ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო-ნატო: ინტერვიუ დეიმონ უილსონთან


ამერიკის ხმა: ნატოს ბრიუსელის მინისტერიალზე მონტენეგრომ ალიანსისგან ოფიციალური მიწვევა მიიღო, ეს 2009 წლიდან ალიანსის გაფართოების პირველი შემთხვევაა. ელოდით მონტენეგროს ახლა მიწვევას?

დეიმონ უილსონი: დიახ, ველოდი, ბევრი მიიჩნევს, რომ მონტენეგროს მიწვევა უფრო ადრეც უნდა მიეღო, მაგრამ ალიანსს კონსენსუსის მისაღწევად დრო დასჭირდა. ვფიქრობ რუსეთმა ერთგვარი მუქარით ალიანსს ამ გადაწყვეტილებისკენ უბიძგა. ეს მოსალოდნელი იყო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მისმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, მხარდაჭერა რამდენიმე თვის წინ გამოხატა, რამაც ალიანსის მზაობა დაამტკიცა.

ამერიკის ხმა: ბრიუსელის მინისტერიალის შემდეგ თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველოსთვის მონტენეგროს მიწვევა ნიშნავს, რომ ალიანსს აქვს ნება და შესაძლებლობა გაფართოების პროცესი გააგრძელოს, მაგრამ ამავდროულად თქვით, რომ ეს ხაზს უსვამს იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც საქართველო გეოგრაფიის გამო დგას. საქართველოს წევრობის განხილვისას გეოგრაფია ერთადერთი პრობლემაა?

დეიმონ უილსონი: ნატოსთან ურთიერთობაში საქართველომ თავი გამოიჩინა როგორც სანდო პარტნიორმა, მას კარგი მაჩვენებელი აქვს, ეს განსაკუთრებით ეხება ნატოს ოპერაციებში მონაწილეობას, საქართველო ერთი თავით უსწრებს ნატოს სხვა პარტნიორ ქვეყნებს.

საქართველოსთვის დიდი პრობლემაა გეოგრაფია - რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. ამავდროულად ბევრი მოკავშირე ზედმიწევნით აკვირდება საქართველოში რეფორმების გაგრძელებას. ეს დაკვირვება გაგრძელდება, მაგრამ მიმაჩნია, რომ გეოგრაფია მაინც უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.

ამერიკის ხმა: მონტენეგროს მიწვევის შემდეგ ხშირად გვესმის, რომ ეს ასპირანტი ქვეყნებისთვის იმედისმომცემია, იქვე ამბობენ, რომ პოლიტიკურ ნაწილში საქართველოს მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი. რას მოიცავს პოლიტიკური ნაწილი, რომელიც საქართველოს წარმატებას განსაზღვრავს?

ყოველი სამიტი ურთიერთობების შეჯამების და დაახლოების შანსია. არ მგონია ვინმეს იმის ილუზია ჰქონდეს, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო ნატოს წევრი გახდება

დეიმონ უილსონი: საქართველომ ბევრი მნიშვნელოვანი ვალდებულება შეასრულა. მთლიანობაში ინტეგრაციას რაც შეეხება, ევროპის კავშირთან ურთიერთობების მშენებლობის პარალელურად ბევრი რამ გასაკეთებელი რჩება. პირველ რიგში ეს ქართველებისთვის მათი დემოკრატიული ინსტიტუტების რწმენის ჩამოყალიბებაა, იგივე ეხება საერთაშორისო საზოგადოებას. ეს თემები გამოცდებს გადის, საქართველო ახალგაზრდა ქვეყანაა.

არსებითად მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და ამ თემებზე დებატების შესაძლებლობა. ბევრ დარგში საქართველო თავის ყველა მეზობელს და რეგიონის ყველა ქვეყანას წინ უსწრებს. მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებსაც ყურადღებით დავაკვირდებით და შევისწავლით. ვფიქრობ ეს სამართლიანია, თუ გინდა ტრანს-ატლანტიკური საზოგადოების ნაწილი იყო, მაშინ შენ მეტად დაგაკვირდებიან, ვიდრე მას, ვისაც იგივე მისწრაფებები არ აქვს.

ამერიკის ხმა: თქვენ, როგორც ნატოს გაფართოების მხარდამჭერს, არაერთხელ გითქვამთ, რომ საქართველოს შეუძლია თავი გაართვას ალიანსის წევრობას. ბევრი დასავლელი ანალიტიკოსი ასეთი დარწმუნებული არ არის.

დეიმონ უილსონი: მე მჯერა საქართველოს მისწრაფებების, მისი ამჟამინდელი და წარსული მთავრობების დასავლური ორიენტაციის. ქვეყნის ორიენტაცია, განსაკუთრებით ატლანტიკური მისწრაფებები, საქართველოში განსხვავებული მოსაზრებების მქონე ჯგუფებს აერთიანებს.

ამერიკის ხმა: ზოგიერთი არ დაგეთანხმებათ და გეტყვით, რომ საქართველომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ დასავლეთის მხარდაჭერა გარკვეულწილად დაკარგა. იზიარებთ ამ შეფასებას?

დეიმონ უილსონი: მე ასე არ ვიტყოდი, არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ აქ მთავარი „ნაციონალური მოძრაობა“ ან „ქართული ოცნებაა“, ეს ასე არ არის, მთავარი საქართველოა. შეხედეთ ევროპას, ის დღეს კრიზისშია, ის ლტოლვილების და მიგრანტების უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, არჩევნებში პოპულისტი ნაციონალისტები იმარჯვებენ, ევროპა თავის თავში არ არის ბოლომდე გარკვეული. ზოგჯერ ქართველებს ჰგონიათ, რომ სამყარო მათ გარშემო ბრუნავს, სინამდვილეში კი ევროპის იდეა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, და როცა შენს თავში დარწმუნებული არ ხარ შენს ჯგუფში ახალი წევრების დამატებისგან თავს იკავებ.

ამერიკის ხმა: რა იტყვით რუსული სენტიმენტების ან გავლენის ზრდაზე?

დეიმონ უილსონი: რუსეთის პროპაგანდისტულ ძალისხმევას ჩვენ ყველგან ვხედავთ, იგივე ხდებოდა მონტენეგროში, იგივე ხდება უკრაინაში. გადაჭარბების გარეშე მჯერა, რომ ეს ნარატივი ქართველებში გამოხმაურებას არ პოულობს.

ამერიკის ხმა: რუსეთი მკვეთრად და ხმამაღლა ეწინააღმდეგება ნატოს გაფართოებას, საგარეო საქმეთა მინისტრმა მონტენეგროს მიწვევას შეცდომა და პროვოკაცია უწოდა. რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება ამას მოჰყვეს რუსეთისგან?

დეიმონ უილსონი: არ მგონია რუსეთმა რამე კონკრეტული ნაბიჯები გადადგას მონტენეგროს წინააღმდეგ. გაფართოების პროცესს უფრო მეტი სიცხადე და თავდაჯერებულობა ახლავს და ის ზრდის იგივე რუსეთთან სტაბილური თანამშრომლობის შესაძლებლობებს. მაგალითად რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობა დღეს ბევრად უფრო სტაბილური სწორედ პოლონეთის ნატოში წევრობის გამოა, იგივეს ველოდები მონტენეგროში. გულწრფელად მგონია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოშიც იგივე შედეგს ვნახავთ. საქართველოს რუსეთთან ბევრად უფრო ნორმალური ურთიერთობა ექნება თუ ის ნატოს წევრი გახდება.

ვშიშობ, რომ ამასობაში რუსეთი შანსებს გამოიყენებს, ის შეეცდება სუსტი წერტილები გამოიყენოს, შეეცდება მის საზღვართან ნატოს გავრცელება შეაფერხოს. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა რუსეთის სუსტი სამიზნეები არ იყვნენ, არამედ ჰქონდეთ მყარი სახელმწიფო ინსტიტუტები და განავითარონ თავდაცვის სფერო.

ამერიკის ხმა: 2008 წლის ბუქარესტის შემდეგ, როცა საქართველომ და უკრაინამ ალიანსისგან MAP ვერ მიიღეს, მალევე რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო და საქართველოს ტერიტორიების დაახლოებით მეხუთედი დაიპყრო. ელოდებით თუ არა, რომ რუსეთი ვარშავის სამიტის მოლოდინში ე.წ. „პრევენციულ ნაბიჯებს“ გადადგამს?

დეიმონ უილსონი: აქ საუბარია შეკავებაზე და ამ შეკავების დარღვევას 2008-ში ალიანსის მიერ ყოყმანმა შეუწყო ხელი, რუსეთმა ამ ვითარებით ისარგებლა. ვარშავის სამიტის მიზანი დარწმუნების პოლიტიკიდან შეკავების პოლიტიკისკენ ნაბიჯის გადადგმაა.

ამერიკის ხმა: რა მოლოდინი გაქვთ ვარშავის სამიტისგან?

საქართველომ ევროპა საქართველოშივე უნდა შექმნას, უნდა გააგრძელოს ნატოს მშენებლობა საქართველოშივე, ეს ის თემებია, რომლებზეც კონტროლი უშუალოდ საქართველოს აქვს, რაც ინდივიდების, პარტიების თუ პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.

დეიმონ უილსონი: ყოველი სამიტი ურთიერთობების შეჯამების და დაახლოების შანსია. არ მგონია ვინმეს იმის ილუზია ჰქონდეს, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ზოგადად, ბევრი რამ გაურკვეველია. გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენ დღეს ვიღებთ, ვარშავამდე შეიძლება ძალაში არც იყოს. ნახეთ როგორ შეცვალა უკრაინის ამბებმა ვითარება უელსის სამიტის წინ, ნახეთ როგორ ცვლის პოლიტიკას სირია და „ისლამური სახელმწიფო“. ასე რომ ჯერ ნაადრევია ვარშავის სამიტის კონკრეტულ შედეგებზე საუბარი, მე დიდ ცვლილებებს არ ველოდები. ნატო-საქართველოს უფრო მყარი და ახლო ურთიერთობები სამომავლოდ ალიანსის საზღვრების გაფართოებაზე პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მოგვამზადებს.

ამერიკის ხმა: რა უნდა გააკეთოს საქართველომ საამისოდ?

დეიმონ უილსონი: ვფიქრობ საქართველომ ევროპა საქართველოშივე უნდა შექმნას, უნდა გააგრძელოს ნატოს მშენებლობა საქართველოშივე, ეს ის თემებია, რომლებზეც კონტროლი უშუალოდ საქართველოს აქვს, რაც ინდივიდების, პარტიების თუ პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. რომ საქართველოში ძლიერმა ინსტიტუტებმა იმუშაონ, რომ საქართველოში გამყარდეს ევროპული ნორმები და ღირებულებები.

სამხედრო სფეროში ბევრმა ეს უკვე ნახა, ნახეს ქართველების თავგანწირვა სამხედრო მისიებში. ახლა ქართველებმა ძალისხმევა მათივე მომავალის შექმნისკენ უნდა მიმართონ. საბოლოო ჯამში სწორედ ეს იქონიებს გავლენას ვაშინგტონსა და ევროპის დედაქალაქებში მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.

ამერიკის ხმა: როგორ ართმევს ამ ნაწილს თავს საქართველოს მთავრობა? უკანასკნელ პერიოდში ის არაერთხელ გააკრიტიკეს მედიის ცენზურის მცდელობისთვის ან იმისთვის, რაც ხშირად პოლიტიკურ დევნად აღიქმება.

დეიმონ უილსონი: ყოველ ჯერზე როცა საქმე ეხება პოლიტიკურ დევნას ან მედიის თავისუფლებას, საქართველოს მთავრობა მწვავე კრიტიკას ისმენს. ეს იმიტომ ხდება, რომ საქართველოსგან, როგორც დასავლური მისწრაფებების მქონე ქვეყნისგან, უფრო მაღალი მოლოდინები გვაქვს.

საქართველო გარდამავალი, შედარებით ახალი დემოკრატიის ქვეყანაა და ამას თან ახლავს ისეთ თემებზე ყურადღების გამახვილება და გამოხმაურება, როგორიცაა ოპოზიციასთან ურთიერთობა, პოლიტიკური საქმეების გამოძიება, ეს არ ნიშნავს დაუსჯელობის დამკვიდრებას. როგორ მოახერხებს საქართველოს მთავრობა ქვეყნის წინ წაყვანას და არა წარსულში დაბრუნებას? ამ თემაზე საქართველოს პოლიტიკურ აქტორებთან არაერთხელ გვისაუბრია. რაზე ააგებს საქართველო მომავალს ისე რომ ინსტიტუტები გააძლიეროს და ისინი ერთ პიროვნებაზე ან პარტიაზე დამოკიდებულნი არ იყვნენ?

უშვებს თუ არა საქართველოს მთავრობა შეცდომებს? რა თქმა უნა უშვებს. იგივეს ვხედავდით წინა მთავრობაში. ზუსტად ამიტომაა მედიის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი თემა, ამიტომაც მიმაჩნია გამართლებულად ის გაჩაღებული კრიტიკა, რაც დებატებისას ისმის.

ნატოს გაფართოება ეგზისტენციალური საკითხია, ეს არ არის სამიტიდან სამიტამდე მიღებული კომუნიკე, ეს პროცესია და ამ პროცესზე სირთულეები იქნება. დღეს ტრანს-ატლანტიკურმა საზოგადოებამ არ იცის როგორ გაუმკლავდეს ბატონ პუტინს, ჩვენ არ გვაქვს პუტინის წინააღმდეგ სტრატეგია, ეს საკითხი დაგვყოფს, იქნება გაურკვევლობა, ბუნდოვანება. ამიტომაც ჩვენ გვჭირდება მყარი, ფოკუსირებული სტრატეგია და ხედვა.

შესაბამისად საქართველოშიც ვეძებთ მკაფიო ხედვის და მტკიცე ნებისყოფის მქონე პარტნიორებს, ვისაც ესმით თუ რისი აშენება სურთ, პირველ რიგში საკუთარი ხალხისთვის. საბოლოო ჯამში ეს გზა სასურველ შედეგამდე - ნატოს წევრობამდე მივა.

XS
SM
MD
LG