ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეიმონ ვილსონი გიგი უგულავას საქმეზე


მნიშნელოვანია საქართველომ შეინარჩუნოს როგორც საერთაშორისო საზოგადოების სანდოობა ასევე ქართველი ხალხის ნდობა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოში წინასწარი პატიმრობის ფართოდ გამოყენებულ პრაქტიკას გმობს, ატლანტიკური საბჭოს ვიცე დირექტორი - დეიმონ ვილსონი ეხმაურება.

კანონის უზენაესობას, სასამართლო სისტემის გამართულობას და ინსტიტუტების სწორ მუშაობას საქართველოს დასავლურ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებისთვის პრინციპული მნიშვნელობა ექნება
დეიმონ ვილსონი, ატლანტიკური საბჭოს ვიცე დირექტორი

წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველო მეზობელ თურქეთთან და რუსეთთან ერთადაა გაკრიტიკებული. კითხვაზე ნიშნავს თუ არა ეს რომ დასავლეთი საქართველოს დემოკრატიის შეფასებისას ამ ქვეყნებთან ერთად აჯგუფებს, ვილსონი გვპასუხობს, რომ საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად მისი რუსეთთან შედარება არ შეიძლება.

„საქართველო ახლა გარდამავალ ეტაპზეა. ის პოსტ-საბჭოთა მემკვიდრეობიდან და თითქმის არშემდგარი სახელმწიფოდან იქცა ქვეყანად, რომელიც დასავლეთის კარებთან დგას, ნატოს კარებზე აკაკუნებს და აქვს წარმოუდგენლად მყარი კავშირები ევრო-კავშირთან და შეერთებულ შტატებთან. საქართველოში ახლა პოლიტიკური პროცესების და ინსტიტუტების მომწიფების პერიოდია. კანონის უზენაესობას, სასამართლო სისტემის გამართულობას და ინსტიტუტების სწორ მუშაობას საქართველოს დასავლურ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებისთვის პრინციპული მნიშვნელობა ექნება.“

დეიმონ ვილსონის შეფასებით თბილისის ყოფილი მერის - გიგი უგულავას სასამართლო საქმე სწორედ ამ ინსტიტუტების გამართულობის ტესტია.

„მე არ ვიცი საქმის ყველა დეტალი, მაგრამ მნიშნელოვანია საქართველომ ამას თავი ისე გაართვას, რომ შეინარჩუნოს როგორც საერთაშორისო საზოგადოების სანდოობა, რომელიც ვითარებას აკვირდება, ასევე ქართველი ხალხის ნდობა. მწვავე პოლიტიკური დებატები ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში ხდება, მაგრამ არსებობს ხაზი, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება. ამ ხაზის პოვნა გარდამავალი დემოკრატიებისთვის ყველაზე რთული მისიაა. ჩემი აზრით საქართველოში ახლა სწორედ ამ სირთულის მომსწრენი ვართ.“

ვისლონი ამბობს, რომ სირთულეების მიუხედავად ქართული დემოკრატიის გრძელვადიანი განვითარების სჯერა, თუმცა მისი თქმით ამისთვის საჭირო წინაპირობები როგორიცაა კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადობის და პოლიტიკური ოპოზიციის გააზრება ადვილად მისაღწევი არ არის.

XS
SM
MD
LG