ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩეხეთის ოპოზიცია არჩევნებზე პრემიერის წინააღმდეგ გაერთიანდა


8 ოქტომბერს ჩეხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მილიარდერი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბისი პოსტზე დარჩენას მეორე ვადით ცდილობს. ოპოზიცია კი მას პანდემიის ცუდად მართვაში, ეროვნული სესხის გაზრდაში და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საკუთარი ბიზნეს ინტერესების დაწინაურებაში სდებს ბრალს.

გამოკითხვების თანახმად, ბაბისის პოპულისტური პარტია "ანო" მთავარ ოპოზიციურ ორ პარტიას მხოლოდ რამდენიმე პროცენტით უსწრებს. ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე დადეს ერთმანეთთან მუშაობის და ბაბისის დასამარცხებლად თანამშრომლობის პირობა.

მოქმედი პრემიერი ბაბისი, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია, საჯარო სექტორის თანაშრომლებს და პენსიონერებს შემოსავლების გაზრდას დაპირდა, რითაც ის, სავარაუდოდ, საკუთარი პარტიის მიმართ ამომრჩეველთა ამ ჯგუფების მობილიზებას ცდილობს.

ჩეხეთში არჩევნები ორ დღეს გაგრძელდება. ხმის მიცემა პარასკევს, შუადღის 2 საათზე დაიწყო და პროცესი შაბათს, ასევე, შუადღის 2 საათზე დამთავრდება.

ცენტრისტულ-მემარჯვენე კოალიცია, პროგრესული "პირატების" პარტია და მერები ბაბისთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ და ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია პრემიერის ბიზნეს ინტერესთა კონფლიქტი მის საჯარო საქმიანობასთან. ბაბისი "აგროფერტის" დამფუძნებელია, რომელიც სასოფლო-სამეურნეო და მედია იმპერიას წარმოადგენს. მის კომპანიებში ცენტრალური ევროპის მასშტაბით 30 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს.

პრემიერი აცხადებს, რომ თანამდებობის დაკავებამდე მან ბიზნესი სამართავად ფონდს გადააბარა. თუმცა, ევროპის კომისიის აუდიტმა საწინააღმდეგო დაადასტურა. ამასთან, გაჟონილი ფინანსური დოკუმენტების თანახმად, რომლებიც "პანდორას დოკუმენტების" სახელითაა ცნობილი, ბაბისს ოფშორულ ანგარიშებზე დიდძალი ფული აქვს გადამალული. პრემიერ-მინისტრი ყველა ბრალდებას უარყოფს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG