ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

115 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დღეს საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ კონსტიტუციის პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. მიღებული ვარიანტი კი სრული სიურპრიზი აღმოჩნდა ყველა იმ ადამიანისთვის, უმრავლესობის წევრების გარდა, ვინც კონსტიტუციის ტექსტზე მუშაობდა.

საკონსტიტუციო კომისია თავად მმართველი გუნდის მიერ გასული წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა. რამდენიმე თვიანი მუშაობის პროცესში მონაწილეობდა 73 ადამიანი, მათ შორის არასაპარლამენტო პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და კონსტიტუციის სპეციალისტები. პარალელურად, იმართებოდა კონსულტაციები და შეხვედრები ვენეციის კომისიასთან, თუმცა უკვე აპრილში, როდესაც საკონსტიტუციო კომისია მუშაობას ასრულებდა, აღმოჩნდა, რომ ტექსტის საბოლოო ვარიანტზე ხელმომწერი მხოლოდ მმართველი გუნდი იყო. მაისში, როდესაც საკონსტიტუციო განხილვები მთელი საქართველოს მასშტაბით სახალხოდ იმართებოდა, ქართული ოცნება აპელირებდა ზოგიერთი ცალსახად პროგრესული გადაწყვეტილებით, მაგალითად, როგორიცაა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება და მთალიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. დავის საგანს ამ შემთხვევაში წარმოადგენდა ეგრეთ წოდებული ბონუსების მექანიზმი. მმართველი გუნდი ამბობდა, რომ გადაუნაწილებელი მანდატები მხოლოდ პირველ ადგილზე გასული პარტიის აქტივში უნდა გადასულიყო. მოგვიანებით, „ქართული ოცნება“ გარკვეულ კომპრომისზე წავიდა, როდესაც გადაუნაწილებელი მანდატების გადაცემის ზედა ზღვარის დაწესების შესახებ განაცხადა, დღეს კი საზოგადოებას მათ მორიგი სიურპრიზი შესთავაზეს, როდესაც ამდენი ხნის ნასაუბრალი უბრალოდ დაივიწყეს და კვლავ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის დატოვებას მხარი დაუჭირეს. საპარლამენტო უმრავლესობა ამაყია ამგვარ ისტორიულ პროცესში მონაწილეობის გამო. ეკა ბესელია, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი ამბობს: „გადაუჭარბებლად ვფიქრობ, რომ ესაა ისტორიული მომენტი, როდესაც ქვეყნის ძირითად კანონში შესატან, პრაქტიკულად, სრულიად ახალი რედაქციის ცვლილებებს ჩვენმა უმრავლესობამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. 115–ვე დეპუტატი დღეს იზიარებს იმ პრინციპებს რომლითაც ქვეყანას ექნება ახალი სტანდარტი. ესაა კონსტიტუცია, რომლითაც გვექნება ძლიერი საპარლამენტო მოდელი“.

არასამთავრობო სექტორი პარლამენტის გადაწყვეტილებას ემიჯნება და მომავალში საკომიტეტო განხილვებში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებს. ამერიკის ხმა საიას ხელმძღვანელს ანა ნაცვლიშვილს ესაუბრა:

„აბსოლუტურად გასაგებია, რომ ერთნაირი მოსაზრებები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს და ცალკეულ პირებს ვერ ექნება, მაგრამ კონსტიტუცია მაქსიმალურად უნდა იყოს ეროვნული თანხმობის დოკუმენტი. სამწუხაროდ, თანხმობის ნაცვლად, კონსტიტუციის ამ ფორმით და შინაარსით მიღებითა კიდევ უფრო მეტად მოხდა საზოგადოების პოლარიზება, პოლიტიკური სპექტრის პოლარიზება. შეგვეძლო გვეთქვა, რომ რა მოხდა, ხომ ამოქმედდება მაჟორიტარების გარეშე საარჩევნო სისტემა 2024 წლიდან. მაგრამაქ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რა არის პრობლემა: პირველი, ეს გახლავთ ის, რომ ხაზი გადაესვა თავად პროცესს, ჩართულობის პროცესს, რომლის საფუძველზეც უნდა ყოფილიყო მიღებული კონსტიტუცია. ახლა ის იქცა ერთი პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებად, რითაც ეს ერთი პარტია ემიჯნება საზოგადოებას. მეორე მიზეზი, რის გამოც ასეთი გადაწყვეტილება ცუდია, გახლავთ ის, რომ პოლიტიკური ცხოვრების განვითარებისთვის, კიდევ ერთხელ არჩევნების ამ უსამართლო სისტემით ჩატარება იქნება ძალიან ცუდი შედეგის მომტანი.“

რაც შეეხება 20–მდე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას საპარლამენტო კომიტეტებში მუშაობისგან გამიჯვნის თაობაზე, ანა ნაცვლიშვილი იმით ხსნის, რომ ამ დრომდე დაფიქსირებულ თანამშრომლობას შედეგი არ მოუტანია: „ახლა გაცხადებულმა გადაწყვეტილებამ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გადავადების შესახებ გვაჩვენა ის, რომ რესურსი ჩვენი ჩართულობის შედეგად რაიმის შეცვლის არის ნულის ტოლი.“

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი ამერიკის ხმასთან აცხადებს: „ძალიან ცუდი რამ მოხდა. ყველა მხარე თანხმდება, რომ არსებული შერეული სისტემა არის მანკიერი, რომ ქართული კონტექსტის გათვალისწინებით, არ იძლევა საშუალებას, რეალურად, პარლამენტი იყოს საკმარისი ლეგიტიმაციის, გამოხატავდეს ამომრჩევლების მოსაზრებებს და გემოვნებას და შესაბამისად შესაცვლელია. ამაზე ხელისუფლების მხრიდანაც გახლდათ ზუსტად იგივე შეფასებები, მმართველი პარტიის ლიდერები ამას ამბობდნენ და რატომღაც აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვთანხმდებით, რომ ცუდია ეს სისტემა, მაინც ვტოვებთ 2024 წლის არჩევნებისთვის, რაც სრულიად გაუგებარია, აუხსნელია და არ ექვემდებარება საღ აზრს. ესაა მთავარი პრობლემა.“

არასამთავრობო სექტორი წამოწყებული ერთგვარი ბოიკოტირების კამპანიას აფასებს, როგორც უკეთესი კონსიტუტციის მიღების შანსს: „ეს გადაწყვეტილება კანონად ჯერ არ ქცეულა, კიდევ ორი მოსმენა სჭირდება, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენს, პოლიტიკური პარტიების აქტიურობასა და საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციის ხარისხზეა ბევრი რამ დამოკიდებული. გასულ კვირებში ჩვენ დავინახეთ, რა რეაქცია ჰქონდა და რამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში ნარკოტიკების ჩადების საქმეზე, ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ თუ ბევრ ადამიანს გავაგებინებთ ამ პრობლემას და ისინი გაიზიარებენ და გაიაზრებენ მას, როგორც პრობლემას, შანსი ჩნდება, რომ ხელისუფლებამაც გადახედოს თავის გადაწყვეტილებას“.

არასამთავრობო სექტორს იმედი არ ტოვებს, რომ პროტესტის ამგვარ ფორმას, შესაძლოა შანსი ჰქონდეს და საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღება მიიპყროს, ისევე, როგორც ეს ცოტა ხნის წინ, თბილისში ნარკოტიკული ნივთიერებების გამო დაკავებული რეპერების საქმის შემთხვევაში მოხდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG