ამერიკის დედაქალაქ ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ "შეერთებული შტატების მედიის გლობალური სააგენტოს" ხელმძღვანელების, მათ შორის, მისი პირველი პირის, მაიკლ პეკის წინააღმდეგ წინასწარი ამკრძალავი ბრძანება გამოსცა.
ბრძანების თანახმად, სააგენტოს მმართველ პირებს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა და კონსტიტუციის პირველი ჩასწორებით უზრუნველყოფილი უფლებების შეზღუდვა არ შეუძლიათ.
მედიის გლობალური სააგენტო ზედამხედველობს ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე მედიასაშუალებას, მათ შორის, "ამერიკის ხმასა" და "რადიო თავისუფლებას".
მოსამართლე ბერილ ჰოუელის ამ გადაწყვეტილებით მოსარჩელეების მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შემზღუდავი ბრძანება დროებით იმოქმედებს, სანამ სასამართლო პროცესი არ გაიმართება.
მოსარჩელეები სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელები და პროგრამების მოქმედი დირექტორი კელუ ჩაო არიან. ისინი ახლანდელი ხელმძღვანელის ქმედებებს უკანონოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ეს სააგენტოში ჟურნალისტთა დაცვის პრინციპებსა და კონსტიტუციურ გარანტიებს ეწინააღმდეგება.
კონსერვატორი პროდიუსერი და კინოდოკუმენტალისტი, დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატი, მაიკლ პეკი ამერიკის გლობალური მედიის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე სენატმა ივნისის ბოლოს დაამტკიცა. მას შემდეგ სააგენტოს სხვა ოფიციალური პირები, "ამერიკის ხმისა" თუ სხვა ორგანიზნაციების ხელმძღვანელები გადადგნენ ან ისინი პეკმა გაათავისულა, შეჩერდა ახალი თანამშრომლების აყვანის პროცესი, შეიზღუდა ხარჯები და შეჩერდა უცხოელი თანამსრომლებისთვის ვიზების განახლების პროცესი.
პეკის მიერ დანიშნულმა თანამშრომლებმა იმ ჟურნალისტთა და რედაქტორთა საქმიანობის შესახებ შიდა გამოძიებებიც დაიწყეს, რომელთა მიმართაც ჰქონდათ ეჭვი, რომ ისინი ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ არაკეთილგანწყობილნი იყვნენ და შესაბამის მასალებს აქვეყნებდნენ.
სასამართლოს ბრძანების მიხედვით, სააგენტოს ოფიციალურ პირებს, მათ შორის, მაიკლ პეკს ეკრძალებათ "ამერიკის ხმისა" და სხვა მედიასაშუალებების სარედაქციო გუნდებთან, რედაქტორებთან და ჟურნალისტებთან პირდაპირი კონტაქტი ან პერსონალთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში ჩარევა.
მსგავსი ქმედება მხოლოდ ამ ორგანიზაციების უშუალო დირექტორების თანხმობით ან მათი გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს. ასევე იკრძალება გამოძიებების ჩატარება, რომლებიც შინაარსს, ჟურნალისტებს და ორგანიზაციებში შესაძლო ეთიკურ დარღვევებს შეეხება. თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნების ნაწილი, რომლებიც მათი მტკიცებით, სხვა კონკრეტული საკანონმდებლო აქტების დარღვევაზე, მათ შორის, პეკის მიერ ძალაუფლების შესაძლო გადაჭარბების შესახებ მიუთითებდა. მედიის გლობალური სააგენტოს წარმომადგენლებმა "ამერიკის ხმის" ოფიციალურ წერილს კომენტარის თაობაზე არ უპასუხეს.
"ამერიკის ხმის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ელეზ ბიბერაი ამბობს, რომ ჟურნალისტთა თავისუფლებას არაფერი ემუქრება.
"სარედაქციო დამოუკიდებლობა და ჟურნალისტების თავისუფლება პოლიტიკური ჩარევისგან "ამერიკის ხმის" ფუნდამენტური ნაწილია, რაც აქცევს მას ამერიკის ხმად. "ამერიკის ხმის" აუდიტორიის 83 % მყარად მიიჩნევს მის ჟურნალისტიკასა და მასალებს სანდოდ. მედიაორგანიზაციები, რომლებსაც ასეთი ნდობა აქვთ, ძალიან ცოტაა, ან საერთოდ არაა", - ამბობს ბიბერაი.
გლობალური მედიის სააგენტოს დირექტორი მაიკლ პეკი ამბობს, რომ მისი ქმედებები წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ასპექტი, თანამშრომელთა ნაწილის წარსულის უსაფრთხოების მიზნით ხელახალი შემოწმება იყო. ამასთან, პეკი პირობას დებდა, რომ სააგენტოს სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებულია და ის საკუთარ მისიას უფრო ეფექტურად შეასრულებს.
Facebook Forum