ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო: სიერა-ლეონეში დაღუპულთა რიცხვმა 400-ს გადააჭარბა


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, სიერა-ლეონეს დედაქალაქ ფრიტაუნში მომხდარი მეწყრისა და შემდგომი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 400-ს აჭარბებს.

მაშველები ტალახის სქელი ფენებისა და შენობების ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ ეძებენ 600-მდე ადამიანს. თუმცა სამაშველო ღონისძიებები ამინდის გამო ფერხდება. მეტეოროლოგების პროგნოზით, წვიმიანი ამინდი კიდევ რამდენიმე დღეს გასტანს.

გუშინ დაღუპულების ნაწილი დაკრძალეს. ქვეყნის პრეზიდენტმა ერნესტ ბაი კორომომ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მხარდაჭერას დაჰპირდა.

მეწყერი ქალაქში ორშაბათს, გამთენიისას, რამდენიმესაათიანი ძლიერი წვიმის შემდეგ ჩამოწვა. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ გზები უეცრად „ტალახის მდინარეებად“ გადაიქცა.

მოგვიანებით სიერა ლეონეს ხელისუფლება მოსახლეობას კიდევ ერთი საშიშროების შესახებ აფრთხილებდა. ერთ-ერთი მთის ფერდობზე გაჩენილი ნაპრალის გამო, მცხოვრებთა ნაწილის ევაკუაცია გამოცხადდა.

ქვეყანა საერთაშორისო უფლებადამცველ და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვს ეპიდემიური დაავადებების თავიდან ასაცილებლად. თუმცა, ამავე დროს, „საერთაშორისო ამნისტიამ“ გააავრცელა განცხადება, რომელშიც ქვეყნის ხელისუფლებას სათანადო პრევენციული ღონისძიებების ნაკლებობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ ვერაფერი ისწავლა წარსულში მომხდარი მსგავსი ინციდენტებიდან.

იუნისეფი, გაეროს ბავშვთა ფონდი, ზიანის მასშტაბს „უპრეცედენტოს“ უწოდებს. ორგანიზაცია კატასტროფის ზონაში მყოფებს სუფთა სასმელ წყალსა და სანიტარულ საშუალებებს აწვდის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG