ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიში და საქართველო


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა კონგრესისთვის წარდგენილი ყოველწლიური ანგარიში, რომელიც ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებული პირადი, სამოქალაქო, პოლიტიკური და შრომითი უფლებების დაცვის მდგომარეობას ასახავს ყველა ქვეყანაში, რომელიც შეერთებული შტატებისგან დახმარებას იღებს ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრია. საერთაშორისო დახმარების შესახებ 1961 წელს მიღებული კანონით სავალდებულოა, რომ შეერთებული შტატების საგარეო და სავაჭრო პოლიტიკის შემუშავებისას, შესაბამის ქვეყნებში ადამიანის და შრომითი უფლებების დაცვის მდგომარეობა იქნას გათვალისწინებული.

სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოში არსებულ მდგომარეობას ვრცელი ადგილი დაუთმო და პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტი მიმოიხილა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, „ეუთოს“ დამკვირვებლებმა შეაფასეს როგორც კონკურენტული გარემოს მქონე და პროფესიულად ორგანიზებული. კანდიდატებს შეეძლოთ საარჩევნო კამპანია თავისუფალ გარემოში წარემართათ, თუმცა ერთ მხარეს შეუსაბამო უპირატესობა ჰქონდა და ორივე მხარის კამპანიის უარყოფითმა ხასიათმა, პროცესს ძირი გამოუთხარა. იგივე შენიშვნები ჰქონდათ ნოემბერში მეორე ტურის დროსაც.

იქვე მითითებულია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში წარიმართა და კანდიდატების და ამომრჩევლების უფლებებს პატივი ეცა, მაგრამ კამპანიის ატმოსფეროზე გავლენა მოახდინა უკანონო წინასაარჩევნო საქმიანობის შესახებ ბრალდებებმა და ძალადობის შემთხვევებმა. „ეუთოს“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საარჩევნო კომისია და სასამართლოები გამჭვირვალობის პრინციპს ხშირად პატივს არ სცემდნენ და ამან საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობა შეასუსტა.

ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან საკითხებს შორისაა:

რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, რუსების და დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ადამიანისთვის სიცოცხლის უკანონო და თვითნებური წართმევა.

მნიშვნელოვანი პრობლემები სასამართლო და საგამოძიებო ორგანოების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ გამოძიების და სასამართლო დევნის პოლიტიკური ნიშნის მქონედ აღქმა.

პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა

ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლიციის შეუსაბამო ძალის გამოყენება

მშვიდობიანი შეკრების უფლებისთვის საფუძვლიანი დაბრკოლების შექმნა, მათ შორის დემონსტრანტების წინააღმდეგ შეუსაბამო ძალის გამოყენება.

და დანაშაულები, რომელიც ლგბტ პირების წინააღმდეგ ძალადობას და მუქარას შეიცავდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობამ ადამიანის უფლებების შელახვის ზოგიერთი ბრალდების გამოსაძიებლად ნაბიჯები გადადგა, თუმცა ნაკლოვანებები მაინც არსებობს, რაც 2019 წლის 20-21 ივნისს, დემონსტრანტების და ჟურნალისტების მიმართ პოლიციის შეუსაბამო ძალის გამოყენებაზე და 2017 წელს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და აქტივისტის - აფგან მუხთარლის - გატაცების და გადაცემის ფაქტზე პასუხისმგებლობის აღების არარსებობით გამოიხატა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე, ადამიანის ძირითადი უფლებები შეზღუდულია და ეს განსაკუთრებით ეთნიკურ ქართველებს ეხება. მოხსენიებულია უკანონო რუსული ე.წ. „ბორდერიზაციაც“.

პიროვნების ხელშეუხებლობის და ასევე მისი თავისუფლების პატივისცემის თემაზე, მოყვანილია, როგორც საქართველოს მთავრობის კონტროლირებად, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი უკანონო დაკავებების, წამების და მკვლელობის შემთხვევები.

ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პანკისის ხეობაში თემირლან მაჩალიკაშვილის მოკვლის საქმეზე გამოძიების სანდოობაში ეჭვი შეიტანეს და სახალხო დამცველმა პარლამენტს პროკურატურისთვის ამ საქმეზე კითხვების დასმა სთხოვა. ოქტომბერში კი ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეზე მსჯელობა დაიწყო და მთავრობისგან საქმის მასალები გამოითხოვა. საქმის გამოძიება დღემდე გრძელდება.

ასევე გრძელდება გამოძიება 2008 წელს ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების გარემოებების თაობაზე, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ყოფილ თანამდებობის პირს ბრალი წარედგინა.

მთავრობის ან მთავრობასთან დაკავშირებული სუბიექტების მხრიდან ადამიანების გაუჩინარების ფაქტები არ აღრიცხულა.

წამება და სხვაგვარი სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა კანონით აკრძალულია. სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო 92 საჩივარი, რომელიც პოლიციის და ციხის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობას ეხებოდა. ჩატარდა 19 გამოძიება, თუმცა სასამართლო დევნისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოძიება ვერ მოხერხდა.

საპატიმრო ადგილების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ძველ დაწესებულებებში არასაკმარისად არის ვენტილაცია, ბუნებრივი შუქი, მინიმალური სივრცე და სათანადო სამედიცინო მომსახურება.

ანგარიშში დაწვრილებით არის აღწერილი დაპატიმრების პროცედურები და დაპატიმრებულთა უფლებები.

აღნიშნულია, რომ კონსტიტუცია უზრუნველყოფს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, მაგრამ სასამართლო დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა გარეშე ჩარევას განიცდიდა. მოსამართლეები, სისტემის შიგნითაც და მის გარედანაც, პოლიტიკური წნეხის ქვეშ არიან.

სახელმწიფომ სასამართლო რეფორმა რამდენიმე ტალღად განახორციელა და კანონმდებლობის საკვანძო საკითხებზე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა გაითვალისწინა, მაგრამ სასამართლოს თავმჯდომარეების შერჩევის უფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში დარჩა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაფრთხილება გამოთქვეს, რომ ეს ძალაუფლება, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ინდივიდუალურ მოსამართლეებზე გავლენას შეუნარჩუნებს.

იუსტიციის საბჭომ უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის უვადო თანამდებობაზე საკამათო კანდიდატურები წარადგინა, ქვედა ინსტანციის უვადო მოსამართლედ კი ლევან მურუსიძე გაამწესა, რომელსაც ბრალად კორუფციას სდებენ. მურუსიძის დანიშვნამ დიდი აღშფოთება გამოიწვია.

„ეუთომ“ და ამ ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცესში ნაკლოვანებები წარმოაჩინა და მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას „უაღრესად უუნარო და არაპროფესიული“ უწოდა.

ანგარიშში დიდი ადგილი დაეთმო სასამართლო პროცედურის და ბრალდებულთა უფლებების საკითხს.

პოლიტიკური პატიმრების თაობაზე, ანგარიშში მოხვდა არასამთავრობოების მიერ გაჟღერებული შეშფოთება იმის თაობაზე, რომ „იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული კრიმინალური გამოძიებების და სასამართლო დევნის რიცხვი“. ოპოზიციური პარტიები და პატიმრების ნათესავები აცხადებენ, რომ მთავრობას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს. მთავრობამ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს ნება დართო მოენახულებინათ პირები, რომლებიც თავს პოლიტიკურ პატიმრებად და დაკავებულებად აცხადებენ და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს უფლება გამოიყენა.

ანგარიშში აღწერილია ქონებრივი უფლებების, სამოქალაქო თავისუფლებების, ინტერნეტის თავისუფლების, აკადემიური თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრების უფლების, ასოცირების თვისუფლების, გადაადგილების თავისუფლების მდგომარეობა.

ცალკე თავი აქვს დათმობილი ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაცვის საკითხს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებადამცველი ადგილობრივი და საერთაშორისო ჯგუფები, უმეტეს შემთხვევებში მთავრობის მხრიდან შეზღუდვის გარეშე მოქმედებდნენ. ადამიანის უფლებების საკითხზე გამოძიებებს აწარმოებდნენ და საკუთარ დასკვნებს აქვეყნებდნენ. თუმცა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, აშშ-ს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი, საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლო მიკერძოებაში დაადანაშაულა და მათ მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გააკრიტიკა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ყურადღებას ასევე ამახვილებს ისეთ თემებზე, როგორიცაა დისკრიმინაცია, სოციალური ჩაგვრა და ადამიანების ტრეფიკინგი, შეზღუდული შესაძლებლობების პირების სოციალიზაციის საკითხები, უმცირესობათა უფლებები და ა.შ.

განსაკუთრებით არის გამოყოფილი ქალების და ბავშვების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ანალიზი და სახელმწიფოს მიერ ამის აღსაკვეთად გატარებული ღონისძიებების ეფექტურობა და ნაკლოვანებები.

ანგარიშში დიდი ყურადღება დაეთმო შრომის დაცვის უფლებებს, სამუშაო პირობების უსაფრთხოებას, არასრულწლოვანთა დასაქმების საკითხს,სამუშაო საათების რეგულირებას და პროფესიული კავშირების საქმიანობას.

XS
SM
MD
LG