ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

USAGM-ის მმართველს რეგულაციების ცვლილებისთვის აკრიტიკებენ


მაიკლ პეკი
მაიკლ პეკი

რესპუბლიკელი და დემოკრატი კანონმდებლები "ამერიკის მედიის გლობალური სააგენტოს" ხელმძღვანელს ბოლო გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ. მას იმ წესის გაუქმებაში ადანაშაულებენ, რომელიც ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებების - "ამერიკის ხმის", "რადიო თავისუფლებისა" და ასევე რამდენიმე სხვა მედიის ხელისუფლებისგან სარედაქციო დამოუკიდებლობას იცავს.

განცხადებაში, რომელიც სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა და თანამშრომლებმაც ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ორშაბათს, გვიან ღამით მიიღეს, მაიკლ პეკი ამბობს, რომ არსებული რეგულაციის შესაცვლელად მან საკუთარი, აღმასრულებელი მმართველის უფლებამოსილება გამოიყენა და გააუქმა რეგულაცია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სააგენტოსა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.


რეგულაცია, რომელიც ახლა გაუქმდა, სააგენტოს წინა ხელმძღვანელობამ ივნისში მიიღო, სენატის მიერ მაიკლ პეკის დამტკიცებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე. რეგულაცია მიზნად ისახავდა იმ სამართლებრივი დაცვის გარანტიების კონსოლიდირებასა და განმარტებას, რომლებიც კონგრესის მიერ ცალკეა დამტკიცებული და სარედაქციო დამოუკიდებლობას განსაზღვრავს. მათ შორის 1994 წელს მიღებული "საერთაშორისო სამაუწყებლო აქტი".

პეკის გადაწყვეტილება არ ახდენს გავლენას ამ აქტით განსაზღვრულ გარანტიებზე, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებას არ შეუძლია ჩაერიოს ამ მედიასაშუალებების სარედაქციო გადაწყვეტილებებში. ეს კანონმდებლობა და მისი შემდგომი რეფორმები ჟურნალისტების ჩარევისგან დასაცავად იყო მიღებული და იმისთვის, რომ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკისა და კულტურის მრავალფეროვანი გაშუქება შესძლებოდათ.

მაიკლ პეკის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ 33-გვერდიან წერილში ნათქვამია, რომ რეგულაცია-განმარტება, რომელსაც ის აუქმებს არაკონსტიტუციური იყო და ასუსტებდა მაუწყებლობას, თავად მას კი არ აძლევდა საშუალებას ეფექტურად ემართა და "სარედაქციო ზედამხედველობა" განეხორციელებინა სააგენტოზე.

ახალი განმარტების თანახმად, "ამერიკის გლობალური მედიის სააგენტო" განსხვავდება სხვა მედიასაშუალებებისგან იმით, რომ მისი მისია ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების სამსახურში ყოფნაა. რეაგირება არ დააყოვნა ამერიკის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმაც, რომელსაც "მედიის გლობალური სააგენტოს" ზედამხედველობის ფუნქცია აქვს. კომიტეტის ლიდერების განმარტებით, პეკის გადაწყვეტილება არ ახდენს გავლენას იმ კანონებზე, რომლებიც სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიაა და მათი შეცვლა მხოლოდ კონგრესს შეუძლია, რაც სააგენტოს სანდოობას დააზარალებდა. კომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ელიოტ ენგელი ამბობს, რომ ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ ჩანს, რომ მაიკლ პეკი თავს "კანონით შეზღუდულად არ გრძნობს".

ენგელმა თქვა, რომ ის მოუწოდებს სააგენტოს ჟურნალისტებს, განაგრძონ მათი მნიშვნელოვანი საქმე და უგულვებელყონ მაიკლ პეკისგან თუ ადმინისტრაციის სხვა ლიდერებისგან უკანონო ჩარევა. "კანონი თქვენს მხარესაა", - ამბობს ენგელი.

მაიკლ პეკი პირველი კანდიდატია, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალ შექმნილ ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინა, ივნისში კი სენატმა დაამტკიცა. "გლობალური მედიის სააგენტო" თავის მხრივ რამდენიმე საერთაშორისო მაუწყებელს ზედამხედველობს, მათ შორის, "ამერიკის ხმასა" და "რადიო თავისუფლებას".

სააგენტოს წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 800 მილიონი დოლარია. მაუწყებლების პროგრამები კი 60-ზე მეტ ენაზე, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში 350 მილიონამდე ადამიანს მიეწოდება.

სააგენტოს სათავეში ჩადგომის შემდეგ მაიკლ პეკმა "რადიო თავისუფლების", "რადიო თავისუფალი აზიის", "ახლო აღმოსავლეთის მაუწყებელთა ქსელის" ხელმძღვანელები გაათავისუფლა, სცადა "ღია ტექნოლოგიების ფონდის" თავმჯდომარის ჩანაცვლებაც, ჯგუფის, რომელიც ფედერალური გრანტების განკარგვით მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობას ცდილობს. ორგანიზაციაში დასაქმებული საერთაშორისო ჟურნალისტებისთვის კი ვიზების განახლება აღარ ხდება. რამდენიმე ჟურნალისტმა ვიზისა და შესაბამისად სამუშაო უფლების ამოწურვის გამო შეერთებული შტატები უკვე დატოვა.

"გლობალური მედიის სააგენტოს" დირექტორი მაიკლ პეკი ამბობს, რომ მისი ქმედებები წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ასპექტი, თანამშრომელთა ნაწილის წარსულის უსაფრთხოების მიზნით ხელახალი შემოწმებაა. ამასთან, პეკი პირობას დებს, რომ სააგენტოს სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებული იქნება და ის საკუთარ მისიას უფრო ეფექტურად შეასრულებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG