ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტამბოლში მოკლული საუდელი ჟურნალისტი ხაშოგი გაიხსენეს


საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობის წლისთავი მწუხარედ აღნიშნეს სტამბოლში, სულ რამდენიმე მეტრის მოშორებით საუდის არაბეთის საკონსულოდან, სადაც მისი სხეული დაანაწევრეს.

ხაშოგის სასტიკმა მკვლელობამ საუდის არაბეთის საერთაშორისო დაგმობა გამოიწვია და მართლმსაჯულების მოთხოვნები კვლავ გრძელდება.

ერთი წლის წინ სათვალთვალო კამერამ აჩვენა, რომ ხაშოგი საკონსულოში შედიოდა, რათა მომავალი ქორწინებისთვის საბუთები მიეღო. შენობის შიგნით მას საუდელების დამსჯელი ჯგუფის ხელით სიკვდილი ელოდა, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, საუდის ტახტის მემკვიდრის, მუჰამედ ბინ სალმანის ბრძანებას ასრულებდა.

სტამბოლის ცერემონიაზე შეკრებილ ადამიანებს ხაშოგის საცოლემ, ჰათის ჩენგიზმა მიმართა.

ცერემონიას ესწრებოდნენ ადამიანის უფლებების საერთაშორისო ჯგუფები და ხაშოგის კოლეგები. მათ შორის იყო “ამაზონის” მთავარი აღმასრულებელი დირექტორი და “ვაშინგტონ პოსტის” მფლობელი ჯეფ ბეზოსი, რომლის გაზეთშიც ხაშოგის სტატიები ქვეყნდებოდა.

მიაჩნიათ, რომ სალმანის მიმართ კრიტიკულმა ხაშოგის სტატიებმა, ავტორი სამიზნედ აქცია.

ხაშობის მკვლელობის საქმეზე საუდის არაბეთში ბრალი თერთმეტ პირს წაუყენეს, ზოგიერთი მათგანი თურქულმა სათვალთვალო კამერებმა აღბეჭდა, როდესაც სტამბოლში ჩავიდნენ. სალმანი მკვლელობასთან ნებისმიერ კავშირს უარყოფს, მაგრამ დაზვერვის ოფიციალური პირები მის განცხადებას ეჭვის ქვეშ აყენებენ.

ბევრი რეგიონული ექსპერტი ახადებს, რომ ასეთი გახმაურებული მკვლელობის, საუდის არაბეთის დიპლომატიურ მისიაში ჩადენა, სალმანის ზურგსუკან ვერ მოხდებოდა.

ოთხშაბათს გამართულ ცერემონიას ასევე ესწრებოდა გაეროს ჟურნალისტი აგნეს კალამარდი, რომელიც ხაშოგის მკვლელობის საერთაშორისო გამოძიებას ხელმძღვანელობდა. მან თქვა: „მკვლელობა არავის უნდა ეპატიოს, იმისდა მიუხედავად თუ ვინ არის და ცხოვრებაში რა ადგილი უკავია, იმისდა მიუხედავად სისხლიანი მუშტი ვინ აღმართა, ან სასიკვდილო დარტყმის ბრძანება ვინ გასცა.“

კალამარდიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ხაშოგისთვის სამართლის პოვნისთვის ბრძოლას, უფრო ფართო სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

ოთხშაბათის ცერემონიაზე მყოფთაგან ბევრმა გამოთქვა შიში, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ხაშოგის მკვლელობის გამო პირველი აღშფოთება მიივიწყა.

ენდრიუ გარდენერმა, "საერთაშორისო ამნისტიის" თურქეთის მკვლევარმა ცერემონიაზე თქვა: „საერთაშორისო საზოგადოებამ, ისეთმა სახელმწიფოებმა, როგორიცაა შეერთებული შტატები, სამართლიანობის ხარჯზე, პრიორიტეტი საუდის არაბეთთან დიპლომატიურ და სავაჭრო ურთიერთობებს მიანიჭეს.“

გარდენერმა აღნიშნა, რომ ოთხშაბათის ცერემონია ძირითადი ძალისხმევა იყო იმისთვის, რომ შეემოწმებინათ, მსოფლიოს ლიდერებს რამდენად სურდათ ხაშოგის მკვლელობის უკან მოტოვება. მან თქვა: „ვფიქრობ, საჭიროა ყველას შევახსენოთ, თუ რამდენად სამწუხარო მდგომარეობაში აღმოჩნდა მსოფლიო წესრიგი, რომელიც საუდის არაბეთს უფლებას აძლევს კრიტიკული ჟურნალისტი თავისივე საკონსულოს შენობაში მოკლას. რათა ადამიანებს შევახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჯამალ ხაშოგისთვის სამართლის პოვნა, რათა ამის შედეგად ჟურნალისტები მთელ მსოფლიოში უფრო უსაფრთხოდ იყვნენ.“

ცერემონიის დასასრულს, ჩენგიზმა საბურველი მოხსნა მარმარილოს კვარცხლბეკს, რომელზეც ხაშოგის სახელი იყო ამოტვიფრული.

ცერემონიაზე მყოფებმა პირობა დადეს, რომ ხაშოგის მკვლელებისთვის პასუხის მოთხოვნისთვის ბრძოლას გააგრძელებენ და მის სიკვდილს ისტორიის უმნიშვნელო მინაწერად ქცევას არ დაუშვებენ.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG