ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღონღაძის მკვლელს შესაძლოა სასჯელი შეუმსუბუქონ


ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე
ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე

ამერიკული ორგანიზაცია - ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი - შეშფოთებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის სასამართლომ შესაძლოა სასჯელი შეუმსუბუქოს პოლიციის ყოფილ გენერალს ოლექსი პუკაჩს, რომელმაც 6 წლის წინ ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობა აღიარა.

პუკაჩს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთი განყოფილების უფროსი იყო. 2013 წელს პუკაჩი 13 წლის წინ ჩადენილი მკვლელობის გამო დააკავეს.

წარმოშობით ქართველი ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე უკრაინის მთავრობის ცნობილი კრიტიკოსი იყო. სიკვდილის წინ ის პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას კორუფციულ სქემას იძიებდა. არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც, ღონღაძის მოკვლის განკარგულება ყოფილი პრეზიდენტისგან მოდიოდა. ღონღაძის თავმოკვეთილი გვამი ტყეში 2000 წელს იპოვეს.

პუკაჩს ბრალი დაუმტკიცდა ჟურნალისტის მოტაცებაში, ტყეში წაყვანაში, მოკვლაში, გვამის დანაწევრებაში და დანაშაულის დაფარვის მცდელობაში. ბოლო 6 წლის მანძილზე, ის ჩვენებებს გამუდმებით ცვლიდა. ახლა ამბობს, რომ ბრძანებებს შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის იური კრავჩენკოსგან იღებდა.

კრავჩენკომ, გამოძიების დასკვნით, 2015 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მას მეორე დღეს სასამართლოსთვის ჩვენება უნდა მიეცა.

1992 წლიდან მოყოლებული, უკრაინაში 50 ჟურნალისტი მოკლეს, რომლებიც საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. ბოლოს ძალადობის მსხვერპლი ჟურნალისტი ვადიმ კომაროვი აღმოჩნდა, რომელსაც თავს მაისში დაესხნენ. ის ერთი თვის შემდეგ გარდაიცვალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG