ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვირის თავზე "კოლონიურმა მილსადენმა" საწვავის მიწოდების აღდგენა დაიწყო


შეერთებულ შტატებში კრიტიკულად მნიშვნელოვან "კოლონიურ მილსადენზე" მომხდარი მასშტაბური კიბერთავდასხმიდან ერთი კვირა გავიდა. დღეს ცნობილი ხდება, რომ მილსადენმა საწვავისგან დაცლილი ბაზრების მომარაგება გაზარდა, რაც დეფიციტს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

მთელი კვირის განმავლობაში რუსეთიდან მომხდარი კიბერთავდასხმის გამო, მილსადენის დიდი ნაწილი გათიშული იყო, რის გამოც ამერიკის აღმოსავლეთით ბენზინის მიწოდება შეჩერებული იყო, ხოლო უკვე არსებულ მარაგებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მძღოლები ბენზინის მოსამარაგებლად რიგებში იდნგნენ.

ხუთშაბათს, "კოლონიური მილსადენის" სისტემის სრული გადატვირთვა მოხდა, მომდევნო კვირიდან მილსადენი უფრო გაზრდის საწვავის მიწოდებას. თუ როდის აღადგენს ის სრული დატვირთვით მუშაობას, ამ დრომდე უცნობია.

ვაშინგტონი მოსახლეობას არწმუნებს, რომ საწვავის დეფიციტის პრობლემა უახლოეს დღეებში აღმოიფხვრება. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ მარაგების ნაწილი ორშაბათისთვის უკვე შევსებული იქნება. ეს განცხადება პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც საწვავზე გაზრდილი მოთხოვნის გამო რამდენიმე შტატში ათობით ბენზინგასამართი სადგური დაიკეტა, საწვავის უქონლობის გამო.

ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროში განმარტავენ, რომ კიბერთავდასხმის უკან, კრიმინალური დაჯგუფება "დარკსაიდი" დგას. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჯგუფს კავშირი აქვს რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან. თუმცა, კიბერ-ექსპერტების აზრით, "დარკსაიდი" რუსეთში ან აღმოსავლეთ ევროპაშია დაფუძნებული. ჯერჯერობით უცნობია, გადაუხადა თუ არა კომპანიამ ჰაკერებს მოთხოვნილი გადასახადი, ან რა რაოდენობის თანხაა გადახდილი.

კიბერთავდასხმიდან მალევე ორგანიზებულმა ჯგუფმა "დარკსაიდმა" განცხადებაც გაავრცელა, სადაც წერია: "ჩვენი მიზანია ფულის შოვნა, ისე რომ პრობლემები არ შევუქმნათ საზოგადოებას". ამ დრომდე უცნობია, ზარალის ოდენობა ამერიკაში, რომელიც კიბერთავდასხმის შემდეგ მილსადენის გაჩერებამ გამოიწვია.

მილსადენის ეს სისტემა, მთავარი არტერიაა, რომელიც ყოველდღიურად სანაპიროდან შუა-ატლანტიკურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებს 2.5 მილიონ ბარელ ბენზინს, დიზელსა და თვითმფრინავების საწვავს აწვდის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG