დასძინა, რომ საბაჟო სამსახური უკრაინის სხეულზე „დასნეულებული წანაზარდია“ რომელიც მასთან შეხების მქონე ყველა ადამიანს ასნეულებს.


ყოფილი ელჩი მთავრობის მხრიდან პოლიტიკურ ნებას ვერ ხედავს იმისთვის, რომ პოლიციის რეფორმა წარმატებით დასრულდეს. ის ამის საუკეთესო მაგალითად ოდესის საბაჟო სამსახურს ასახელებს. რეფორმა, რომლის ავტორიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო და რომელსაც საბაჟო სამსახურში კორუფცია უნდა აღმოეფხვრა, პრემიერ მინისტრმა იაცენიუკმა შეაჩერა:

„პრემიერ მინისტრმა იაცენიუკმა ეს რეფორმა შეაჩერა და განაცხადა, რომ საბაჟო ის უწყებაა, სადაც რეფორმები მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთნაირად უნდა განხორციელდეს. ეს ძალიან ჭკვიანური ბიუროკრატიული პასუხია, მაგრამ ამის შედეგი რეფორმებისთვის დარტყმის მიყენება იყო, რისთვისაც ის მკაცრ კრიტიკას იმსახურებს,“ განაცხადა ჰერბსტმა.

ჰებსტი ამბობს, რომ ის სააკაშვილის დიდი ფანი არასოდეს ყოფილა და მიაჩნია, რომ „დასავლეთი რბილად ექცეოდა და მას ავრორიტარული ტენდენციები ჰქონდა.“ თუმცა, „სააკაშვილი უფრო მნიშვნელოვანი და დადებითი პოლიტიკური ფიგურა იყო, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტი იუშჩენკო,“ აცხადებს ჰერბსტი. მისივე თქმით, „ოდესაში ის წარმატების მიღწევას გულითადად ცდილობს, მაგრამ მის ძალისხმევას კიევში ზოგიერთი მაღალჩინოსანი ხელს უშლის.“

ჰერბსტი ამბობს, რომ უკრაინაში პოლიციის რეფორმა გრძელი და კომპლექსური პროცესი იქნება. მისი თქმით, ეროვნული პოლიცია დღეს რეფორმების სწორ კურსს ადგას, თუმცა მთავრობის მხრიდან ერთსულოვანი პოლიტიკური ნების გარეშე ქვეყანაში რეფორმების ბოლომდე გატარება და კორუფციის აღმოფხვრა ძალიან გართულდება.

XS
SM
MD
LG