ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საკონსტიტუციო ცვლილებები: გრძელვადიანი ხედვა, თუ პროცესის პერსონიფიკაცია?


საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დასავლეთში ექსპერტებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ზოგიერთ მათგანს მიაჩნია, რომ პროცესი ნაჩქარევად მიმდინარებს, ზოგი კი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მიერ კონსტიტუციის შეცვლის ინიციატივა ყოფილი მთავრობის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შეტრიალების ერთგვარი მცდელობაა.

მიჩნდება შეგრძნება, რომ ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომლითაც მმართველი პარტია მომავალში ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს და ეს მე მაწუხებს.
რასა იუკნევიჩიენე

ექსპერტები, რომლებსაც “ამერიკის ხმა” ესაუბრა, რამდენიმე საკითხზე თანხმდებიან. ერთია ის, რომ დიდია მსგავსება წინა ხელისუფლების დროს კონსტიტუციის შეცვლასა და მიმდინარე პროცესებს შორის. მეორე საკითხი კი ისაა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუცია ქვეყნის ფუნდამენტია, მისი შემუშავების პროცესში ყველა პოლიტიკური ხმა უნდა იყოს ჩართული და ეს როგორც მმართველი ძალის, ასევე ოპოზიციური პარტიების მოვალეობაა.

რასა იაკნევიჩიენე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი
რასა იაკნევიჩიენე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი

"მიჩნდება შეგრძნება, რომ ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომლითაც მმართველი პარტია მომავალში ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს და ეს მე მაწუხებს.“ ასე შეაფასა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საკონსტიტუციო ცვლილელებზე მუშაობის პროცესი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა და ლიტვის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა რასა იუკნევიჩიენემ.

ლიტველმა დეპუტატმა, რომელიც საქართველოს ნატოში სწრაფი გაწევრიანების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია, თქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა საქართველოს, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყნის სუვერენული უფლებაა. თუმცა, მისი აზრით, ქვეყანას კონსტიტუციის შეცვლაზე უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე სჭირდება ყურადღების გამახვილება.

„ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ადამიანებს არსებული კონსტიტუციის ქვეშ ცხოვრების გრძელი გამოცდილება არ აქვთ, არ მგონია კონსტიტუციის შეცვლამ მოსახლეობის ცხოვრება შეცვალოს. პირველ რიგში, მათ საჭირო რეფორმები უნდა გაატარონ," აღნიშნა იუკნევიჩიენემ.

პირველ რიგში, მათ უნდა წარმოიდგინონ როგორი უნდა იყოს ეს ინსტიტუტები 10-20 წლის შემდეგ, როცა ის ადამიანები, რომლებსაც დღეს წამყვანი პოზიციები უკავიათ პოლიტიკაში აღარ იქნებიან.
ტომას მელია

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ამჟამად, ჯორჯ ბუშ უმცროსის ინსტიტუტის მკვლევარმა ტომას მელიამ კონსტიტუციასთან დაკავშირებული მიმდინარე დავა, გარკვეულწილად, ყოფილ მთავრობას და "ნაციონალურ მოძრაობას" დაუკავშირა.

“ყოველი მეორე საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში განსხვავებულ საკონსტიტუციო ჩარჩოებში იმართება და გასაკვირი არ არის, რომ “ქართული ოცნება” წინა ხელისუფლების მიერ მიღებული ხედვის შეცვლას ცდილობს,” თქვა მან. მიუხედავად ამისა, მელიას მიაჩნია, რომ ქვეყნის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე მუშაობისას უმრავლესობა გრძელვადიან შედეგებზე უნდა დაფიქრდეს და კონსტიტუციის შეცვლის პროცესში ქვეყნის და არა ინდივიდუალური პირების ინტერესები გაითვალისწინოს.

ტომას მელია, ჯორჯ ბუშ უმცროსის ინსტიტუტის მკვლევარი
ტომას მელია, ჯორჯ ბუშ უმცროსის ინსტიტუტის მკვლევარი

​„პირველ რიგში, მათ უნდა წარმოიდგინონ როგორი უნდა იყოს ეს ინსტიტუტები 10-20 წლის შემდეგ, როცა ის ადამიანები, რომლებსაც დღეს წამყვანი პოზიციები უკავიათ პოლიტიკაში აღარ იქნებიან. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიიღონ უკეთესი გადაწყვეტილება იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ძალთა ბალანსი ხელისუფლებაში," აღნიშნა მელიამ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

ეს პროცესი რაც შეიძლება წარმომადგენლობითი და გათვლილი უნდა იყოს. როგორც მმართველ ძალას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს ევალებათ ასეთ საკითხებზე ერთმანეთთან მუშაობა სცადონ.
კურტ ვოლკერი

ყოფილ მაღალჩინოსანს მიაჩნია, რომ მმართველ პარტიას მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა ჯერ არ აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყანაში ძალთა ბალანსი სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის. ამის გამო, მას მიაჩნია, რომ დღეს “გადაწყვეტილებების პერსონიფიცირება ხდება.”

არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, მელიას აზრით, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა. საქართველოს მთავრობის მხრიდან ვენეციის კომისიასთან კონსულტაციებს ის დადებითად აფასებს, თუმცა მიაჩნია, რომ პროცესის არსებული მეთოდებით წარმართვა საზოგადოების პოლარიზებას იწვევს.

“როგორც ამერიკაში ისე საქართველოში, პოლიტიკოსებმა უნდა გააცნობიერონ, რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგეები მტრები არ არიან. ისინი ალტერნატიულ აზრს წარმოადგენენ და ამის გამო არჩევნებში ერთმანეთთან შეჯიბრი ან ქვეყნის მართვა სიკვდილ-სიცოცხლის თემად არ უნდა იქცეს,“ თქვა მან.

კურტ ვოლკერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში
კურტ ვოლკერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში

ვენეციის კომისიასთან თანამშრომლბაზე საუბრობს მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და წარსულში ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერიც. ატლანტიკურ საბჭოში გამართული ღონისძიების შემდეგ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ვოლკერმა აღნიშნა, რომ “კომისიასთან კონსულტაციები კარგი იდეაა იმისთვის, რომ ცვლილებები ისე განხორციელდეს, რომ შეიქმნას ქვეყნისთვის ძლიერი ფუნდამენტური დოკუმენტი.”

ყოფილ ელჩს მიაჩნია, რომ გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუცია ქვეყნის უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტია, მასში ცვლილებების შეტანის პროცესში მმართველ ძალასთან ერთად ოპოზიციური პარტიებიც უნდა იყვნენ ჩართული.

“ბოლოს, როცა საქართველოს კონსტიტუცია შეიცვალა და ძალაუფლება პრეზიდენტიდან პრემიერ მინისტრს გადაეცა, პროცესი ბოლომდე ინკლუზიური და გააზრებული არ იყო. დღესაც მსგავს მოვლენებს ვხედავთ. […] ეს პროცესი რაც შეიძლება წარმომადგენლობითი და გათვლილი უნდა იყოს. როგორც მმართველ ძალას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს ევალებათ ასეთ საკითხებზე ერთმანეთთან მუშაობა სცადონ,” აღნიშნა მან.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა პროცესში ოპონენტების მოსაზრებაც დაფიქსირდეს, ოპოზიცია კომპრომისული პროექტის შესამუშავებლად მათთან არ თანამშრომლობს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი დიალოგის გამართვის და კონსენსუსის მიღწევის მიზნით, მხარეებს შეხვედრისკენ მოუწოდებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG