ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფრიდომ ჰაუზი": საქართველოს ქულა პოლიტიკური აქტივობისა და შეკრების თავისუფლების კუთხით გაუარესდა


საქართველოს ქულა “ფრიდომ ჰაუზის” ყოველწლიურ შეფასებაში წელს 2 ქულით გაუარესდა. თუკი საქართველოს 2018 წელს მსოფლიო თავისუფლების რეიტინგში, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით არსებულ ვითარებს აფასებს, 100-დან 64 ქულა ჰქონდა, 2019 წლის მონაცემებით, ეს ქულა 63 იყო. 2020 წელს კი - 61. საქართველო კვლავ ნახევრად დემოკრატიული ქვეყნების ნუსხაშია.

საქართველოს ქულა კი რეიტინგში ორ კატეგორიაში - პოლიტიკური პლურალიზმისა და მონაწილეობის და შეკრების თავისუფლების ნაწილშია გაუარესებული. ერთ ნაწილში მამუკა ხაზარაძის საქმეა გამოყოფილი, მეორეში კი ივნისის პროტესტისას პოლიციის მხრიდან ძალის გადაჭარბებული გამოყენება, რასაც ასეულობით ადამიანის დაშავება მოჰყვა შედეგად.

არაფორმალური მმართველობა, ბიძინა ივანიშვილის გავლენა ხელისუფლების აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებზე, ერთპარტიული მმართველობის ტენდენცია და დანარჩენი ჯგუფების ფუნქცინოირების სირთულეები, უმცირესობების ჯგუფების არასაკმარისი ჩართულობა პოლიტიკაში, სამოქალაქო უფლებების არათანმიმდევრული, არამუდმივი დაცვა, პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების მიმართ ძალის გადაჭარბებული გამოყენება, პოლიტიკური ოპონენტების დაკავება - ეს და სხვა პრობლემებია ხაზგასმული საერთაშორისო ორგანიზაციის წლევანდელ შეფასებაში.

საქართველოს ქულა კი რეიტინგში ორ კატეგორიაში - პოლიტიკური პლურალიზმისა და მონაწილეობის და შეკრების თავისუფლების ნაწილშია გაუარესებული. ერთ ნაწილში მამუკა ხაზარაძის საქმეა გამოყოფილი, მეორეში კი ივნისის პროტესტისას პოლიციის მხრიდან ძალის გადაჭარბებული გამოყენება, რასაც ასეულობით ადამიანის დაშავება მოჰყვა შედეგად.

ქვეყნის ზოგად შეფასებაში კვლავ აღნიშნულია, რომ საქართველოში რეგულარული და კონკურენტული არჩევნები ტარდება. 2012-2013 წლებში მთავრობის ცვლილებასთან დაკავშირებულ სიტუაციაში ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ტრაექტორია კი გაუმჯობესების ნიშნებს აჩვენებდა, თუმცა “ბოლო წლებში ეს ტრაქტორია მოიცავდა უკუსვლას”. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ოლიგარქიული გავლენა მნიშვნელოვანი ფაქტორია და გავლენას ახდენს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე. კანონის უზენაესობას კი პოლიტიზირება ასუსტებს. რაც შეეხება სამოქალაქო თავისუფლებებს, ორგანიზაციის შეფასებით, ისინი არა მუდმივად, არამედ არათანმიმდევრულადაა დაცული.

ქვეყანაში 2019 წელს განვითარებულ მოვლენებში მიმოხილულია ივნისის პროტესტი, მთავრობის მხრიდან ძალის გამოყენება, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა, გიორგი გახარიას გაპრემიერება. ასევე ნოემბერში მთავრობის მიერ დაპირებული საარჩევნო რეფორმისა და შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება პარლამენტში და ამის შემდგომ პროტესტის განახლება. ასევე “რუსთავი 2”-ის საქმე, რომელზე კონტროლიც ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ “პროსამთავრობო მფლობელებმა მიიღეს” და გუნდის უმეტესი ნაწილი ახალ, “მთავარ არხზე” გადავიდა.

არაფორმალური მმართველობა და ივანიშვილის გავლენა მთავრობის ფუნქციონირებაზე

ანგარიშში რამდენჯერმე ხაზგასმითაა აღნიშნული ბიძინა ივანიშვილის როლი და მისი არაფორმალური, ძლიერი გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

“ივანიშვილი აგრძელებს მთავრობის კონტროლს არაფორმალურად. მისი შემდგომი პრემიერები თუ პარტიის ლიდერები გამუდმებით არიან მასთან დაახლოებული, სანდო პირები ან ყოფილი თანამშრომლები იმ ინსტიტუტებისა, რომლებსაც ის ადრე აკონტროლებდა. თანამდებობის ოფიციალური პირების მიერ მთავრობის პოლიტიკის განსაზღვრას და მისი აღსრულების პროცესს ასუსტებს ივანიშვილის არაფორმალური როლი, რომელსაც არ აქვს საჯარო თანამდებობა, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტილების მიღებაზე. მისი დე-ფაქტო ძალაუფლება გამოჩნდა 2018 წელს, როცა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მასთან ეკონომიკურ პოლიტიკაზე უთანხმოების გამო გადადგა”, - ვკითხულობთ ანგარიშში. გარდა ამისა აქვე განმარტებულია, რომ ივანიშვილის პოლიტიკური გავლენა მისი და მისი ბიზნეს ინტერესების საკეთილდღეოდ ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებშიც გამოიხატება.

“მისი პოლიტიკური გავლენა ასევე ნათელია იმითაც, თუ როგორ იღებენ ზოგადად სახელმწიფო უწყებები მის საკეთილდღეო გადაწყვეტილებებს მის ფინანსურ და ბიზნეს ინტერესებთან დაკავშირებით”, - აღნიშნულია ანგარიშში და მაგალითად “თანაინვესტირების ფონდი” და მის მიერ დედაქალაქში განხორცილებული მსხვილმასშტაბიანი განვითარების პროექტებია დასახელებული.

შეკრების თავისუფლება

"ფრიდომ ჰაუზის" შეფასებით, შეკრების თავისუფლება საქართველოში მეტწილად დაცულია, თუმცა პოლიცია ზოგჯერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალას არაპროპორციულად და გადაჭარბებულად იყენებს. ანგარიშში მიმოხილულია ივნისის მოვლენები და ნათქვამია, რომ მაშინ, როდესაც ზოგიერთმა დემონსტრანტმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადა, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვეიები აწინასწარი გაფრთიხლების გარეშე გამოიყენა. დაშავდა ასობით ადამიანი, მათ შორის 30 ჟურნალისტზე მეტი, სულ მცირე ორმა ადამიანმა კი მხედვლელობ სამუდმაოდ დაკარგა ერთ თვალში. შემდგომი პროტესტი კი უფრო მშვიდობიანი იყო, მაგრამ ნოემბერში პოლიციამ კვლავ გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი დემონსტრანტების დასაშლელად.

"ფრიდომ ჰაუზის" ანგარიშში საქართველოს ქულა სწორედ ამ მიმართულებითაც დააკლდა. განმარტების თანახმად, ამის უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ პოლიციამ ივნისში დემონსტრანტების დასაშლელად ძალას გადაამეტა, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაშავდა.

შეკრების თავისუფლების კუთხით უარყოფითადაა შეფასებული პოლიციის მხრიდან ლგბტ+ თემის მიერ ორგანიზებული მსვლელობისთვის დაცვის გარანტიებზე უარის თქმაც, რის გამოც დაგეგმილზე გაცილებით მცირე ღონისძიება მხოლოდ მომდევნო თვეში გაიმართა.

არჩევნები

პოლიტიკური უფლებების მდგომარეობის კუთხით საქართველოს 4-დან 2 ქულა აქვს მინიჭებული. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში 2019 წლის მოვლენებს მოიცავს, აქ მაინც აღნიშნულია საპრეზიდენტო არჩევნების პროცესი და ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო გარემო მთლიანობაში მშვიდობიანი იყო, მნიშვნელოვანი პრობლემები დაფიქსირდა წინასაარჩევნო პერიოდში და ამომრჩეველთა დაშინება არჩევნების დღეს მეორე ტურის ნაწილი იყო. გარდა ამისა დაფიქსირდა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და მცირე შემთხვევებში ამომრჩეველთა მოსყიდვა, ზოგ შემთხვევაში კი ერთზე მეტი ბიულეტენის ჩაყრაც. ანგარიშის თანახმადვე, ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ “ქართული ოცნების” აქტივისტებმა დამაშინებელი გარემო შექმნეს. მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე კი ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულმა საქველმოქმედო ფონდმა ვალების ჩამოწერა შესთავაზა 600 000-ზე მეტ მოქალაქეს, რაც ყოველი მეექვსე ამომრჩეველს ეხებოდა.

პოლიტიკური პლურალიზმი და მონაწილეობა

ივანიშვილი აგრძელებს მთავრობის კონტროლს არაფორმალურად. მისი შემდგომი პრემიერები თუ პარტიის ლიდერები გამუდმებით არიან მასთან დაახლოებული, სანდო პირები ან ყოფილი თანამშრომლები იმ ინსტიტუტებისა, რომლებსაც ის ადრე აკონტროლებდა. თანამდებობის ოფიციალური პირების მიერ მთავრობის პოლიტიკის განსაზღვრას და მისი აღსრულების პროცესს ასუსტებს ივანიშვილის არაფორმალური როლი, რომელსაც არ აქვს საჯარო თანამდებობა, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტილების მიღებაზე.
"ფრიდომ ჰაუზის" შეფასება

ორგანიზაცია ეუთოს მისიის შეფასებებზე დაყრდნობით ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად ზოგადად სამართლიანი საარჩევნო კანონმდებლობისა, ჩანს საჭიროება უფრო ძლიერი დამცავი ღონისძიებებისა, როგორც კამპანიების დაფინანსების წესების დარღვევის, ისე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩეველთა დაშინების თავიდან ასაცილებლად. მართალია ქვეყანაში დინამიკური, მრავალპარტიული სისტემაა და ახალ პარტიებს აქვთ ხშირად შესაძლებლობა სერიოზული დაბრკოლებების გარეშე იფუნქციონირონ, მაგრამ 2000-იანი წლების დასაწყისიდან ერთპარტიული დომინირების ტენდენცია არსებობს, რაც ზღუდავს მათ განვითარებასა და სტაბილურობას. ეს მდგომარეობა კი ორგანიზაციის შეფასებით, 2019 წელს გაუარესდა.

ორგანიზაცია გამოყოფს მამუკა ხაზარაძის საქმეს, რომელსაც ბრალი 10 წლის წინანდელ, შესაძლო ფულის გათეთრების საქმეზე წაუყენეს და ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც 2 კვირით ადრე მან საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნა დააანონსა. შეფასების ამ ნაწილში საქართველოს ქულა 1-ით გაუარესდა, რაც დიდწილად სწორედ ოპოზიციური ფიგურის დაკავებით იყო განპირობებული.

კორუფცია მთავრობაში და სასამართლო დამოუკიდებლობა

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ დაძლია წვრილმანი მექრთამეობა, კორუფცია ხელისუფლებაში კვლავ პრობლემად რჩება. ზოგ შემთხვევააში შეინიშნება სავარაუდო ნეპოტიზმისა ან კრონიზმის ნიშნები მთავრობაში დასაქმების კუთხით.

ანტიკორუფციული კანონმდებლობისა და რეგულაციების ეფექტურ აღსრულებას აფერხებს სამართალდამცავი უწყებებისა და იუსტიციის სფეროში დამოუკიდებლობის ნაკლებობა. გარდა ამისა, წარმატებული საქმეები იმ მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიმართ, რომელთაც “ქართულ ოცნებასთან” კარგი ურთიერთობა აქვთ, იშვიათია. რაც სეეხება მთავრობის საქმიანობის მონიტორინგს, ამ საქმეს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ასრულებენ, თუმცა ისინი ინფორმაციის მეტ საჯაროობას, ხელმისაწვდომობას და მეტ გამჭვირვალლობას ითხოვენ. მეორე მხრივ კი ანგარიშის მიხედვითვე, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები ხშირად ხდებიან მთავრობის მხრიდან კრიტიკის თუ პრო-სამთავრობო ტროლების სამიზნე.

ანგარიშის ერთ-ერთი ნაწილია სასამართლოს დამოუკიდებლობაც, სადაც გამეორებულია სამოქალაქო სექტორის შეშფოთება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების რეპუტაციის, კვალიფიკაციისა და მიუკერძოებლობის შესახებ. "მიუხედავად მიმდინარე რეფორმებისა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო [შტოების მხრიდან] ჩარევა სასამართლოებში რჩება მნიშვნელოვან პრობლემად, ისევე, როგორც გამჭვირვალობისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობა სასამართლო პროცედურებთან დაკავშირებით", - ვკითხულობთ ანგარიშში.

სამოქალაქო აქტივისტებისა და სახალხო დამცველის შეფასებებზე დაყრდნობით, ორგანიზაცია საუბრობს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის შემთხვევებზე, დაკავებისა და დაკითხვის წესების დარღვევაზე, ადვოკატზე უარის თქმაზე, მთავრობის ზოგიერთი კრიტიკოსის დაკავებაზე, რაც ხშირად მიჩნეულია შერჩევითად და პოლიტიკურად მოტივირებულად. გარდა ამისა, საუბარია პოლიციის ქმედებებზე ზედამხედეველობის დამოუკიდებელი სისტემის ნაკლებობაზე, შეუსაბამო მოპყრობის საქმეების გამოძიების არაეფექტურობაზე და ძალადობასა და მკაცრ პირობებზე, რაც ციხეში კვლავ პრობლემად რჩება.

სამოქალაქო უფლებები

ანგარიშში მედია გარემოზეცაა საუბარი, რომელიც შეფასებულია, როგორც პლურალისტური, მაგრამ ხშირად პარტიული. ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელს მთავრობისადმი მიკერძოებაში ადანაშაულებენ, "რუსთავი 2"-ის მმართველობა გადაეცა პირს, რომელიც მმართველი პარტიისადმია კეთილგანწყობილი და გარდა ამისა, მთავრობისადმი კრიტიკული რამდენიმე მედიასაშუალება აცხადებს, რომ მათ მიმართ საგადასახადო კანონმდებლობა შერჩევით და პოლიტიკური წნეხის განსახორციელებლად იყო გამოყენებული.

ანგარიშში მოხვდა, 2019 წლის დეკემბერში "ფეისბუქის" მიერ ასობით ქართული ანგარიშისა და გვერდის დახურვაც, რომლებიც ოპოზიციას და ადგილობრივსამოქალაქო ორგანიზაციებს აკრიტიკებდნენ და რომელთა კავშირიც გამოიკვეთა ქართულ სარეკლამო კომპანიასა და მმართველ პარტიასთან.

ქვეყანაში პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებრივი მდგომარეობის შეფასებისას აღნიშნულია ოჯახში ძალადობის საკითხიც, რაც ორგანიზაციის შეფასებით კვლავ პრობლემად რჩება; ასევე შრომის უსაფრთხოება და სამუშაო ადგილზე დაშავებისა და გარდაცვალების დიდი რაოდენობა; ტრეფიკინგი, რომელშიც საქართველო ფიგურირებს როგორც წყაროც, სატრანზიტო ქვეყანაც და დანიშნულების ადგილიც; ანგარიშში ხაზგასმულია რელიგიის თავისუფლების საკითხები და ნათქვამია, რომ მიუხედავად აღმსარებლობის თავისუფლების გარანტიებისა, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მაინც არაერთი უნიკალური პრივილეგიით საუბრობს, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები კი უთანასწორო მოპყრობის და დისკრიმინაციის პრობლემებზეც ხშირად საუბრობენ. ასევე, ანგარიშის მიხედვით:

- იმ პირობებში, როდესაც კანონი არ უკრძალავს ან აფერხებს ქალებს თუ უმცირესობის ჯგუფებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას, პრაქტიკაში ეს ჯგუფები და მათი ინტერესები ხელისუფლების თითქმის ყველა დონეზე არასაკმარისადაა წარმოდგენილი. ქალი აირჩიეს პრეზიდენტად, მაგრამ 150-დან მხოლოდ 21 მანდატი აქვთ ქლებს პარლამენტში. ეროვნული უმცირესობის ჯგუფებიდან მხოლოდ 7 წევრია პარლამენტში მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოსახლეობის 13 %-მდე წარმოადგენენ.

- 2014 წლის ანტიდისკრიმინაციული კანონი უნდა იცავდეს ყველას განურჩევლად სქესის, ასაკის,ს ექსუალუი ორიენტაციის თუ გენდერული იდენტობისა, მაგრამ ის არათანასწორადაა გამოყენებული. ქალები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დასაქმებისას დისკრიმინაციას და სხვა პრობლეებს განიცდიან; ლგბტ+ თემის წარმომადგენლები კი სოციოეტალური დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან და დროდადრო სერიოზული ძალადობის სამიზნეც

- საქართველოში გარანტირებულია აკადემიური თავისუფლება, თუმცა ორგანიზაციის ყურადღების ქვეშ მოექცა შავი ზღვის უნივერსიტეტის საქმე, რომელიც 2017 წელს ორი ქართული სკოლის დახურვის და ფეტჰულა გიულენის მოძრაობასთან კავშირის კონტექსტშია განხილული. ორგანიზაცია ამბობს, რომ მსგავსი არაპროპორციული და შერჩევითი ხასიათი ამ კანონაღსრულებისა, აჩენს ეჭვებს, რომ ეს ზომები გატარებული იყო თურქეთის მთავრობის მხრიდან არსებული წნეხის შედეგად.

- პოლიტიკური მოსაზრებების გამოხატვასთან დაკავშირებით ორგანიზაციის ანგარიშში ასევე აღნიშნულია მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ არსებული შეშფოთება და ის, რომ არაერთი პოლიტიკოსი თუ საჯარო ფიგურა იყო მათი უკანონო ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნების თუ ამგვარი, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნების მუქარის მსხვერპლი. ამას კი დამატებით წვლილი შეაქვს “ისეთი გარემოს შექმნაში, რომელიც პოლიტიკურ საკითხებზე თავისუფალ გამოხატვას აფერებს, მიაჩნია ორგანიზაციას.

“თავისუფლება მსოფლიოში 2020' გასულ კვირას გამოქვეყნდა, საქართველოს შეფასება კი ერთი კვირის შემდეგ, 11 მარტს. ანგარიში არ მოიცავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობა ორგანიზაციას ცალკე აქვს შეფასებული.

ტვიტერი

XS
SM
MD
LG