ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალისტი: აეროპორტში მეკითხებოდნენ ვავრცელებდი თუ არა "პროპაგანდას"


ამერიკელი ჟურნალისტი ბენ უოტსონი ვაშინგტონთან ახლოს მდებარე დალესის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამოქალაქო უფლებების დარღვევის საკითხზე ჩივის.

შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ქმედებების გამოძიება მან მას შემდეგ მოითხოვა, რაც მისივე თქმით, საზღვრის დაცვის აგენტებმა ჟურნალისტს ქვეყანაში დროულად შემოსვლის საშუალება არ მისცეს და სტანდარტული შეკითხვების შემდეგ, მის ჟურნალისტურ საქმიანობაზე განაგრძეს კითხვების დასმა. როგორც ის ამბობს, საზღვრის დაცვის აგენტი მას გამუდმებით ეკითხებოდა იმის შესახებ, ავრცელებდა თუ არა ის "პროპაგანდას".

ჟურნალისტი ამბობს, რომ მან საკუთარი საქმიანობის, Defense One-ისთვის უსაფრთხოების საკითხებზე ჟურნალისტური მასალების მომზადების შესახებ ისაუბრა და რამდენჯერმე მოუხდა იმის უარყოფა, რომ "პროპაგანდას წერდა". შემდეგ კი იმ მიზნით, რომ ეს პროცესი დაესრულებინა, აგენტის კითხვას დადებითად უპასუხა და ამის მერე პასპორტი დაუბრუნეს და ქვეყანაში შემოუშვეს.

"ამერიკის ხმას" უოტსონმა უთხრა, რომ ეს არ იყო ნორმალური პროცესი და რაც მოხდა, "გასაოცარი რამ" იყო. საზღვრის დაცვის სააგენტო კი აცხადებს, რომ აგენტის მიერ შესაძლო შეუფერებელი ქმედების შესახებ მოკვლევა უკვე დაწყებულია.

ამ შემთხვევამდეც რამდენიმე ჟურნალისტი ამბობდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარზე მათ შეუსაბამოდ მოექცნენ. სეთ ჰარპი, "ინტერსეპტის" ჟურნალისტი ივნისში რამდენიმე საათის განმავლობაში გააჩერეს და კითხავდნენ, მისი პირადი ნივთები კი, მისი ტელეფონის ჩათვლით, გაჩხრიკეს და შეამოწმეს. თებერვალში "ბაზფიდის" ჟურნალისტი დევიდ მაკიც ამბობდა, რომ საზღვრის დაცვის აგენტები ერთ-ერთი კონკრეტული მასალის შესახებ ეკითხებოდნენ. აგვისტოში კი ბრიტანელმა ჟურნალისტმა, ჯეიმს დეიერმა თქვა, რომ ამერიკელმა აგენტებმა მას "ყალბი ახალი ამბების" გამავრცელებელი უწოდეს და ჰკითხეს, ამერიკელ ხალხზე სიცრუეს ავრცელებდა თუ არა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG